საქართველოს პრეზიდენტების Curriculum Vitae
27 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. მომენტალურად გაჩნდა კითხვები მომავალი პრეზიდენტის კომპეტენციასთან დაკავშირებით — საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ მიუღია. ცნობები, ფაქტობრივად, დაადასტურა საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, როცა აღნიშნა, რომ "სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას და ელემენტარულ კომპეტენციებში გარკვევას დიპლომი არ სჭირდება — მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც ბევრზე მეტად განათლებულია!"
სანამ ხალხის ძალის წევრი მიხეილ ყაველაშვილის განვლილ კარიერულ გზას განვიხილავთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების CV-ები შეგვიძლია მიმოვიხილოთ.
ზვიად გამსახურდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტი, გარდა დისიდენტობისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერობისა, აკადემიური საქმიანობითაც გამოირჩეოდა.
- 1962 წელს ზვიად გამსახურდიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით;
- 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები;
- 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
- 1978 წელს ზვიად გამსახურდია აშშ-ის კონგრესმა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა;
- გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე;
- გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები. ასევე, თარგმნა შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა ნაწარმოებები;
- 2013 წელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
ედუარდ შევარდნაძე
- 1960 წელს დაამთავრა ა.წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიკოსის სპეციალობით;
- 1972-1985 წლებში იკავებდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობას;
- 1985-1990 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, აქტიურად მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში.
მიხეილ სააკაშვილი
- 1992 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი;
- ედმუნდ მასკის პროგრამით ჩაირიცხა ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც 1995 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართლის განხრით;
- 1995 წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში;
- 1995-1996 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში;
- 2000-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
გიორგი მარგველაშვილი
- 1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
- 1993-1994 წლებში სწავლობდა პრაღაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, დიპლომის შემდგომ კურსზე სოციოლოგიაში;
- 1996-1997 წლებში იყო თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიასა და კულტურაში;
- 1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში;
- 2000-2006 და 2010-2012 წლებში იკავებდა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორის თანამდებობას;
- 2012-2013 წლებში იყო საქართველოს განათლების მინისტრი.
სალომე ზურაბიშვილი
- 1972 წელს დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი;
- 1973 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი;
- 1981 წელს დაამთავრა პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა;
- 1974 წლიდან ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას;
- 1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში;
- 2001-2003 წლებში, პარიზში, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა;
- 2003-2004 წლებში, ჟაკ შირაკის პრეზიდენტობისას, იყო საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
- 2004-2005 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ პერიოდში მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ.
მიხეილ ყაველაშვილი
- 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც საჯაროდ გავრცელებული ცნობებით არ დაუმთავრებია.
- 1988-1995 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში";
- 1994-1995 წლების სეზონი იჯარით გაატარა ვლადივასტოკის "ალანიაში";
- 1995-1997 წლებში თამაშობდა "მანჩესტერ სიტიში";
- 1997-1999 წლები გაატარა ციურიხის "გრასჰოპერსში";
- 1999-2002 წლებში ითამაშა ციურიხის "ციურიხში";
- 2002-2003 წლების სეზონი გაატარა "ლუცერნში";
- 2003-2006 წლებში ითამაშა "სიონში", "არაუსა" და "ბაზელში". მცირე ხნით დაბრუნდა ვლადიკავკაზის "ალანიაშიც".
- 2006 წელს მოიპოვა შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია;
- 2014 წელს შეიმუშავა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია "ტალანტების ფაბრიკა"
- 2016 წელს მოიპოვა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია;
- 2016-2024 წლებში იყო საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტების წევრი. 2022 წელს ფორმალურად გამოეყო ქართული ოცნებას და ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული პოლიტიკური მოძრაობა — ხალხის ძალა დააფუძნა სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად.
- 2024 წელს იყო რუსული კანონის ერთ-ერთი ინიციატორი.
საპარლამენტო ფრაქცია ქათული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტობის კანდიდატის განათლებასთან დაკავშირებულ კითხვაზე ჟურნალისტს უპასუხა, რომ: "ეგერ ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენს პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!"
ჩვენთვის უცნობია, რომელი პრეზიდენტები იგულისხმა თავის ირონიულ კომენტარში მამუკა მდინარაძემ...
კომენტარები