"ეს ადამიანი ან იტყუება, ან არ იცის რა არის ევროინტეგრაცია" — ვანო ჩხიკვაძე პაპუაშვილის გზავნილებზე
27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა.
პაპუაშვილმა არაერთი მანიპულაციური გზავნილით ევროკავშირთან ინტეგრაციის უარყოფით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ევროკავშირში გაწევრიანება დამაზიანებელი, მეტიც — დამანგრეველი იქნება ამ ეტაპზე.
"თქვენ რა გგონიათ, ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხვდეთ, ჩვენ იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს? რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც ჩინეთთან, ბევრ ქვეყანასთან, დსთ-ის წევრ ქვეყნებთან. ამ ყველაფრის გაუქმება მოგვიწევს. [...] ერთ მხარეს, რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია. უვიზო მიმოსვლის გაუქმება იცით რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს? [...] იმიტომ, რომ საქართველო იქნება შენგენის სივრცის ნაწილი და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შეხვალ შენგენის ტერიტორიაზე და ვისთანაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა, ჩვენ ვერ შემოვუშვებთ საქართველოში. [...] დღეს რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ჩათვალეთ, ღვინის სექტორი ჩამოინგრევა", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პაპუაშვილმა კავშირის წევრობას ირიბად "თავის შეზღუდვა" უწოდა, და თქვა, რომ წევრობა გარკვეულწილად სუვერენიტეტის, მათ შორის ეკონომიკური სუვერენიტეტის დათმობასაც ნიშნავს.
რა იყო მცდარი და რა მანიპულაციური პაპუაშვილი გზავნილებში? თემაზე სასაუბროდ NEWS.On.ge ევროინტეგრაციის საკითხებში ექსპერტ ვანო ჩხიკვაძეს დაუკავშირდა.
ვანო ჩხიკვაძემ შეაფასა შალვა პაპუაშვილის განცხადება "სუვერენიტეტის დათმობასთან" დაკავშირებით და ახსნა, რომ ევროკავშირის წევრობა არა სუვერენიტეტის დათმობას, არამედ მის გაზიარებას ითვალისწინებს.
"ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სუვერენიტეტის გაზიარებას — გადაწყვეტილების მიღებას სხვა წევრებთან ერთად. ეს არ ნიშნავს დაკარგვას — როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ჩვენი და სხვა ქვეყნების მინისტრები ერთად იმსჯელებენ და ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ეს განასხვავებს ევროკავშირს საბჭოთა კავშირისგან, როცა მოსკოვიდან მოდიოდა დირექტივა და ჩვენ უნდა შეგვესრულებინა, როგორც სოციალისტურ რესპუბლიკას. გადაწყვეტილების მიღების საკითხები არსებობს და ეს გადაწყვეტილებები მიიღება ერთხმად, თუ რომელიმე სახელმწიფოს არ ექნება სურვილი, რომელიმე გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს, შეუძლია, ეს გადაწყვეტილება "დაბლოკოს", ეს არ არის პროცესი, როცა საქართველო სადმე გარეთ იქნება და გადაწყვეტილებას ოთახში სხვა მიიღებს ჩვენ ნაცვლად", — განაცხადა ჩხიკვაძემ.
გარდა ამისა, ვანო ჩხიკვაძე ეკონომიკური თავისუფლების საკითხსაც შეეხო და ევროკავშირის ბაზრის უპირატესობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბაზრის ზომაზე მნიშვნელოვანი მისი მსყიდველუნარიანობაა, ხოლო ევროკავშირის ბაზარი ამ კუთხით წამყვანია.
"რაც შეეხება ეკონომიკურ თავისუფლებას, პაპუაშვილი იმ ნაწილში მართალია, როცა ამბობს, რომ გაწევრების შემთხვევაში საქართველოს მოუწევს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაუქმება, მაგალითად ჩინეთთანაც, მაგრამ ამის სანაცვლოდ, საქართველო იღებს წვდომას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, რომელიც შედგება 450 მილიონი ადამიანისგან. რაოდენობრივად, რა თქმა უნდა, ჩინეთის ბაზარი უფრო მასშტაბურია, თუმცა მსყიდველუნარიანობის თვალსაზრისით, ევროკავშირის ბაზარი ბევრად დიდია, ვიდრე ჩინეთის ბაზარი. მათ შორის, ევროკავშირის წევრობის ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ ქვეყანამ შეძლოს, იყოს კონკურენტუნარიანი ევროკავშირის ბაზარზე. ეს გარდამავალი პერიოდები, რაც ჩვენ და ნებისმიერ იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, ეძლევა სწორედ იმისათვის, რომ გაწევრიანებისას ეკონომიკამ კოლაფსი არ განიცადოს. კიდევ ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანებამდე ერთ დონეზე იყვნენ, თუმცა ამის შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ — საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოლონეთის ეკონომიკა 4-ჯერ არის გაზრდილი", — განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.
ვანო ჩხიკვაძემ ყურადღება გაამახვილა შალვა პაპუაშვილის მიერ ცალკე გამოყოფილ ღვინის სექტორზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სტანდარტები ქართული ღვინის სექტორს არათუ ჩამოანგრევს, პირიქით, მას მიმზიდველს გახდის სხვა ბაზრებისთვისაც.
"ეს ეხება, მათ შორის, ღვინის ექსპორტის საკითხსაც. ქართული ღვინის ნახევარზე მეტი, როგორც წესი, გადის რუსეთში, რუსეთის ბაზარი კი არაპროგნოზირებადია, რაც ჩვენს თავზე გამოვცადეთ 2005 წელს, როცა გადაწყვიტეს, ჩაეკეტათ ბაზარი თითიდან გამოწოვილი მიზეზებით. გარდა ამისა, ევროკავშირს აქვს სტანდარტებიც — ღვინო, რომელიც შედის ევროკავშირში არის მაღალი სტანდარტების და მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ ღვინის გატანა შეიძლება სხვა ნებისმიერ ბაზარზე, მაგალითად იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში", — აღნიშნა ვანო ჩხიკვაძემ.
უვიზო რეჟიმის საკითხთან დაკავშირებით, ვანო ჩხიკვაძის აზრით, პაპუაშვილი ფაქტებით მანიპულირებს — მართალია, რომ რამდენიმე ქვეყანასთან საქართველოს მართლაც მოუწევს სავიზო რეჟიმის დაწესება, თუმცა ამან ტურიზმის სექტორზე ხარისხობრივი ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს, რადგან, როგორც ბაზრის შემთხვევაში, აქაც ტურისტის "მხარჯველუნარიანობაა" მნიშვნელოვანი.
"რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, მართალია ის, რომ საქართველოს მოუწევს არაერთი ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, თუმცა თუ ამას ტურიზმის თვალსაზრისით ვუყურებთ, ქვეყნის მიზანი უნდა იყოს იმ ტურისტის მოზიდვა, რომელიც მეტს ხარჯავს. სტატისტიკის მიხედვით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეებზე ბევრად მეტს ხარჯავენ. ასევე, გასათვალისწინებელია ამ კუთხით ევროკავშირის თანმიმდევრულობაც — რუსეთს შეუძლია, ტურიზმზე დამოკიდებულება ბერკეტად გამოიყენოს, გამოაცხადოს საქართველოში ჩასვლა ნაკლებად უსაფრთხოდ და ამით ჩვენს ეკონომიკას დაარტყას, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებისგან ამას არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება შენგენის ზონის წევრობას, ამისათვის ქვეყანას ევროკავშირში შესვლის შემდეგ დრო ეძლევა, რათა მოიყვანოს სტანდარტები შენგენის ზონასთან თანხვედრაში. მაგალითად, ბულგარეთი და რუმინეთი 2007 წლიდან ევროკავშირის წევრები არიან, თუმცა შენგენის ზონა მათთვის ახლა იხსნება. შესაბამისად, ევროკავშირის წევრობა ავტომატურად შენგენის ზონის წევრობას არ ნიშნავს", — განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.
საბოლოოდ, ჩხიკვაძის თქმით, ქართული ოცნების მიერ მსგავსი ნარატივების კულტივირება ევროკავშირის წევრობის მიმართ მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვას ემსახურება, რათა მომზადდეს საფუძველი ამ მისწრაფებაზე უარის სათქმელად.
"საბოლოო ჯამში, ეს ადამიანი ან იტყუება, ან არ იცის რა არის ევროინტეგრაცია. ასეთი განცხადებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებში გავრცელდეს ნიჰილიზმი ევროინტეგრაციის მიმართ და საბოლოო ჯამში, მივიდეთ იქამდე, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს საფუძველი იმის სათქმელად, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა აარიდოს ევროკავშირის წევრობა და ამით ტვირთი მოიხსნას", — აღნიშნა ვანო ჩხიკვაძემ.
კომენტარები