აღმოაჩინეს სოკო, რომელიც ობობებს "ზომბებად" აქცევს

ფოტო: Systematics and Evolution
მეცნიერებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარე მიტოვებულ დენთის საწყობში, ჭერზე, სოკოს ახალ სახეობას მიაგნეს. იგი Metellina merianae-ს სახელით ცნობილი ობობას სხეულიდან იყო ამოზრდილი, რომელიც იმდენად დეფორმირებული აღმოჩნდა, რომ სახასიათო ნიშნები აღარ ემჩნეოდა. მისი და გამოქვაბულებიდან მოპოვებული დამატებითი ნიმუშების შესწავლით დადგინდა, რომ ეს აქამდე უცნობი მიკროორგანიზმი იყო, რომელსაც Gibellula attenboroughii უწოდეს.
ყველა შემთხვევაში მას ობობას სხეულის კარკასი ჰქონდა გამოყენებული, Metellina merianae-სი ან Meta menardi-ს სახეობის. ორივე მათგანი პოტენციურ მსხვერპლს აბლაბუდასთან ახლოს უცდის და დიდ მანძილს არ გადის. საწყობის მოშიშვლებულ ჭერზე მათი აღმოჩენა მიანიშნებს, რომ ისინი იქ სწორედ პარაზიტი სოკოს გავლენით მოხვდნენ. ასეთი ფენომენი ჭიანჭველებშიცაა დაფიქსირებული, რომელთა სხეულზეც Ophiocordyceps unilateralis-ის სახეობის სოკო ბატონობს და "ზომბად" აქცევს.
მეცნიერთა თქმით, ობობების მათთვის უჩვეულო პოზიციაში მიგნება მიუთითებს "ქცევის ცვლილებაზე, რომელიც, სავარაუდოდ, სოკოს მიერაა მანიპულირებული". სპეციალისტები ამბობენ რომ ობობებში პათოგენური სპორები ჰაერის ნაკადებიდან მოხვდა, რომლებიც იქ ცირკულირებდა.
მართალია, ყველა "ზომბ" ობობაში სოკოს ერთი და იგივე სახეობა გამოვლინდა, მაგრამ გარეგნულად ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია. ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი გარემო პირობების სხვაობაა. მაგალითად, მიწისქვეშ არსებულ საწყობში, სადაც აირი თავისუფლად ვერ მოძრაობს, სპორები სვეტოვანი სტრუქტურითაა წარმოდგენილი, სინათლის ნაკლებობის გამო კი პიგმენტია დაკარგული. ამის საპირისპიროდ, გამოქვაბულში ჰაერის ნაკადებიც უხვადაა და მზის სხივებიც, შესაბამისად სოკოს სპორები უფრო დანაწევრებულია.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგივე სოკო "ესხმის თავს" M. merianae-ს უელსშიც, სადაც ისინი კლდის ნაპრალებსა და ხელოვნურად შექმნილ ღრუებში ცხოვრობენ. ტბისპირა ადგილას ობობები შესაძლოა, სოკოს ზემოქმედებით უსაფრთხო ნაპრალებიდან ტორფის ხავსზე გადადიოდნენ.
არქივებში კვლევამ გამოავლინა ილუსტრაციებიც, რომლებიც სწორედ Gibellula-ს მსგავს სოკოებს ასახავს და შეიძლება ის არის კიდეც. არ გამორიცხავენ, რომ მეტი ასეთი სოკო იყოს, რომლებიც ჯერ იდენტიფიცირებული არაა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Fungal Systematics and Evolution გამოქვეყნდა.
კომენტარები