რა ხდება მაშინ, როცა უნივერსიტეტიდან საფოსა და სოფოკლეს აძევებენ
ჩვენი რეალობა ასეთი აღმოჩნდა, 1-ელი დეკემბრიდან საფოსა და სოფოკლეს სხვა ბევრ ავტორთან ერთად უნივერსიტეტის შენობიდან გააძევებენ.
საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო ჰომოფობიური კანონი და ხელისუფლებამ მაღალი ტრიბუნებიდან რეპრესიები დაგვიანონსა.
აღნიშნულ კანონში "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", მერვე მუხლი განათლების სფეროს ეხება, რომელშიც შემდეგ ჩანაწერს ვკითხულობთ:
კანონის პირველივე მუხლში კი თავად კანონის მიზანს ვეცნობით — "ამ კანონის მიზანია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერება".
რამდენადაც თავად კანონია თავიდან ბოლომდე აბსურდული, იმდენად აბსურდულია კანონის მიზნისა და შინაარსის ურთიერთმიმართებაც.
ამ კანონის თანახმად, ადამიანის თანდაყოლილ უფლებებთან ერთად, სრულად იზღუდება აკადემიური სფეროს თავისუფლებაც. ჩანაწერის მიხედვით, 1-ელი დეკემბრიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში (ე.წ სილაბუსი) აღარ უნდა არსებობდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ "ლგბტ პროპაგანდად" სახელდება.
ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ყველას ომი გამოუცხადა, მათ შორის აკადემიურ პერსონალსაც, რომელთა პროფესიული საქმიანობა ამ კანონით ეჭვქვეშ დადგება. ის, რომ მთავრობა აკადემიურ სივრცეების თავისუფლებას ებრძვის გამოჩნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზეც. 26 სექტემბერს, ავტორიზაციის საბჭომ, ილიას უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცა. საბჭოს გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა გაასაჩივრა, ხოლო ამავე უნივერსიტეტის პროფესორის, სიმონ ჯანაშიას თქმით, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ილიაუნის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.
დღეს საქართველოში აკადემიური სივრცის თავისუფლება ხელისუფლების მიერ ალყაშია მოქცეული...
მთავრობა პირდაპირ აწესებს ცენზურას რიგ ავტორებთან დაკავშირებით, ეს კი სრულიად საკმარისია იმის გასააზრებლად, რომ ქვეყანა ინტელექტუალური და დემოკრატიული საფუძვლის დაკარგვის რისკის ქვეშ იმყოფება. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ კანონის მავნებლურ ხასიათს ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ, თუმცა მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ აკადემიური სფეროსთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის სავალალო შედეგის მომტანი იქნება, რადგან ეს პირდაპირ ახშობს საქართველოს პროგრესულ მომავალს.
რა არის აკადემიური თავისუფლება და რატომ აქვს ამდენად დიდი მნიშვნელობა მას?
ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდა მეცნიერებსა და მკვლევრებს სამეცნიერო საქმიანობისთვის დიდი რესურსი რომ არ აქვთ, ამას ახსნაც არ სჭირდება. იმისთვის, რომ საქართველოში მეცნიერება წინ წავიდეს, ამ ადამიანებს კვლევების ჩასატარებლად და დაფინანსების მოსაპოვებლად ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა სხვადასხვა ფლანგზე. აკადემიური თავისუფლება გულისხმობს მეცნიერთა, მასწავლებელთა და სტუდენტთა უფლებას ხელისუფლების მხრიდან ჩარევის გარეშე თავისუფლად ასწავლონ, ისწავლონ და ჩაატარონ სამეცნიერო კვლევები. აკადემიური თავისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ უნივერსიტეტი დარჩეს სივრცედ, სადაც შესაძლებელია მრავალფეროვანი იდეების შესწავლა, განხილვა და მათზე მსჯელობა, რაც თავისთავად ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების კულტურის ჩამოყალიბებასაც. დემოკრატიულ ქვეყანაში ეს თავისუფლება არსებითია, ის საშუალებას გვაძლევს დავუპირისპირდეთ იდეებს, ავტორიტეტებს და შევძლოთ საკუთარი აზრის გამოხატვა და დაფიქსირება, თუნდაც სამეცნიერო ნაშრომის სახით. ამ ყველაფრის გარეშე განათლება იქცევა კონტროლის იარაღად და ამას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო განმანათლებლობასთან.
საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი პირდაპირ ზღუდვას იმას, თუ რისი სწავლებაა შესაძლებელი უნივერსიტეტებში. კანონი, რომელიც კრძალავს ლგბტ ადამიანის უფლებებს, საგანმანათლებლო პროგრამაში ამ თემასთან დაკავშირებული მასალის არსებობას და ფაქტობრივად, მიმართულია განსხვავებული აზრის ჩახშობისკენ, ქმნის გარემოს, რომელშიც აკადემიურ თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ეს ქმედებები მიანიშნებს ხელისუფლების გადასვლას ავტორიტარული პოლიტიკისა და მმართველობისკენ, თანხვედრაშია რუსეთის კონსერვატიულ ღირებულებებთან და ასამარებს იმ ევროპულ მომავალს, რომლისკენაც საქართველო ათეული წლებია შეუჩერებლად ისწრაფვის.
რა შედეგს მოიტანს აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა?
აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა ნამდვილად არ მოიაზრებს მხოლოდ წიგნებისა და ავტორების დაცენზურებას და სილაბუსებიდან გარკვეული თემების ამოღებას, ეს პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, რადგან მათ სურთ გააკონტროლონ ჩვენი ფიქრებიც კი და კონტროლს ექვემდებარებოდეს ისიც, თუ რისი გამოხატვა და სწავლება შეგვიძლია. ამ შეზღუდვით, ხელისუფლებას უფრო ადვილად შეეძლება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მანიპულირება და ამასთან ერთად, განსხვავებული პოლიტიკური აზრის ჩახშობაც. ეს ტენდენცია ზუსტად ასახავს რუსეთში არსებულ პოლიტიკას, სადაც აკადემიური თავისუფლება მნიშვნელოვნად შეიზღუდა, რათა სწავლა-სწავლების პროცესი სახელმწიფოს იდეოლოგიურ ხედვას შეესაბამებოდეს.
უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ სასწავლო დაწესებულება, ეს არის ინოვაციების, სოციალური ცვლილებებისა და პროგრესის დაბადების ადგილი. თუ სტუდენტი სწავლობს კრიტიკულ აზროვნებას, ის ქვეყნის მომავლის ფორმირების პროცესის აქტიური მონაწილე ხდება.
საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებმა ამ კანონით გამოწვეული საფრთხის რეალურობა კიდევ უფრო ხელშესახები გახადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე იქცა პოლიტიკურ არეალად, სადაც კარი სტუდენტებისთვის დაკეტილია, ხოლო სპეცრაზმისთვის — ღია.
საბედნიეროდ, აღმოჩნდნენ პროფესორები, რომლებიც ამ მოვლენებსა და ამ კანონსაც ღიად ეწინააღმდეგებიან. სოციალურ ქსელებში არაერთი პოსტი დაიწერა, რომელშიც ლექტორები საკუთარი პროფესიული თავისუფლების ხელშეუხებლობას ითხოვენ და კანონში არსებულ ამ ბრუტალურ ჩანაწერს აპროტესტებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სოფიო შამანიდს ვესაუბრეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით:
ხელისუფლების მიერ მიღებული ჰომოფობიური კანონი კულტურის სფეროსთან ერთად, აკადემიურ სივრცეებზეც ვრცელდება, ჩანაწერის მიხედვით, დაუშვებელია საგანმანათლებლო პროგრამაში "ლგბტ პროპაგანდის" მატარებელი ნებისმიერი მასალის შეტანა. ეს ყველაფერი, რომ დამაზიანებელია ამაზე ვთანხმდებით, თუმცა კიდევ რა საფრთხეებს მოიაზრებს აკადემიური სფეროსთვის აღნიშნული კანონი, რომელსაც რიგითი მოქალაქე შეიძლება ვერ აცნობიერებდეს?
ცხადია, რომ ქართულ ოცნებას ნაკლებად აღელვებს ბავშვების მდგომარეობა საქართველოში და მათგან განსაკუთრებით შორის არის ოჯახური ღირებულებები და სიწმინდე, როგორც ამას თავად უწოდებენ. ამ კანონის მიღების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მათ ჰქონდეთ გარკვეული ზეწოლის ინსტრუმენტი იმ პროფესორებზე, რომლებიც მათდამი ლოიალურები არ არიან. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ მათი სისტემური მიდგომა, იქაური პროფესორების უმეტესობა მათდამი ლოიალური არ არის და ვიცით ისიც, რომ აკრედიტაციის ჩამორთმევითაც ემუქრებიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაში ეს შეიძლება შერჩევითად მოხდეს. რაც შეეხება მოსალოდნელ საფრთხეებს, გარდა იმისა, რომ მე ვერ ვასწავლი იმას, რაც უნდა ვასწავლო და პროგრამაში არსებობს ტექსტები, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლი დაწყებული ანტიკური ლიტერატურიდან თანამედროვე ლიტერატურით, საფრთხის სიდიდე მდგომარეობს იმაში, რომ სულ რომ ლენინის ტომები წავუკითხო სტუდენტებს, ე.წ ობიექტურ დამკვირვებელს (ეს არის ტერმინი კანონის განმარტებიდან) შეუძლია ჩათვალოს, რომ მე ვეწევი ლგბტ პოპულარიზაციას, თუკი ჩემ მიერ გადმოცემული ინფორმაცია რაიმე სახით მისთვის დადებითი ელფერის მატარებლად მიიჩნევა.
საინტერესო ისაა, რომ ასეთი შემთხვევა უკვე მოხდა, როცა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა კანონი. ე.წ ობიექტურმა დამკვირვებელმა, ერთ-ერთი ლექტორის მიმართ, რომელიც აღნიშნულს აპროტესტებდა და ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობას გამოხატავდა, მსგავსი კამპანია წამოიწყო და თქვა, რომ ასეთი პროფესორები უნივერსიტეტში არ უნდა იყვნენ და ეს არის ლგბტ პროპაგანდა. როგორც ჩანს, კანონის ამოქმედებამდე უკვე გამოჩნდნენ "ობიექტური დამკვირვებლები".
კანონის სახელწოდება ასეთია "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", თუმცა უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეებში არასრულწლოვანთა რიცხვი ფაქტობრივად ნულს უტოლდება, რა მიზანს ატარებს რეალურად ეს კანონი?
ცხადია, თუკი ეს კანონი მიმართულია არასრულწლოვანთა დაცვისკენ, მაშინ რა შუაშია უმაღლესი სასწავლებელი. ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც ბავშვებთან და არც ოჯახურ ღირებულებებთან. როდესაც წინ ზრდასრული ადამიანი მიზის, რა უნდა გავაკეთო ან როგორი პროპაგანდა უნდა გავწიო, რომ ამ ადამიანს ორიენტაცია შევაცვლევინო. ეს არის აბსურდი და მათ ეს ძალიან კარგად იციან.
რა როლი ენიჭება მთელ ამ პროცესში უშუალოდ აკადემიურ პერსონალს? (რადგან სამწუხაროდ არიან პროფესორები, რომლებშიც ეს ყველაფერი პროტესტს არ იწვევს და ფაქტობრივად, თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ნებით იზღუდავენ).
ეს შეეხება ყველას, არ აქვს მნიშვნელობა დღეს შენ ხარ თუ არა ამ ხელისუფლების წინააღმდეგი ან გამოთქვამ თუ არა შენს პოზიციას ხმამაღლა, ნებისმიერ მომენტში, როდესაც ისინი ჩათვლიან, რომ შენ აღარ ხარ საჭირო მათთვის, ამას შენს წინააღმდეგაც გამოიყენებენ. პროფესორებმა, რომლებმაც საბჭოთა კავშირი გამოიარეს და მათი ძირითადი ნაწილი სწორედ ასეთი ადამიანია, უნდა იცოდნენ რასთან აქვთ საქმე. სამწუხაროა, თუ მათ ეს არ ესმით და კიდევ უფრო სამწუხაროა თუ მათ ეს ესმით და უბრალოდ ხმას არ იღებენ.
გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საქართველოს აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს, რომელსაც 450-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი, ლექტორი თუ დოქტორანტი აწერს ხელს.
კომენტარები