2024 წლის მთავარი სამეცნიერო მიღწევები — ის, რაც არ უნდა გამოგვრჩეს
კიდევ ერთი წრე მზის გარშემო და 2024 წელიც იწურება. 2024 გამორჩეული იყო კოსმოსური მისიებით, მიღწევებით მედიცინაში, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითა და ტექნოლოგების მხრივ.
როგორც უკვე მიხვდებოდით, ამ სტატიაში მოგიყვებით და შევაჯამებთ იმ მთავარ სამეცნიერო მიღწევებსა თუ აღმოჩენებს, რომლებიც 2024 წელს მოხდა.
კოსმოსი
კარლ სეიგანის სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, "კოსმოსი ყველაფერია, რაც არის, იყო და იქნება". შესაბამისად, დავიწყოთ კოსმოსით.
წყალი მარსზე:
2024 წლის აგვისტოს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გაკეთდა. NASA-ს InSight-ის მონაცემების თანახმად, წითელი პლანეტის ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის ოკეანეებია.
ოთხი წლის განმავლობაში მარსზე გაზომილი სეისმური აქტივობის ანალიზის საშუალებით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ზედაპირის ქვეშ ნამდვილად დიდი რაოდენობით წყალია. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ წითელ პლანეტაზე ოდესღაც წყალი ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
ეს შეიძლება დაგვეხმაროს იმის გაგებაში, თუ როგორი იყო ოდესღაც მარსი და მეტიც, როგორი იქნება ის მომავალში. ვინ იცის, შესაძლოა, მარსის სიღრმეებში სიცოცხლეც აღმოვაჩინოთ.
ასტეროიდების ნიმუშები:
2023 წელს იუტის შტატის უდაბნოში კაფსულა დაეშვა, რომელშიც ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშები იყო მოთავსებული. თუ ეს 2023 წლის გამორჩეული მოვლენა იყო, 2024-ში ნიმუშის კომპლექსური შესწავლა მოხდა.
2024 წელს ჩატარებულმა კვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნიმუშები სიცოცხლის საშენი მასალებისგან შედგება. მეტიც, იანვარში შევიტყვეთ, რომ ასტეროიდ რიუგუს ნიმუშებშიც ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს.
სულ უფრო მეტი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ასეთი ორგანული ნივთიერება შეიძლება იყოს სიცოცხლის გადამტანი თესლი, რომელიც ოდესღაც კოსმოსიდან (ასტეროიდების სახით) დედამიწაზე ხვდებოდა.
კიდევ ერთი ნაბიჯი მარსისკენ:
2024 წელს მარსისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით.
ოქტომბერში პირველად მოხდა, როცა Super Heavy-დ წოდებული ამაჩქარებელი ხმელეთზე დაბრუნებისას სპეციალურ პლატფორმაში ავტომატურად ჩაჯდა, რაც გასაოცარი სანახაობა იყო. ეს მიღწევა იმითაა გამორჩეული რომ Starship-ის პირველი საფეხური მრავალჯერადი გამოყენებისაა, მისი მეშვეობით კი ადამიანთა მთვარესა და მარსზე გაშვება იგეგმება. ამაში დამჭერი სისტემა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ეს Starship-ის მეხუთე სატესტო მისია იყო, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. Super Heavy გაშვებიდან რამდენიმე წუთში ხმელეთზე დაბრუნდა და გასაოცარი მანევრი შეასრულა.
ცნობისთვის, Starship-ის დახმარებით Artemis 3-ის ეკიპაჟი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვება, რითაც იქ კაცობრიობის დიდი დაბრუნება შედგება, ხოლო მარსზე მასკს კოლონიის დაარსება სურს. ამისთვის იქ ტვირთის, მათ შორის ბაზების ასაშენებლად საჭირო მასალებისა და, რაც მთავარია, ადამიანების ტრანსპორტირებას სწორედ Starship ითავებს.
სამოქალაქო ეკიპაჟი ღია კოსმოსში:
2024 წლის შემოდგომა სხვა მხრივაც იყო საინტერესო. 12 სექტემბერს კოსმოსური ტურიზმის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მისია შედგა, რადგან სამოქალაქო ეკიპაჟის წევრები ღია კოსმოსში პირველად გავიდნენ. ეს SpaceX-ის მისია Polaris Dawn-ის ფარგლებში მოხდა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 10 სექტემბერს გაუშვეს.
Dragon Resilience-ის ლუქიდან ღია კოსმოსში პირველად მილიარდერი და ცნობილი მეწარმე, ჯარედ აიზეკმენი, გავიდა, თუმცა არა მთელი ტანით. მის თვალწინ დედამიწის შთამბეჭდავი ხედი გადაიშალა, რომლით დატკბობის საშუალებაც რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდა.
მის შემდეგ კოსმოსში SpaceX-ის ინჟინერი, სარა გილისი, გავიდა. დედამიწის ხედით დატკბობის პარალელურად, მათ ახალი სკაფანდრების მოქნილობა გამოცადეს, რისთვისაც სხვადასხვა მოძრაობა შეასრულეს. ეს პროცესი მთლიანობაში დაახლოებით 46 წუთი გაგრძელდა.
მედიცინა
კოსმოსიდან დედამიწაზე დავეშვათ და განვიხილოთ ის უმნიშვნელოვანესი სიახლეები, რომლებიც 2024-ში მედიცინის დარგში გვქონდა.
ტიტანის გული:
ისტორიაში პირველად, ადამიანს ტიტანისგან დამზადებული ხელოვნური გული გადაუნერგეს.
ყოველწლიურად გულის დონორის ლოდინში ბევრი ადამიანი კვდება. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ მეცნიერები. და, აი, 58 წლის კაცი შეერთებულ შტატებში მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელსაც მწყობრიდან გამოსული გული დროებითი, ტიტანის სისხლის ტუმბოთი შეუცვალეს.
ტიტანისგან დამზადებული ეს მოწყობილობა ხელოვნური გულია და რეალური გულის მსგავსად არ სცემს. თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ სატუმბი დიაფრაგმების (პარკუჭი) გარეშეც კი, მოწყობილობა საკმარისად მძლავრია, რათა ადამიანმა მისი გამოყენებით ვარჯიშიც შეძლოს.
გულმა 8 დღის განმავლობაში მშვენივრად იფუნქციონირა, იქამდე, სანამ რეალური გულის დონორი გამოჩნდა. შესაბამისად, ასეთი ხელოვნური გული იდეალური გამოსავალია, რათა პაციენტებმა ძვირფასი დრო მოიგონ.
გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი:
ორგანოების გადანერგვის მხრივ მნიშვნელოვანი იყო ოპერაცია, რომელიც აშშ-ში გაზაფხულში ჩატარდა. ქირურგებმა ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის გენმოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს. ეს ცოცხალი პაციენტის სხეულში ცხოველის ამ ორგანოს ტრანსპლანტაციის მეორე შემთხვევაა, ქალისაში კი — პირველი.
პირველ ეტაპზე მის ორგანიზმში მარცხენა პარკუჭოვანი დამხმარე მოწყობილობა ჩანერგეს, რომელიც გულში სისხლის ნორმალურ მიმოქცევას უწყობს ხელს. რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ღორის გენმოდიფიცირებული თირკმლის ტრანსპლანტაცია განხორციელდა. ამგვარი კომბინირებული პროცედურა აქამდე არ ჩატარებულა.
მეცნიერების თქმით, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა იმისათვის, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ხორხის გადანერგვა:
2024 წლის ზაფხულში, ისტორიაში პირველად, ონკოლოგიურ პაციენტს მთლიანი ხორხიც გადაუნერგეს. ეს ოპერაცია იმედის მომცემია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სიმსივნემ ხმა დააკარგვინა.
ტვინის გაცოცხლება:
უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტი ჩატარდა ოქტომბერში. მკვლევრებმა ღორის ტვინი სიკვდილიდან ერთი საათის შემდეგ "გააცოცხლეს". ეს უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რათა პაციენტს უეცარი გულის გაჩერების შემდეგ ტვინის ფუნქციონირება აღუდგინონ. ამით ექიმებს პაციენტის გულის გაჩერების შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი დრო მიეცემათ.
ექიმებმა ამისთვის დაუზიანებელი ღვიძლი გამოიყენეს. კვლევა დაეხმარება მეცნიერებს მეტი გაიგონ იმაზე, თუ როგორ აღადგინონ დაზიანებული ტვინი. როგორც ჩანს, გულის გაჩერების შემდეგ ტვინის აღდგენაში დიდი როლი სწორედ ღვიძლს აქვს.
დიაბეტთან ბრძოლა:
დიაბეტი დაავადებაა, რომლის სრულად დამარცხებაც ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, მეცნიერები არ ნებდებიან და, აი, ოქტომბერში შევიტყვეთ, რომ ისტორიაში პირველად, ღეროვანმა უჯრედებმა დიაბეტი შექცევადი გახადა.
პირველი ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტების უმრავლესობა ამ დაავადებას ინსულინის მეშვეობით სისხლში შაქრის დონის კონტროლით, ჯანსაღი კვებითა და ფიზიკური აქტიურობით ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად, მათ უდიდეს ნაწილში მდგომარეობა შექცევადი არაა.
ჩინეთში 26 წლის ქალს მუცლის არეში ინსულინის წარმომქმნელი დაახლოებით 1.5 მილიონი უჯრედი გადაუნერგეს, რომლებიც მისივე ღეროვანი უჯრედებიდან მიიღეს. ორთვე-ნახევარში პაციენტი ინსულინის ინიექციებზე უკვე აღარ იყო დამოკიდებული, რამაც მისი დიაბეტი შექცევადი გახადა.
4 თვეზე მეტ ხანში მისი ორგანიზმი საკმარის ინსულინს გამოიმუშავებდა, რათა დღის 98%-ის განმავლობაში გლუკოზის დონე უსაფრთხო ნიშნულზე შეენარჩუნებინა.
ოპერაცია დისტანციურად:
ჰონგ-კონგში ღორს ენდოსკოპია ჩაუტარდა, მაგრამ ეს შემთხვევა იმითაა გამორჩეული, რომ პროცედურა დისტანციურად განხორციელდა. სამედიცინო ინსტრუმენტს PlayStation-ის ჯოისტიკით ციურიხში მდებარე ლაბორატორიიდან აკონტროლებდნენ, რომელსაც საოპერაციო სივრციდან 9 300 კილომეტრი აშორებდა.
უკანასკნელი მიღწევა ტელემედიცინის, ანუ დისტანციური სამედიცინო სერვისების, სფეროში წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ცხოველს ანესთეზია საოპერაციოში მყოფმა ექიმებმა გაუკეთეს და მის სხეულში ენდოსკოპი შეიყვანეს. აქედან საქმეში უკვე ციურიხის ლაბორატორია ჩაერთო, საიდანაც აკონტროლებდნენ ინსტრუმენტს, რომელიც მაგნიტური ველის მეშვეობით მოძრაობს. მისი მაგნიტური თავაკი ნებისმიერი მიმართულებით იღუნება და მარტივად მანევრირებადია. ის ჩვეულებრივზე მცირე ზომისაა და იმდენად მოქნილია, რომ 180°-თაც კი შემოატრიალეს. ასევე, ღორის მუცლის გარსიდან ქსოვილის ნიმუშების აღებაც მოახერხეს.
სიცოცხლის გახანგრძლივება:
უკვე წლებია რაც ბევრი მეცნიერი დაბერებას როგორც დაავადებას ისე აღიქვამს. შესაბამისად, მკვლევრები ცდილობენ შეიმუშაონ ისეთი პრეპარატები, რომლებიც სიცოცხლეს გაგვიხანგრძლივებს.
ივლისში შევიტყვეთ, რომ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა თაგვებზე გამოცადეს პრეპარატი, რომელიც მათი ორგანიზმიდან ინტერლეიკინ-11 (IL-11)-ად წოდებულ ცილებს გამოდევნის. მართალია, განვითარების ადრეულ წლებში ისინი ძვლების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს, მაგრამ მოგვიანებით იწვევს ანთებებით პროცესებს, რომლებიც დაბერების პროცესს უწყობს ხელს.
ამ ცილების თავიდან მოცილების გზით ზემოხსენებულმა მედიკამენტმა თაგვებს ახალგაზრდობა შეუნარჩუნა და სიცოცხლეც გაუხანგრძლივა. მისი მეშვეობით ცხოველთა სხეულში ცხიმის რაოდენობა შემცირდა, მათი ბეწვი გაჯანსაღდა და იმავე ასაკის სხვა მღრღნელებთან შედარებით სიმსივნის რისკიც შემცირდა.
ამან მამრი თაგვების სიცოცხლე 22.4%-ით გაახანგრძლივა, ხოლო მდედრებისა — 25%-ით.
ამჟამად მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, რამდენად ექნება იგივე ეფექტი IL-11-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების ბაზაზე შექმნილ ამ მედიკამენტს ადამიანებზე.
ტვინის იმპლანტები
ტვინის იმპლანტებისთვის და განსაკუთრებით neuralink-ისთვის 2024 წელი წარმატებული გამოდგა.
2024 წლის დასაწყისში შევიტყვეთ, რომ ილონ მასკის კომპანიამ (Neuralink) ადამიანის ტვინში პირველი ჩიპი ჩადგა. სულ მალე გახდა ცნობილი, რომ კომპანიის პირველი პაციენტი ნოლანდ არბო იყო, რომელსაც გონებით კომპიუტერის კურსორის კონტროლი შეეძლო.
უკვე გაზაფხულზე ვიხილეთ კადრები თუ როგორ თამაშობს არბო "ტელეპათიურად" ჭადრაკს და სხვადასხვა ვიდეო თამაშებს. ზაფხულში კომპანიას მეორე პაციენტიც შეემატა და ახლა მას Counter-Strike-ის თამაშიც შეუძლია.
"ძალიან ცოტა ხანი გავიდა, რაც იმპლანტი ჩამიდგეს და შედეგებით უკვე აღფრთოვანებული ვარ. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც რთულ ვიდეოთამაშს ასე მარტივად თამაშობ. ამისთვის მე მხოლოდ ფიქრი მჭირდება", — თქვა Neuralink-ის მეორე პაციენტმა.
ამეტყველება იმპლანტის გამოყენებით:
Neuralink ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ტვინის იმპლანტების დანერგვაზე მუშაობს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ტვინის ჩიპი შექმნეს, რომელიც ტვინიდან წამოსული სიგნალების ინტერპრეტაციას აკეთებს, შემდეგ კი კომპიუტერს რეალურ დროში "აკითხვინებს".
კაცს, რომელსაც ლაპარაკის უნარი ჰქონდა წართმეული, საკუთარი აზრების გადმოცემა უკვე ხმამაღლა შეუძლია, თავისივე ხმით. ეს ახალი BCI-ს, ანუ ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი ინტერფეისის, დამსახურებაა.
ახალი ჩიპი 45 წლის კეისი ჰარელს ჩაუდგეს. მას ამიოტროფული ლატერალური (გვერდითი) სკლეროზი (ALS) აქვს, ამის ერთ-ერთი მახასიათებელი კი კუნთებზე კონტროლის დაკარგვაა; შედეგად კეისის სიტყვების მკაფიოდ გამოთქმაც უჭირდა. მისი მეტყველება ძალიან რთულად გასაგები იყო, თუმცა ახალი BCI-ს წყალობით იგი გარკვევით საუბრობს კომპიუტერული ხმით.
ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტი განვითარებას აგრძელებს და მასთან ერთად Chat GPT-იც. გაზაფხულზე OpenAI-მ თავისი ახალი მოდელი GPT-4o წარადგინა. განახლებულ ChatGPT-ს რეალურ დროში შეუძლია სწრაფად გააანალიზოს ტექსტი, ვიდეო და აუდიო მასალა.
ხმის მოდელი აპლიკაციის სახითაც იქნება. ჩატბოტს ქალის ხმა აქვს, რამაც ბევრს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი Her გაახსენა.
მოდელი მულტიმოდალურია. ეს ნიშნავს, რომ მოდელს შეუძლია კონტენტის გენერირება და ბრძანებების მიღება, როგორც ტექსტობრივის, ისე ხმოვანისა და ვიზუალურის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ GPT-4o არა მხოლოდ აჩქარებს ChatGPT-ს, არამედ აფართოებს მასთან ურთიერთობის საშუალებებს.
სხვათაშორის, ბოლო კვლევის თანახმად, ისიც გავიგეთ, რომ ChatGPT-ის ტიურინგის ტესტის ჩაბარება შეუძლია.
რას ნიშნავს ეს? — ეს ტესტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დღეს ხელოვნურ ინტელექტს ადამიანთან ისე შეუძლია საუბარი, თითქოს თავად ისიც ადამიანი იყოს. ეს ნიშნავს, რომ მართალია ხელოვნურ ინტელექტს ცნობიერი არ გააჩნია, მაგრამ ლინგვისტიკის მხრივ, ის ადამიანებს დიდად აღარ ჩამორჩება.
Sora:
Open AI-სა და ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ Sora, ახალი მოდელი, რომელიც ვიდეოს ტექსტური აღწერის მიხედვით ქმნის.
ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანია OpenAI-მ თებერვალში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი ვიდეოგენერატორი წარადგინა. ის Sora-ს სახელითაა ცნობილი და კადრების დასაგენერირებლად მხოლოდ მცირე ტექსტური აღწერა სჭირდება.
ახალ ვიდეოგენერატორს ის გამოარჩევს, რომ მოკლე აღწერების გარდა საკმაოდ დიდ ტექსტებსაც მარტივად აანალიზებს. მაგალითად, მას შეუძლია, 135-სიტყვიანი აღწერა გამოიყენოს. ის, ასევე, საკმაოდ მრავალფეროვან ვიზუალურ მასალას აგენერირებს, იქნება ეს ცხოველები, ადამიანები, ბუნება, ურბანული გარემო თუ სხვა. ერთი მხრივ, ეს კომპანიის სხვა მოდელის, Dall-E 3-ის, ტექნოლოგიის დამსახურებაა.
როდესაც ხელოვნურ ინტელექტზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ქიმიასა და ფიზიკაში ნობელის პრემიები ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიღწეულ წარმატებებთან იყო დაკავშირებული. ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად დიდი როლი უკავია ხელოვნურ ინტელექტს თანამედროვე სამყაროში.
ასევე: ვინ და რისთვის მიიღო 2024 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში
ნობელის პრემია ფიზიკაში — როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი მეცნიერებას
We, Robot
10 ოქტომბერს Tesla-მ ღონისძიება "We, Robot" გამართა. ილონ მასკმა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დამსწრეებს ახალი ტრანსპორტი და რობოტები წარუდგინა.
სამგზავრო ფურგონი, სახელად Robovan, ნამდვილად რევოლუციურია. ის ფუტურისტული დიზაინით გამოირჩევა — მბზინავი შესახედაობით მატარებელს წააგავს და ბორბლები არ უჩანს. მასკმა განაცხადა, რომ იგი 20-ამდე ადამიანს დაიტევს; შესაძლებელი იქნება მისი მეშვეობით ბარგის გადაზიდვაც.
მასკის თქმით, ფურგონს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციაც ექნება.
დაბოლოს, 2024 წელზე საუბარს ვერ დავასრულებდით, რომ არ გვეხსენებინა Optimus 3 — რობოტი, რომელიც მასკმა ასევე We, Robot-ის ღონისძიებაზე წარადგინა.
ამ რობოტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ოპტიმუსს რობოტიკის სრულად გარდაქმნა შეუძლია და თავად მასკი მასზე ყველაზე დიდ იმედებს ამყარებს. მასკს მიაჩნია, რომ სულ მალე ასეთი რობოტები თითქმის ყველას ოჯახში იქნება და მათ გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელი გახდება.
ის თუ როგორ განვითარდება ზემოთ ხსენებული მოვლენები, ამას უკვე ახალ ბრუნზე, 2025 წელს გავიგებთ.
კომენტარები