აფრიკაში Alphitobius diaperinus-ის სახელით ცნობილი ხოჭოა გავრცელებული, რომელიც ღრაჭაკას ტიპს მიეკუთვნება და უკვე მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება. ახლა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მისი ლარვა პლასტმასით იკვებება, რომელიც მათ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იშლება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს აფრიკაში პლასტმასის ნარჩენებთან ბრძოლაში დაგვეხმაროს. ცნობისთვის, ის ამგვარი მატერიით მსოფლიოში მეორე ყველაზე დაბინძურებული კონტინენტია, მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასის გლობალური ნარჩენების მხოლოდ 5%-ზეა პასუხისმგებელი.

გამოცემა Scientific Report-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ამ მატლებს პოლისტირენის მონელება შეუძლიათ. ესაა სინთეზური პოლიმერი, რომელიც შეფუთვებში ხშირად გამოიყენება. მკვლევრები ფიქრობენ, რომ მათ მიერ შესწავლილი ლარვები ახალ ქვესახეობას წარმოადგენენ, რომელიც ჯერ იდენტიფიცირებული არაა.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს ხოჭოებში პლასტმასის გადამუშავების უნარი აქამდეც გამოუვლენიათ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა იგივე რამ აფრიკაში გავრცელებულ პოპულაციაში დაფიქსირდა.

დადგინდა, რომ მატლები მათთვის მიცემული პოლისტირენის 50%-ს ჭამდნენ. ეს მაჩვენებელი იზრდებოდა, თუ მასში ქატოს ან მარცვლეულის ჩენჩოებს ურევდნენ. როცა პლასტმასა მათ ორგანიზმში ხვდება, იქ მის გადამუშავებაზე სპეციფიკური ბაქტერიები ზრუნავენ, რომლებიც რთულ პოლიმერებს შლიან და "საკვებს" მარტივად მონელებადს ხდიან. ასეთია, მაგალითად, Kluyvera-ს, Lactococcus-ისა და Klebsiella-ს ტიპის მიკრობები.

ისინი ამას სპეციალური ფერმენტების მეშვეობით ახერხებენ. შესაბამისად, მატლებში ფერმენტების ან ბაქტერიების რაოდენობის გაზრდამ შესაძლოა, პლასტმასის დაშლის უნარი გააძლიეროს. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ლარვას ზიანი არ მიადგეს. ამ ფერმენტების ან ბაქტერიების გამოყენება ცალკეც შეგვიძლია, რათა პლასტმასის ნარჩენები გადავამუშაოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.