მომდევნო 20 წელში ადამიანთა 70%-ს ექსტრემალურ ამინდში მოუწევს ცხოვრება
ახალი კვლევის მიხედვით, მომდევნო ორი დეკადის განმავლობაში ექსტრემალურ ამინდში ყოველი 4 ადამიანიდან დაახლოებით 3-ს მოუწევს ცხოვრება. მეცნიერთა გამოთვლებით, თუკი ატმოსფეროში სათბურის აირების ემისიას საგრძნობლად შევამცირებთ, ეს ცვლილებები 1.5-მილიარდიან მოსახლეობაზე იქონიებს გავლენას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი — პოპულაციის 70%-ზე.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მომდევნო წლებში უპრეცედენტო კლიმატური მოვლენებია მოსალოდნელი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რადგან, მაგალითად, წელს პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე ცხელი ზაფხული იყო, წინა რეკორდი კი გასულ წელს დაფიქსირდა. სამხრეთ ნახევარსფეროში ასევე რეკორდულად თბილი ზამთარი იყო. ტემპერატურის ასეთი მატების გამო მსოფლიოს მასშტაბით გვალვები, ხანძრები, წყალდიდობები და შტორმები გახშირდა, რაც მოსავალსაც ანადგურებს და საკვების კრიზისს ამძაფრებს.
"საომარ ზონაში მცხოვრები ადამიანების მსგავსად, რომელთაც ბომბებისა და იარაღის მუდმივ ხმაურში უწევთ ცხოვრება, ჩვენც ნელ-ნელა აღარ გვესმის ის, რაც, წესით, განგაშის სიგნალი უნდა იყოს", — ამბობენ მეცნიერები.
ავტორთა პროგნოზის თანახმად, მომავალ 20 წელში ექსტრემალური ამინდი გახშირდება და გამძაფრდება. ასეთია მაღალი ტემპერატურა, წვიმა, ქარი და სხვა, რომლებიც შესაძლოა, ერთბაშად დაგვატყდეს თავს და სხვა ჯაჭვური მოვლენები გამოიწვიოს. გავიხსენოთ 2022 წლის პაკისტანი, სადაც თბურ ტალღას მალევე მოყვა დატბორვაც, რამაც მილიონობით ადამიანი დააზარალა.
"შესაძლოა, თბურმა ტალღამ დასიცხვა და სიკვდილიანობის გაზრდა გამოიწვიოს როგორც ადამიანებში, ისე პირუტყვებში. ასევე, გავლენა იქონიოს ეკოსისტემაზე, შეამციროს მოსავალი, შექმნას ელექტროსადგურების გაგრილების პრობლემა და შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ტროპუკულ და სუბტროპიკულ არეალებში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ყველაზე ექსტრემალური ამინდია მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, ემისიების შემცირებით უარყოფითი შედეგის შემსუბუქება შესაძლებელი და სასურველია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰაერის დაბინძურება გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ სხვა ეფექტებს ერთგვარად ნიღბავს კიდეც. შესაბამისად, შეუნიღბავ გარემოსთან გამკლავებაც მოგვიწევს.
აქედან გამომდინარე, ავტორები ამბობენ, რომ მიტიგაცია და ადაპტაცია ერთნაირადაა საჭირო. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები