სტატიის სპონსორია საქართველოს ბანკი

ვინ არის ლეგენდარული ინვესტორი — უორენ ბაფეტი

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

უორენ ბაფეტი მსოფლიოს ერთ-ერთი უნდიდრესი ადამიანია, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდარულ ინვესტორად არის აღიარებული. მისი ქონება 111 მილიარდ დოლარს შეადგენს და დღემდე აქტიურად მართავს კომპანია Berkshire Hathaway-ს.

როგორ გამდიდრდა ბაფეტი?

უორენ ბაფეტი 1930 წელს ნებრასკას შტატში, კონგრესმენისას და საფონდო ბირჟის ბროკერის ოჯახში დაიბადა. ბაფეტის მშობლები წარმოშობით ევროპიდან იყვნენ. ახალგაზრდა ბაფეტმა ბირჟის ბროკერად მუშაობა 1951 წელს, მამამისის კომპანიაში, ბაფეტ-ფალკში დაიწყო. სამი წლის შემდეგ კი ფასიანი ქაღალდების ანალიტიკოსად, ბენჯამინ გრეჰემის კომპანიაში გადავიდა.

გრეჰემის გრემ-ნიუმანში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ ბაფეტმა ექვს კოლეგასთან ერთად პარტნიორული ფირმა დააფუძნა და 100 დოლარის მინიმალური ინვესტიცია განახორციელა. 1958 წელს მან 31,500 დოლარად მშობლიურ ქალაქ ომაჰაში საცხოვრებელი სახლი შეიძინა, სადაც ის დღემდე ცხოვრობს.

1956-62 წლებში ბაფეტმა სხვა არაერთი პარტნიორული კომპანია ჩამოაყალიბა და შესანიშნავი შედეგებიც აჩვენა. სწორედ ამიტომ, მალევე ყველა მისი პარტნიორობა ერთ კომპანიაში გააერთიანა და შექმნა Buffett Partnership Ltd. აღსანიშნავია, რომ ბაფეტი ჯერ კიდევ 30 წლის ასაკში მილიონერი გახდა. 1985 წლისთვის მისმა წმინდა ქონებამ $1 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო 2021 წლისთვის მისი ქონება 100 მილიარდად იყო შეფასებული.

ბაფეტის განათლება და ოჯახი

ბაფეტი ის ინვესტორია, რომელმაც არაფორმალური განათლების მიღებასთან ერთად აშშ-ის პრესტიჟულ ბიზნეს-სკოლებშიც ისწავლა. ის ორი წლის განმავლობაში სწავლობდა პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლაში, რომელიც აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ ბიზნეს სკოლად მიიჩნეოდა. მოგვიანებით კი ნებრასკას უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა.

ჰარვარდიდან უარის მიღების შემდეგ ბაფეტი კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლაში შევიდა, სადაც ზემოთ ხსენებული გრეჰემი გაიცნო და ეკონომიკის მაგისტრიც გახდა. ყველა თანხმდება, რომ ბაფეტის წარმატებაში მისმა განათლებამ დიდი როლი ითამაშა, თუმცა აქვე იმაზეც თანხმდებიან, რომ მის წარმატებაში არანაკლები წვლილი პროფესიის მიმართ უშრეტმა ინტერესმაც შეიტანა.აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ბაფეტმა განათლების მიღების პროცესში შეიძინა საინტერესო ნაცნობები, რომლებთან ერთადაც სამომავლოდ პრაქტიკულ საქმიანობაში ჩაება.

რაც შეეხება მის ოჯახს, ბაფეტს სამი შვილი ჰყავს: სიუზანი, ჰოვარდ გრემ და პიტერ ბაფეტები. მათ შორის ბიზნესით მხოლოდ პიტერია დაკავებული. ის ამჟამადაც Berkshire-ის დირექტორატის წევრია.

ბაფეტის პორტფელი

Berkshire Hathaway 40-ზე მეტ კომპანიაში ფლობს წილებს. მათ შორის, ტოპ-10 კომპანიის ჩამონათვალი ასეთია:

  • Apple (NASDAQ:AAPL) — $88.9 მილიარდის აქციები;
  • American Express (NYSE:AXP) — $38.2 მილიარდის აქციები;
  • Bank of America (NYSE:BAC) — $35.4 მილიარდის აქციები;
  • Coca-Cola (NYSE:KO) — $28.5 მილიარდის აქციები;
  • Chevron (NYSE:CVX) — $16.7 მილიარდის აქციები;
  • Occidental Petroleum (NYSE:OXY) — $13.7 მილიარდის აქციები;
  • Moody's (NYSE:MCO) — $11.9 მილიარდის აქციები;
  • Kraft Heinz (NASDAQ:KHC) — $11.8 მილიარდის აქციები;
  • Chubb (NYSE:CB) — $7.8 მილიარდის აქციები;
  • Mitsubishi (OTC:MSBHF) — $7.3 მილიარდის აქციები;

ბაფეტის საინვესტიციო სტილი

ბაფეტის საინვესტიციო სტრატეგია, განსაკუთრებით პირველ წლებში, მჭიდროდ იყო დაკავშირებული ეგრეთ წოდებულ ღირებულებით ინვესტირებასთან. ასეთი სტრატეგია ისეთ კომპანიებზე ფოკუსირებას გულისხმობს, რომლებიც სხვა ინვესტორების მხრიდან სათანადოდ არ არიან შეფასებულები. გრეჰემი ამ სტრატეგიას სიგარეტის ნამწვავების ძიებასაც ადარებდა და ამბობდა, რომ ზოგჯერ კომპანიებს გააჩნიათ შინაგანი ღირებულება, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს. ბაფეტი, თავის მხრივ, მიიჩნევდა, რომ ინვესტორის მოვალეობა, ამ ღირებულების აღმოჩენა და დაფასება იყო.

ასეთი სტრატეგიის მარტივ მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ კომპანია, რომელსაც დაბალი ზრდა აქვს, თუმცა საკუთრებაში ფლობს ქონებას, რომელიც მისი კაპიტალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველას არა, თუმცა ზოგიერთ ასეთ კომპანიას შესაძლებელია საკუთარი ფინანსური მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის პოტენციალი გააჩნდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ბაფეტი საკუთარი საინვესტიციო გზის პირველ წლებში ისეთ კომპანიებზე აკეთებდა აქცენტს, რომლებშიც ზრდის პოტენციალს დაინახავდა და რომელთა აქციების შეძენაც სამომავლოდ მოგებას მოუტანდა.

ბუნებრივია, ამჟამად ბაფეტის საინვესტიციო სტრატეგია შეცვლილია. ახლა ის ისეთი კომპანიების აქციებს ყიდულობს, რომლებიც ბაზარზე მყარი პოზიციებით გამოირჩევიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის დივერსიფიკაციის პრინციპსაც ბოლომდე არ იცავს და მისი კომპანიის, Berkshire Hathaway-ს აქციების 86% მხოლოდ რვა კომპანიაზე აქვს გადანაწილებული.

ბევრი მიიჩნევს, რომ ბაფეტის შედეგების გამეორება რთულია, თუმცა მის გადაწყვეტილებებს ბევრი ინვესტორი სახელმძღვანელოდაც იყენებს. მას ყურადღებით აკვირდებიან, მისგან სწავლობენ და რაც მთავარია, ჩვენი დროის ერთ-ერთ ფენომენალურ ინვესტორად აღიარებენ.

საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.

*ეს არ არის ფინანსური რჩევა

თუ ამ სტატიაში განხილული თემებით ხარ დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები და გაიგე მეტი აქციებით ვაჭრობის შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: რა იცი ელექტრონულ არჩევნებზე?
  2. ქვიზი: როგორ გახსოვს გასული თვეების პოლიტიკური მოვლენები?
  3. მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ზე წარდგება
  4. ქვიზი: შეამოწმე შენი ცოდნა ავტომობილებში
  5. პეტრაში, სადაც ინდიანა ჯონსის გადაღებები მიმდინარეობდა, საიდუმლო სამარხი აღმოაჩინეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გახარია: ოცნებას არ აქვს რესურსი გააყალბოს არჩევნები – მათი მაქსიმუმი დღეს არის 600 000 ხმა

"ოცნებას არ აქვს რესურსი გააყალბოს ეს არჩევნები, არ აქვს ეს რესურსი. ერთადერთი რისი რესურსიც აქვს ოცნებას და რასაც ახლა…