როგორ დავინახავდით იუპიტერის დიდ წითელ ლაქას, ინფრაწითელ სინათლეს რომ აღვიქვამდეთ
თუ სატურნზე მისი უზარმაზარი რგოლები გვახსენდება, იუპიტერის გაგონებაზე, ალბათ, ყველას დიდი წითელი ლაქა წარმოგვიდგება თვალწინ. ეს გიგანტური შტორმი ზომით დედამიწას აღემატება და მას ასტრონომები უკვე მრავალი ათწლეულია, აკვირდებიან. მონაცემების მოსაპოვებლად სხვადასხვა ობსერვატორიასა თუ ზონდს იყენებენ, როგორიც Juno-ა, ახლა კი მეცნიერთა ხელში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გასაოცარი შესაძლებლობებია.
სწორედ მისი მეშვეობით გადაიღეს სპეციალისტებმა დიდი წითელი ლაქის ახალი სურათები, რომლებიც ინფრაწითელ სპექტრშია წარმოდგენილი. ამგვარ სინათლეს ჩვენი თვალი ვერ აღიქვამს, ამიტომ საინტერესოა, როგორ გამოიყურება იუპიტერის ცნობილი შტორმი ასეთი "ფილტრით".
რა თქმა უნდა, მეცნიერები ვების ინფრაწითელ ხედვას მხოლოდ ვიზუალური მონაცემების მისაღებად არ იყენებენ, არამედ ის ტემპერატურას და ღრუბლებში არსებულ ელემენტებსაც აფიქსირებს. ამასთან, ეს ყველაფერი მეცნიერებმა ჰაბლის ტელესკოპის მიერ შეგროვებულ ინფორმაციასთან შეაჯერეს. დადგინდა, რომ ღრუბლების ღრმა შრეებში ქარის სიჩქარე 150 მ/წმ-ს აღწევს, მაგრამ უფრო ზედა არეალებში, ტროპოსფეროს მიმდებარედ, ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 50-70 მ/წმ-ია.
ამ დაკვირვებებმა დიდი წითელი ლაქის სამგანზომილებიანი ტემპერატურული სტრუქტურა გამოავლინა, რომელიც მის დინამიკაზე მეტის გაგების საშუალებას გვაძლევს. გაირკვა, რომ შტორმის ცენტრში გრილი გარემოა, სიმაღლის მატებასთან ერთად კი ტემპერატურაც იზრდება, რადგან ქარის სიჩქარე მცირდება.
სიგრილეს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, რადგან ის ამიაკის, წყლისა თუ სხვა ელემენტების ორთქლის კონდენსაციას განაპირობებს, ეს კი სქელი ღრუბლების ფორმირებას უწყობს ხელს. საინტერესოა, რომ სტრატოსფეროში, ანუ ლაქის თავზე, ალაგ-ალაგ თბილი აირის მასებიც შენიშნეს. ეს მიუთითებს, რომ ტროპოსფეროში მიმდინარე პროცესები ატმოსფეროს უფრო მაღალ შრეებზეც აისახება.
"ესაა პირველი შემთხვევა, როცა დიდ წითელ ლაქაში სინათლის ამ ტალღური სიგრძეებით ასეთი ცვალებადი გარემო დავაფიქსირეთ, რაც ღრუბლების სისქის სხვაობაზე მიანიშნებს. კერძოდ, შტორმში შიდა, უფრო მუქი, რგოლი ჩანს", — აცხადებს ნაშრომის თანაავტორი, ჯეიკ ჰერკეტი, რომელიც ზემოთ ნაჩვენები სურათების მეორე მწკრივს გულისხმობს.
ასტრონომებმა დიდი წითელი ლაქის სხვადასხვა რეგიონში სინათლის სპექტრი გაზომეს, რისი წყალობითაც ამა თუ იმ ქიმიური ელემენტის კვალი გამოავლინეს. მათ შორისაა ამიაკი, წყალი, ფოსფინი, მეთანი და მისი მსგავსი სხვა ნახშირწყალბადები. ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, შტორმის წითელი შეფერილობა სწორედ აეროზოლებისა და ფოსფინის მაღალ კონცენტრაციას უკავშირდებოდეს ან იქ არსებული აირის ხანგრძლივ სტაბილურობას, რის გამოც ულტრაიისფერი სხივები ამ აეროზოლებს ვერ ანადგურებს.
ავტორები ამბობენ, რომ ის, რასაც ვების ტელესკოპი ხედავს, მხოლოდ აისბერგის წვერია და შტორმის სიღრმეში კიდევ ბევრი საინტერესო რამ უნდა იმალებოდეს. ახალი ნაშრომი გამოცემაში JGR Planets გამოქვეყნდა.
კომენტარები