GEM Fest-ის ორგანიზატორი, გიორგი სიგუა ამბობს, რომ ფესტივალი არ გამოდგა ფინანსურად შემოსავლიანი, რაც მისი მცდარი წარმოდგენების შედეგია. მისი თქმით, როგორც მათ მიმართ არსებობს, ასევე მათაც აქვთ ფინანსური ვალდებულებები. ფესტივალის წარუმატებლობის შესახებ სიგუა ფეისბუკზე წერს.

"ყველა სიკეთესთან ერთად დაგვემატა მრავალჯერადი ფორსმაჟორი: წვიმიანი, ქარიშხლიანი, სეტყვიან-შტორმიანი და მეხიანიც კი, (მეტეორი არ მოგვხვედრია მხოლოდ ) ივლისი. ფესტივალის გახსნიდან 16 დღის განმავლობაში, სულ სამი-ოთხი დღე იყო მზიანი… შემდეგ ტრაგედია - ადამიანის გარდაცვალება, მოწამვლები და შედეგად, საერთო ნერვული ფონი და ქმედებები", - წერს სიგუა და ფისკალურ ანალიზს გვთავაზობს.

მისი თქმით, კვების და სავაჭრო ობიექტები ვერ უხდიან იჯარის ფულს იმიტომ, რომ არ აქვთ მუშაობა. ამ მიზეზით ვერც GEM Fest-ის ორგანიზატორები იხდიან ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ფინანსურ დავალიანებას.

"ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა ეკონომიკურად გამართლებული ღონისძიებების ჩასატარებლად, საიდანაც სარგებელს მიიღებს ყველა დაწყებული არსებული ვენდორით (მოიჯარე), რომელმაც წელს ჩვენთან ერთად ირწმუნა, ერთთვიანი ფესტივალის სარგებლიანობა და ჩვენთან ერთადვე იზარალა ფესტივალის განმავლობაში. კარგად ავწონ-დავწონით და უახლოეს დღეებში, გამოვაცხადებთ თუ სად, რამდენი ხნით და რა ფორმით გაიმართება მომავალი პროექტები", - ამბობს სიგუა, რომელსაც ჰგონია, რომ სხვა პროექტები წარმატებული იქნება და ამით გადაიხდიან ვალდებულებებს.

ვალდებულებების გასტუმრებისას, სიგუა თქმით, შესაძლებელი იქნება თუ კრიზისის შემდეგ ხელი არ შეეშლებათ მუშაობაში და საშუალება ექნებათ კომერციულად მომგებიანი პროექტები გააკეთონ კერძო ინიციატივით. მისი რწმენით, პროექტები ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე იქნება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან GEM Fest თითქმის ორი მილიონი ლარით დაფინანსდა. ფესტივალი მიმდინარე წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით იმართება.