კლიმატის ცვლილების შერბილება გურიაში — ევროკავშირი სუფთა სუფსისთვის
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება. ამის გამო, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებს არაფრის შეცვლა შეუძლია. სინამდვილეში კი, ყველაზე დიდი მიზნებიც კი პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმით მიიღწევა. მთავარია პრობლემის დანახვა და სურვილი იმისა, რომ უკეთესი რეალობის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ.
ამაზე ზრუნვა აქტიურად დაიწყეს გურიაში. თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრის (CPC) და მათი პარტნიორი ადგილობრივი ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგიული კონცეფცია მწვანე გურია. ის გულისხმობს რეგიონში ეკომეგობრული გარემოს შექმნას, ახალი ტურისტული შესაძლებლობების გაჩენას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეკონომიკური პოტენციალის ზრდას და ყველა ამ პროცესში, მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას.
ცხადია, საბოლოო შედეგი ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება, თუ მის მისაღწევად კონკრეტულ მიზნებს დავისახავთ. სწორედ ამიტომ, სიპისიმ (CPC) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი CENN-ის საქართველოს კლიმატის პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში განახორციელა პროექტი გურიაში კლიმატის ცვლილების შერბილება — სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის.
ჩვენ CPC-ის პროექტების დირექტორს, ზურაბ ნასარაიას ვესაუბრეთ. მან გვიამბო, რატომ გადაწყვიტეს ამ საკითხზე მუშაობა, რა მიზანი აქვთ, რა ღონისძიებები ჩაატარეს და სხვა.
მისი თქმით, გურიის რეგიონში გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები არაერთგვაროვანია და სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. შესაბამისად, მათი მოგვარებისთვის საკითხის სისტემური მონიტორინგი და პრევვენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
“რეგიონში საკანალიზაციო სისტემები არ არსებობს, ან თუ არის, მოძველებულია და ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ასევე არ არის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები. შესაბამისად, საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო ნარჩენებით გაჯერებული ჩამდინარე წყლები ჯერ მდინარეებში ხვდება, შემდეგ კი შავ ზღვაში. აღნიშნული გარემოებები კრიტიკულია და საფრთხეს უქმნის მოსახლეობასა და გარემოს.”
როგორც ზურაბ ნასარაია აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ადამიანებს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეთ ბუნებისადმი მეგობრული და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ, პროექტის ერთ-ერთი აქტივობა იყო ხატვის კონკურსი ახალგაზრდებში.
“ახალგაზრდა თაობის ჩართულობისა და მათთვის ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით ბუნებაში სამოქალაქო განათლებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებმა ორი ღია გაკვეთილი ჩაატარეს, რომელიც გაგრძელდა ნახატების კონკურსით “ერთად გადავარჩინოთ მდინარე სუფსა”. ნამუშევრები წარმოადგინა 43-მა მოსწავლემ, რომელთაგანაც ჟიურიმ სამი საუკეთესო ნახატი შეარჩია.”
კონცეფცია მწვანე გურიის ფარგლებში, პროექტის გუნდმა გამოიკვლია შავი ზღვისა და მასში ჩამავალი მდინარეების დაბინძურების გამომწვევი ძირითადი მიზეზები. ამის შემდეგ კი დაიწყეს მუშაობა თვითნებურად შექმნილი, უკანონო ნაგავსაყრელების გამოვლენისა და მათი ლიკვიდაციისთვის. შეირჩა სამიზნე ადგილები (სოფ. ლესას, ასკანასა და მთისპირის ადმინისტრაციულ ერთეულებში), სადაც ჩატარდა საპილოტე დათვალიერება და მოეწყო დასუფთავების აქციები. მასში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, მუნიციპალიტეტის სამსახურები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.
სუფთა გარემოს შენარჩუნებას ხელი შეუწყომ კამპანიამ გადაუღე ფოტო მდინარე სუფსას. კამპანიის ფარგლებში ადგილობრივები სპეციალურ პლატფორმაზე ტვირთავდნენ დანაგვიანებული კერების ამსახველ ფოტო მასალას, რომელიც მომენტალურად მიეწოდებოდათ ორგანიზაცია CPC-სა და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს. ეს ხელს უწყობდა პრობლემაზე დროულ რეაგირებას.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საზოგადოებრივი პიკნიკები, რომლის დროსაც 4 საინფორმაციო შეხვერა გაიმართა. ტრენინგები ჩაუტარდათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გენდერულ საბჭოებს, არასამთავრობო სექტორსა და მედიას. CPC-ის წარმომადგენლის გარდა შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო ექსპერტი ლიეტუვადან. მან ტრენინგის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია მდინარეების დაცვის მნიშვნელობაზე, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებზე და შესაბამის სამართლებრივ რეგულაციებზე.
ფოტო: CPC
ფოტო: CPC
ფოტო: CPC
ზურაბ ნასარაია ამბობს, რომ პროექტის მიმდინარეობისას ცალკეული პრობლემები გამოიკვეთა, რომელთა გაანალიზების საფუძველზეც კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავეს და ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს გადასცეს.
“მომზადდა რეკომენდაციები, რომელიც აისახა მუნიციპალიტეტების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებში. შემუშავდა დასუფთავების სერვისის მიწოდების ახალი მარშრუტები, სადაც დამატებით განთავსდა ნაგავსაყრელი ურნები. რთულად მისადგომი ადგილების ასათვისებლად დაიგეგმა მარტივად მანევრირებადი, სპეციალური მანქანების შეძენა.”
პროექტის მიწურულს, გაიმართა ფორუმი გურიის რეგიონის მწვანე მომავალი — გამოწვევები და პერსპექტივები. შეხვედრაზე წარადგინეს პროექტის შედეგები და იმსჯელეს გურიაში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ.
"განხორციელებული პროექტის მიმართ ინტერესი მაღალი იყო. ამაზე მეტყველებს მასში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაც. პროექტში ჩართულები იყვნენ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, ლიეტუვას გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ექსპერთი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გურიის რეგიონული ოფისი, საქართველოს მწვანეები, ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ა.შ", — აღნიშნავს ზურაბ ნასარაია.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი პროექტი, რომელიც გურიის რეგიონში CENN-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრის საქმიანობის (CPC) ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ მდგრადი განვითარების პრაქტიკების იმპლემენტაცია და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაა.
ევროკავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ევროპულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მსგავსი პროექტები რეგიონებში ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. რაც ადგილობრივებს აძლევს საშუალებას, უკეთ იზრუნონ გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე", — ამბობს ზურაბ ნასარაია.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
კომენტარები