LGBTQ "პროპაგანდა" — მართვის იარაღად ქცეული ტყუილი
რეიმორდ კარვერს, ამერიკელ მწერალს, რომელიც მოთხრობის ჟანრის ოსტატია, ერთი საინტერესო კრებული აქვს, სახელწოდებით — რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე. ავტორმა ძალიან საინტერესოდ, სრულიად სხვა კუთხით დაგვანახა სიყვარული და ვარდისფერი სათვალე თვალებიდან ჩამოგვხსნა.
და "ისინი" რაზე ლაპარაკობენ, როდესაც LGBTQ "პროპაგანდაზე" ლაპარაკობენ ხოლმე?
საქართველო პატარა ქვეყანაა, პატარა, მაგრამ ძალიან ჭრელი და მრავალფეროვანი. საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არა კონფლიქტისა და დაპირისპირების მაჩვენებელი, არამედ თავისუფლების ნამდვილი შინაარსია და როგორც იტყვიან, კამათში იბადება ჭეშმარიტება.
კამათით, განხილვით, აზრთა სხვადასხვაობით, მსჯელობით, მაგრამ ეს ყველაფერი რაციონალურ ფარგლებში.
დღეს ხშირად გვესმის ჰომოფობიური ჯგუფებისგან, რომ LGBTQ ადამიანები "პროპაგანდას" ეწევიან და ისინი ქვეყნისთვის, სხვისი ოჯახებისთვის, შვილებისთვის მტრები არიან.
ამ ყველაფრის პარალელურად კი, საქართველოს პარლამენტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო.
აი, ვინ შეიძლება ეწეოდეს ნამდვილ პროპაგანდას.
ოჯახური ღირებულებები ქართველი ადამიანისთვის და არა მხოლოდ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ღირებულებებს ვიცავთ და ვქმნით თავად, ვერავინ ვერასდროს შეძლებს ძალდატანებითა თუ ძალმომრეობით შენი ღირებულებების გაქრობას.
და ვისგან/რისგან უნდა დავიცვათ არასრულწლოვანები?
ვფიქრობ, მოძალადეებისგან, ოჯახში თუ ოჯახის გარეთ. ვფიქრობ, გაუნათლებლობისგან და მოშლილი განათლების სისტემისგან, შიმშილისგან, რადგან სკოლებში ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს. ვფიქრობ, პედოფილებისგან, რომლებიც ძალიან თავისუფლად დადიან ქუჩებში და დღის ნებისმიერ მონაკვეთში გვიკლავენ ბავშვებს.
დავუბრუნდეთ ზემოთ დასმულ კითხვას.
რას ნიშნავს ხელისუფლებისთვის LGBTQ "პროპაგანდა"?
LGBTQ "პროპაგანდა" არის გამოგონილი ცრუ ცნება, რომელსაც მთავრობა მართვის ინსტრუმენტად იყენებს.
LGBTQ ადამიანების მიერ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას ხანგრძლივი და საკმაოდ რთული ისტორია აქვს. ათწლეულების განმავლობაში LGBTQ ადამიანები დისკრიმინაციისა და სამართლებრივი ბარიერების წინაშე იდგნენ და ამ ყველაფერს ებრძოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს, თანამედროვე საზოგადოებამ თანასწორობის ცნება მეტ-ნაკლებად გაიაზრა, პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, განსაკუთრებით სოციალურად არც თუ ისე აქტიურ ჯგუფებში, რომლებიც ხანდახან სხვების მიერ შთაგონებული და თავსმოხვეული დამოკიდებულებებისა და აზრების ტყვეები ხდებიან.
ჯეიმს ბოლდუინი, ვირჯინია ვულფი, ელიოტი, გერტრუდ სტაინი, მარსელ პრუსტი ეს იმ მწერალთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც LGBTQ ადამიანები იყვნენ, მაგრამ რა შეცვალა ამან?
ვისაც, მარსელ პრუსტი ერთხელ მაინც წაგვიკითხავს, ცხადად ვიტყვით, რომ მისი სექსუალური ორიენტაცია მის შემოქმედებაში ნამდვილად არ ჩანს. ამ ადამიანებმა საკუთარი ეპოქა შექმნეს და შეუძლებელს მიაღწიეს. შეგვიძლია თუ არა მათ შემოქმედებას პროპაგანდისტული ვუწოდოთ? რა თქმა უნდა, არა.
თუმცა, დღეს სწორედ ამას გვეუბნებიან, რომ დააცენზურებენ ლიტერატურას, რომ დააცენზურებენ ხელოვნებას, კინოს, თეატრს და ამას აბსურდული მიზეზებით ხსნიან.
ეს ყველაფერი ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით არ ხდება, პირიქით, ეს მიმართულია ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევისკენ, დისკრიმინაციისკენ, შევიწროებისკენ.
ადამიანებს უკრძალავენ საკუთარი იდენტობის თავისუფლად წარმოჩენის შესაძლებლობას და ეს ხდებოდა სწორედ საბჭოთა კავშირში, ქვეყანაში, სადაც შავის გარდა ფერი არ არსებობდა. სადაც მწერლებს წიგნებს უცენზურებდნენ და ცენზურა თუ არ აკმაყოფილებდათ, ხვრეტდნენ, აწამებდნენ, ასახლებდნენ.
დღეს საქართველოში სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების პროცესი მიმდინარეობს. სიტყვებს შინაარსობრივადაც რომ გავყვეთ, ვისთვის მოუტანია ჩაგვრას, სიძულვილს, დისკრიმინაციას სიკეთე?
ემოციური მანიპულაცია ერთ-ერთი ხერხია ადამიანის მარტივად სამართავად, ხელისუფლება სწორედ რომ ემოციურ მანიპულაციას მიმართავს.
LGBTQ "პროპაგანდა" არაფერია გარდა, მართვის იარაღად ქცეული ტყუილისა.
კომენტარები