როგორ ეხმარება ევროკავშირი თუშ ფერმერებს
ყველი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული საკვები პროდუქტია, დამახასიათებელი განსხვავებული გემოებით, ფორმით თუ დამზადების წესით. ყველის სახეობათა მრავალფეროვნებით გამორჩეულია საქართველოც — აქ სხვადასხვა კუთხეში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი სარძევე ჭურჭელი გვაჩვენებს, რომ ყველის დამზადების ტრადიცია დიდი ხანია არსებობს.
თუშური გუდის ყველი ქართული ყველის ნაირსახეობებს შორის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მისი დამზადება საკმაოდ შრომატევადი საქმეა და დიდ ცოდნას, ოსტატობასა და გულმოდგინებას საჭიროებს.
ორგანიზაცია თუშეთის განვითარების ფონდმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი CENN-ის საქართველოს კლიმატის პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში განახორციელა პროექტი, რომელიც ფერმერულ მეურნეობაში ტექნოლოგიების დანერგვასა და თუშური გუდის ყველის წარმოებაში, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
ჩვენ ორგანიზაციის წარმომადგენელს, ვახო ქადაგიძეს ვესაუბრეთ. მან გვიამბო, რა გამოწვევების წინაშე არიან თუში ფერმერები და როგორ დაეხმარა მათ ევროკავშირისა და CENN-ის მიერ დაფინანსებული პროექტი.
რა აწუხებთ ფერმერებს თუშეთში?
თუშეთში განხორციელებული პროექტის იდეის ავტორები თავადაც თუშები არიან. შესაბამისად, მათთვის კარგად არის ცნობილი ის პრობლემები, რასაც თუში ფერმერები ყოველდღიურად აწყდებიან.
როგორც ვახო ამბობს, მათთვის მუშახელის ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საქმიანობის სირთულიდან გამომდინარე, ფერმერებს ხშირად უწევთ დამხმარე მწყემსების დაქირავება, რაც დამატებით თანხებთანაა დაკავშირებული.
"ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ფერმერებთან, კარგად ვიცით მათი საქმიანობის სირთულეები და გამოწვევები. მათთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მწყემსებისა და დამხმარე მუშახელის ნაკლებობა წარმოადგენს", — გვიყვება ვახო.
თუშეთის მაცხოვრებლებისთის კიდევ ერთი უდიდესი წინაღობა ელექტროენერგიის არქონაა, რის გამოც თუში ფერმერებისთვის რძის საწველი აპარატების გამოყენება დიდი გამოწვევა ხდება.
"თუშეთი არის მაღალმთიანი რეგიონი. აქ ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო არის მზის პანელები და აქედან მიღებული ენერგია. თუკი ფერმერებს სურთ რაიმე ტექნიკის გამოყენება თავიანთ საქმიანობაში, ამისთვის პირველ რიგში, მზის პანელები ესაჭიროებათ. ეს კი საკმაოდ დიდ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული."
რა გაკეთდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად
თუში ფერმერების ყოველდღიური საქმიანობის შესამსუბუქებლად თუშეთის განვითარების ფონდმა მათთვის სხვადასხვა ტიპის ტექნიკის გადაცემა გადაწყვიტა.
გამოცხადდა ღია კონკურსი ფერმერებისთვის, რომლითაც 12 მათგანი დაინტერესდა. მათგან 3 ყველაზე რელევანტური კანდიდატი შეირჩა — პრიორიტეტი ქალებსა და ახალგაზრდებს მიენიჭათ. მათ გადასცეს მზის მობილური ელექტრო სადგურები და 2-სისტემიანი რძის საწველი აპარატები.
"აღნიშნული ტექნიკა არის საპილოტე და აქვს ერთგვარი სადემონსტრაციო ფუნქცია. მომავალი წლიდან უფრო აქტიურად დაიწყება მათი დატესტვა და სხვა ფერმერებისთვის გამოცდილების გაზიარება. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ტექნოლოგია არის პორტატული და მისი გამოყენება შეუძლიათ შირაქშიც, ზამთრის საძოვარზე, სადაც ასევე არ არის ელექტროენერგია."
გარდა იმისა, რომ ჩვენ ფერმერებს მივაწოდეთ საწველი აპარატები, რომელიც შეუმსუბუქებთ სამუშაოსა და ყველის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ, ასევე, გადავეცით მზის პანელები, რომელსაც გამოიყენებენ საწველი აპარატების ასამუშავებლად.
პროექტის დასკვნითი ნაწილს წარმოადგენდა პრაქტიკული ტრენინგები, რომელიც შერჩეულ ფერმერებს ჩაუტარდათ. ტრენინგის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მზის პანელებისა და საწველი აპარატების გამოყენებისა შესახებ.
"გარდა ამისა, გადავეცით მცირე საშუალებები ამ აპარატის მოვლისთვის და სახელმძღვანელო, რომელშიც უფრო დეტალურად იყო გადმოცემული ის, რაზეც ტრენინგის განმავლობაში იყო საუბარი", — ამატებს ვახო.
ფოტო: თუშეთის განვითარების ფონდი / Tusheti Development Fund
პროექტის შედეგები
პროექტის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიების დანერგვას ფერმერულ მეურნეობაში ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ისე სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით.
კონკრეტულ ამ პროექტის შემთხვევაში კი, მყისიერ და შორეულ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას:
"პირველი მყისიერი შედეგი გახლავთ ის, რომ ფერმერებისთვის ყოველდღიური საქმიანობა გახდა ბევრად მსუბუქი და მოსახერხებელი. ასევე, აღარ სჭირდებათ დამატებითი რესურსებს გამოყოფა დამხმარეების დასაქირავებლად. რაც შეეხება ხარისხის გაუმჯობესებას, ეს არის შედარებით გრძელვადიანი შედეგი, რაზეც მომდევნო წლებში შეგვიძლია ვისაუბროთ", — გვითხრა ვახომ.
მისი თქმით, მსგავსი პროექტების ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მოსახლეობას ელემენტარულ რესურსებზეც კი ნაკლებად მიუწვდებათ ხელი.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
კავშირი თუშეთის განვითარების ფონდი 2015 წელს დაარსდა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს თუშეთის მდგრად განვითარებასა და თუშების საარსებო საშუალებების გაუმჯობესებას. დაფუძნებიდან დღემდე ფონდმა განახორციელა ათეულობით პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტიც მილიონ ლარს აჭარბებს. განხორციელებულ პროექტებს შორისაა: თუშეთისთვის უკაბელო ინტერნეტის მიწოდება. ომალოს ამბულატორიის რეაბილიტაცია, მძიმე ტექნიკა თუშეთის შიდა გზების მოსაწესრიგებლად, სპორტული დარბაზი ქვემო ალვანში და სხვ.
კომენტარები