ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი სამყაროს გასაოცარი სურათებით ისევ გვანებივრებს. ამჯერად მან პროტოვარსკვლავი დააფიქსირა, რომელსაც HH30 ეწოდება.

ეს ახალდაბადებული მნათობი პირველად ჰაბლის ტელესკოპის მეშვეობით აღმოაჩინეს. ამის მიუხედავად ე.წ. ჰერბიგ-აროს ობიექტები, რომელთაც განსაკუთრებული სიკაშკაშე ახასიათებს, ვების მიერ შესასწავლად იდეალურია. მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ობიექტივში ასეთი ბნელი მოლეკულური ღრუბლების დეტალები კარგად ჩანს. მაგალითად, ცენტრალური ბნელი ხაზის სახით ვხედავთ პროტოპლანეტურ დისკოს, ასევე გარშემო არსებულ მტვერ-აირის კონუსურ რეგიონსა და მატერიის ვიწრო ნაკადს, რომელიც სივრცეში იფრქვევა.

ფოტო: ESA/Webb, NASA & CSA, Tazaki et al.

ამ ყველაფრის მაღალი გარჩევადობით გადაღება ვებს ინფრაწითელი სპექტრისადმი მაღალი მგრძნობელობის წყალობით შეუძლია. სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს მისი მეშვეობით პროტოვარსკვლავ HH30-ის შესწავლა, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 450 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ის LDN1551-ად წოდებულ ბნელ ღრუბელშია მოქცეული, სადაც ახალგაზრდა მნათობი აირისა და მტვრის მკვრივ რეგიონში წარმოიქმნა.

სწორედ ასეთი ვარსკვლავები გარშემო ფორმირებულ კაშკაშა ნისლეულებს ეწოდება ჰერბიგ-აროს ობიექტები. ისინი მაშინ წარმოიქმნება, როცა ახალდაბადებული მნათობებიდან გატყორცნილი იონიზებული აირის სწრაფი ნაკადები ვარსკვლავთაშორის არსებულ მატერიას ეჯახება.

ნაკადები სივრცეში გადაადგილებისას წამში ათასობით კილომეტრს ფარავს და შოკურ ტალღებს აჩენს, რომლებიც შემხვედრი აირის გაცხელებას იწვევს. შედეგად ვიღებთ ნათებას, რომელიც ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ჩანს. თავად ჰერბიგ-აროს ობიექტები ათასობით წლის განმავლობაში განიცდის ევოლუციას და ცვალებად გარემოსთან ურთიერთქმედებს.

HH30-ის დისკოს სხვადასხვა სპექტრში შესასწავლად მეცნიერებმა ჰაბლის, ვებისა და ინტერფერომეტრ ALMA-ს მონაცემები გააერთიანეს. სწორედ ასე მიიღეს შთამბეჭდავი სურათი, რომლის დეტალებსაც ვების ტელესკოპს უნდა ვუმადლოდეთ. მან 1 მილიმეტრზე მცირე ზომის მტვრის ნაწილაკების მდებარეობა დააფიქსირა, ALMA-თი კი დადგინდა, რომ შედარებით დიდი ნაწილაკები დისკოს უფრო ვიწრო სიბრტყეშია თავმოყრილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მსგავს სისტემებში პლანეტები ამგვარი მატერიისგან ყალიბდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.