თუკი აქამდე გვიხაროდა, რომ გაგვიმართლა და 30-იანი წლების საქართველოში არ დავიბადეთ, ახლა აღმოჩნდა, რომ ეს სიხარული ნაადრევი ყოფილა.

რა ხდებოდა 30-იანი წლების საქართველოში?

თუ ვინმემ ზუსტი ქრონოლოგიური მიმდინარეობით არ იცის ეს ისტორია, ის მაინც ეცოდინება, რა ხდებოდა 1937 წელს, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და განხორციელებული მასობრივი მკვლელობების სისტემის საშინელ სიმბოლოდ იქცა.ისტორიულ ჟურნალისტიკაში ამ დევნის კამპანიას ხშირად "დიდი ტერორის" სახელით მოიხსენიებენ, ხოლო ხალხი მას უბრალოდ "37 წელს" უწოდებს. რეპრესიებმა მოიცვა ყველა რეგიონი და გამონაკლისის გარეშე შეეხო ყველა სფეროს, მათ შორის, კულტურასა და ლიტერატურას.

როგორც ჩანს, ისტორიაც წრეზე ტრიალებს და რაც დასრულებული გვგონია, ხელახლა იწყებს აღმოცენებას.

საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო ჰომოფობიური კანონი და ხელისუფლებამ მაღალი ტრიბუნებიდან რეპრესიები დაგვიანონსა. ერთი შეხედვით, მან ვინც ამ საკითხში არც თუ ისე კარგად არის ჩახედული, შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს კანონი მხოლოდ ქვიარ ადამიანების შევიწროებას ისახავს მიზნად, რაც რა თქმა უნდა, მიუღებელია, თუმცა საქმე მხოლოდ ამაში არ არის.

კულტურის არაერთმა წარმომადგენელმა ამ კანონის მიღების გამო ღიად გააკრიტიკა ხელისუფლება და ბოიკოტიც გამოუცხადა, მათ შორის იყო სამეფო უბნის თეატრიც.

ძალიან მიამიტური იქნება თუ დავიჯერებთ, რომ აღნიშნული კანონი ნამდვილად ოჯახური ღირებულებების დაცვას ემსახურება, რეალურად ეს კანონი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აწესებს ცენზურას, მათ შორის, ლიტერატურულ ტექსტებზეც.

ამ საკითხზე ვესაუბრეთ მწერალსა და გამომცემლობა ინტელექტისა და არტანუჯის მთავარ რედაქტორს ზვიად კვარაცხელიას, რომელმაც შექმნილი მდგომარეობა ამგვარად შეაფასა:

"ცენზურის კანონი ჩვენს რეალობაში არ უნდა დაბრუნდეს. ესაა შეურაცხყოფა თავისუფალი საზოგადოების, ჩვენი გმირების მრავალსაუკუნოვანი ბრძოლისა და 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობისა. ეს მკვდრადშობილი კანონია, რაც პუტინის რუსეთთან და აიათოლების ირანთან გვანათესავებს, ჩვენი გზა კი დიქტატორებთან ნათესაობაზე არ გადის. ჩვენი ტრადიცია, დღევანდელობა და მომავალიც ეფუძნება მრავალფეროვნებას – იქ, სადაც ყველა განსხვავებული ხმა დაცული და დაფასებულია".

თითოეული ჩვენგანი, სამწუხაროდ, რეი ბრედბერის წიგნის 451 ფარენჰაიტით სიუჟეტში აღმოვჩნდით, თუმცა დღევანდელ ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ წიგნებს შურისძიება შეუძლიათ.

ამჯერად, მინდა იმ წიგნებზე ვისაუბროთ, რომლებიც შეიძლება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გამო დაცენზურდეს, განსაკუთრებით კი ყურადღებას გავამახვილებთ ქართველ მწერალთა წიგნებზე, რადგან ის, რასაც ასე გამალებით ებრძვიან, სწორედ ქართული მიმდინარე ლიტერატურული პროცესი და თავისუფალი აზრია.

1. ნანა აბულაძე — აკუმი

ფოტო: Saba

ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი მწერალია, რომელმაც მიმდინარე ლიტერატურულ პროცესში თავისი ხმა ძალიან საინტერესო და ვრცელი რომანით აკუმით გააჟღერა. ამ წიგნმა 2021 წელს საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიები საბა და თავისუფალი ლიტერა მოიპოვა. ნანას შემდეგი წიგნი იყო მოთხრობების კრებული ახალი აღქმა და დოკუმენტური პროზა ორივე სქესი, რომლითაც კვლავ საბას ლაურეატი გახდა.

რატომ შეეხება ცენზურა ნანა აბულაძის წიგნებს? უპირველესად, მათი იდეურობისა და სიუჟეტების გამო.

აკუმი არის ამბავი ადამიანზე, რომელიც სქესის გარეშე დაიბადა, შესაბამისად, ირაკლი კობახიძის რიტორიკას, რომ "ქალი ქალია და კაცი კაცია" ეს წიგნი ვერ გაამართლებს.

"იქ, სადაც გარეთა სასქესო ორგანოები უნდა ყოფილიყო, არაფერი იყო, კრიალა კანის გარდა. დათვალიერებისას ექიმმა ვერ აღმოაჩინა სასქესო ორგანოების განვითარების მცირე ნიშანიც კი"

რომანის ცხრა მთავარი პერსონაჟი ისტორიებს იდენტობის, გენდერის, სექსუალობისა და სურვილების შესახებ ჰყვებიან. შესაბამისად, რომანში რამდენი პერსონაჟიცაა იმდენივე პერსპექტივა და სიუჟეტური ხაზი ჩნდება. ამ წიგნის ერთ-ერთი ღირსება ისიცაა, რომ საკმაოდ მრავალპლანიანი და პოლიფონიურია, განსხვავებულად გესმის ერთი საკითხის ირგვლივ აჟღერებული სხვადასხვა ხმა.

რადგან არ მინდა, წიგნის პირველად წაკითხვის ბედნიერება ვინმეს დავუკარგო, სიუჟეტურ დეტალებს არ შევეხები, თუმცა აკუმი ზუსტად ის წიგნია, რომელიც კანონის მიხედვით ცენზურის ფარგლებში შეიძლება მოექცეს და რამდენიმე გვერდი კი არა, შეიძლება მთელი წიგნიც გადააფერადონ, როგორც ეს მაგალითად რუსეთში დაცენზურებული სახით გამოცემულ პიერ პაოლო პაზოლინის ბიოგრაფიის შემთხვევაში მოხდა.

რუსეთში გამოცემული პაზოლინის ბიოგრაფია

რუსეთში გამოცემული პაზოლინის ბიოგრაფია

ფოტო: Reuters

ამის კიდევ ერთ დასტურად ხელისუფლებისთვის შეიძლება ლევან აკინის ფილმი გზაჯვარედინიც აღმოჩნდეს, სადაც ერთ-ერთ კადრში, სწორედ ნანა აბულაძის აკუმი ჩანს, ჰოდა, ვინ იცის, იქნებ ეს შესანიშნავი წიგნიც დაგვიცენზურონ და აკინის ფილმიდანაც ამოჭრან რიგი კადრები.

კადრი ფილმიდან — გზაჯვარედინი

კადრი ფილმიდან — გზაჯვარედინი

აკუმის გარდა, ალბათ ცენზურას ნანა აბულაძის ვერც დანარჩენი წიგნები გაექცევა, მაგალითად მოთხრობების კრებული ახალი აღქმა, სადაც ამგვარ ციტატებს შევხვდებით:

"ყველა კაცი, რომელსაც მოჰყავს ცოლი ან ცოლები, ხოლო ქმარი არ მოჰყავს, ბუნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. სოდომის ყველა მოქალაქე თანასწორია. არც ბუნების საწინააღმდეგოდ მცხოვრებს დაჩაგრავს ვინმე, მაგრამ ნუ გამოვა სახლაკიდან დღისით და ნუ ეჩვენება ბავშვებს, რათა ახალი სოდომელებიც არ გარყვნას."

"და პირველად, პირველად საუკუნეთა შორის, მთავარანგელოზი ნატრობს, ნეტავი სხეული მქონდეს, ნეტავი ქალი ვიყოო."

ბოლოს და ბოლოს ამ ტექსტის გასაგებად სხვა რომ არაფერი, ძველი აღთქმის ცოდნა აუცილებელია, ამას კი ყველას ვერ მოვთხოვთ.

2. დავით გაბუნია — დაშლა

ფოტო: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

დაშლა დავით გაბუნიას პირველი რომანია, რომელიც 2017 წელს გამომცემლობამ წიგნები ბათუმში გამოსცა. ეს არის დაშლილი ადამიანების სამყარო, სადაც დაშლილობას ერთმანეთთან მიმართებაში, განცალკევებით თუ სასოწარკვეთილებით ვაღწევთ, როდესაც სიმარტოვეს განვიცდით.

რომანის მთავარი გმირი ზურაა, რომელიც უმუშევრობის გამო თავშესაქცევს მეზობელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ეძებს. ყოველდღიურად ის ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებას აკვირდება, თითქოს მრავალსერიიან სერიალს უყურებდეს, სანამ ერთ დღესაც აივნიდან არ დაინახავს, თუ როგორც მიდის ახალგაზრდა ბიჭთან უცნობი ასაკოვანი კაცი და ისინი სექსით კავდებიან.

რომანს რომ ბოლომდე არ გავყვეთ, მგონი ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ წიგნს ცენზურა შეეხოს, თანაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოქმედება ბოლოს და ბოლოს 2012 წლის თბილისში ხდება. როგორი სიმბოლურია, არა?

3. ზურაბ ქარუმიძე — მელია ტულეფია:fox-Trot

ფოტო: Biblusi

ზურაბ ქარუმიძე ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი იყო, რომლის წიგნი მელია ტულეფია დაცენზურებული წიგნების ნუსხაში თავისუფლად შეიძლება მოხვდეს.

წიგნი 2011 წელს გამომცემლობა სიესტამ გამოსცა, 2014 წელს კი წიგნის გარშემო დიდი დისკუსია დაიწყო, რამაც რომანს კიდევ უფრო დიდი ცნობადობა შესძინა.

მაშინ ჰომოფობიური კანონი არ არსებობდა, თუმცა წიგნმა პარლამენტარების მხრიდან მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა, მაგალითად, სოსო ჯაჭვლიანმა ზურაბ ქარუმიძე სვანეთის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

რომანს საფუძვლად ერთ-ერთი რიტუალი დაედო, რომელიც ივანე ჯავახიშვილს ქართველი ერის ისტორიაში აქვს აღწერილი.

"ტულეფიას წესი იმაში მდგომარეობს რომ ერთ კაცს შარვალსა და პერანგის ამხანაგს მთლად ჩახდიან ისე, რომ სარცხვინელნი უჩანდეს, ამ ტიტველა მამაკაცს უკნიდან მეორე კაცი მოჰკიდებს ხელს, ამ მეორეს ამნაირადვე მესამე, მესამეს კიდევ მეოთხე და ასე, რამდენიც იქნებიან. ამგვარად უკანანი წინა შიშველა კაცს ჰფარავენ. იმ შიშველა კაცს თავის სარცხვინელნი ხელში უკავია, უკანანი კი მას უკნიდან უქაქუნებენ და თან გაიძახიან: "მელჲაჲ ტულეფია, ჲოჰ-ჲოჰ!" შიშველა კაცს კი ხელში წკეპლა უჭირავს და უკნიდან მოქაქუნეებს იმ წკეპლას გადაუჭერს ხოლმე."

რომანი სიზმრით იწყება, რომელშიც მთავარ გმირს, შაქროს არქაული სვანური რიტუალი მელია ტულეფია ესიზმრება და მას ეს სიზმარი აღაგზნებს.

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული რიტუალი, რომელიც ზურაბ ქარუმიძემ თავისი რომანის სიუჟეტურ ქარგად აქცია, არქაულ კულტურაში სახელმწიფოს მიერ გეი ურთიერთობების რეგულირების პირველ მცდელობად ჩაითვალოს და დღეს, როდესაც ხელისუფლება ამას "ებრძვის", ბუნებრივია, რომ ცენზურის კარი მელია ტულეფიასთვისაც გაიღება.

4. მაგდა კალანდაძე — მეორე ოთახი

ფოტო: Saba

მაგდა კალანდაძის მეორე ოთახი 2021 წელს გამოიცა და ავტორის პირველი წიგნია.

წიგნის მთავარი გმირი ელენეა, რომლის საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობაც თავის რეპეტიტორთან დაიწყო, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოოდ მასწავლებლის საზღვარგარეთ წასვლით დასრულდა.

შემდეგ იყო ოჯახის შექმნა, რეზოზე დაქორწინება, ოჯახის დანგრევა და საბოლოოდ დიდი თავგადასავალი, ლილისთან ურთიერთობის დაწყება.

"მე და ლილის საათივით გვქონდა აწყობილი რეჟიმი – სექსი, ჭამა, მუშაობა, სექსი, ჭამა, ფილმის ყურება. ასე, ამ ტრაექტორიაზე ვმოძრაობდით ხოლმე ჩემს ბინაში, სადაც არც არავის ვემალებოდით და ვერც ვერავინ დაგვინახავდა, არც არაფრის გვეშინოდა და ვერც ვერავინ დაგვაკლებდა რამეს."

რომანი ქალთა სექსუალურ ექსპრესიასა და LGBTQ თემატიკას მოიცავს, შესაბამისად, არც მაგდა კალანდაძის მეორე ოთახი დარჩება ცენზურის მიღმა.

5. ანა კორძაია-სამადაშვილი — ვინ მოკლა ჩაიკა?

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ვინ მოკლა ჩაიკა? ანა-კორძაია სამადაშვილის მეორე რომანია, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ 2013 წელს გამოსცა.

ანა კორძაია-სამადაშვილს თავისუფლად შეგვიძლია სიტყვისა და თხრობის ოსტატი ვუწოდოთ, შესაბამისად, ამ რომანის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაც სწორედ შესანიშნავად აგებული სიუჟეტური ქსოვილია.

წიგნის სათაური კითხვითი შინაარსისაა და ინტრიგას თავიდანვე აჩენს, თუმცა ერთი შეხედვით დეტექტიური რომანი, სულაც არ არის ნამდვილი დეტექტივი.

მიუხედავად იმისა, რომ რომანი მცირე ზომისაა, მას ძალიან ბევრი პერსონაჟი ჰყავს, თანაც მწერალი ახერხებს და ყველას რაღაც მაკოორდინირებელ, სახასიათო შტრიხს სძენს, რაც მკითხველს მათი დავიწყების საშუალებას არ აძლევს.

ჩაიკა ერთ ადგილას ვერ ისვენებს და თავის გეი მეგობრებთან ერთად ბევრს მოგზაურობს, მაგდა, ყანჩა, სანდრო, ჩაიკა, კარალევა — ეს ის სამეგობრო წრეა, რომელსაც ავტორი ისე აღწერს, სულ რომ უკანასკნელი ჰომოფობი იყო, მათთან ურთიერთობას მოგანდომებს.

თუმცა, რადგან დღეს ქვიარ ადამიანები ხელისუფლებისთვის საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად არ აღიქმებიან, ბუნებრივია, რომ ეს წიგნი მათ ნამდვილად გააღიზიანებს. ანა ოსტატია, იმდენად ბუნებრივად ახერხებს გეი პერსონაჟის ამბავი რომანის ერთ-ერთ მთავარ ხაზად აქციოს, სულაც არ ტოვებს განცდას, რომ აქ რაიმე ხელოვნური ან ზედმეტია.

ეს იმ წიგნების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც შეიძლება ცენზურა დაემუქროს, ამ წიგნებს შორის შეიძლება მოხვდეს მთელი ანტიკური ლიტერატურაც, ოჯახური სიწმინდის დაცვის გამო ოიდიპოსის ტრაგედიას როგორღა წაგვაკითხებენ?! თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ცენზურა შეეხება თარგმნილ ლიტერატურასაც, ისეთ წიგნებს, როგორიცაა ჰერმან ჰესეს ნარცისი და გოლდმუნდი, თომას მანის ჯადოსნური მთა, ვირჯინია ვულფის ორლანდო, მარსელ პრუსტის დაკარგული დროის ძიებაში და ა.შ. არც პოეზია აღმოჩნდება გამონაკლისი და ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება ვეფხისტყაოსანიც კი დაგვიცენზურონ.