14 სექტემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მორიგ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით, ამჯერად გორში.

ქალაქში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და რომლის მოსახლეობამაც 2008 წლის ომი, შეიძლება ითქვას, ყველაზე მტკივნეულად იგრძნო. ქართული ოცნების დამფუძნებელმა შემდეგი სიტყვები გააჟღერა:

"ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

ივანიშვილის ამ განცხადებას ქართულ საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა. მეორე დღეს მოქალაქეებმა აღნიშნული მიმართვა პარლამენტთან აქციითაც გააპროტესტეს.

დიდი უკმაყოფილება გამოითქვა სოციალურ ქსელებში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მხრიდანაც, ისინი ბოდიშს დაღუპულ გმირებს უხდიდნენ — ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გამო.

საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, "ივანიშვილის ბოდიში" დიდად მოიწონეს კრემლსა და რუსულ, პროპაგანდისტულ მედიაში.


რა გვითხრა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ 14 სექტემბერს? ვის გაუგზავნა თვისი სათქმელი? და ზოგადად, როდის დგება დღის წესრიგში ბოდიშის მოხდის საკითხი კონფლიქტების მოგვარების გზაზე?

ამ კითხვებით, კონფლიქტოლოგ ვანო აბრამაშვილს მივმართეთ.

პირველ რიგში მინდა შეაფასოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული თემის ამ ფორმით და ამ დოზით წამოწევის საკითხი. წინასაარჩევნოდ მყისიერად გააქტიურებული ეს თემა რაზე გვაფიქრებს საქართველოს მოქალაქეებს?

ამ საკითხის წინ წამოწევა არ არის ახალი ქართული პოლიტიკისთვის. ყველა მთავრობა, ყველაზე მეტად როცა უჭირდა, ყოველთვის მანიპულირებდა ამ თემით, შესაბამისად, ამას უკვე ხალხიც კარგად ხვდება. ამასთან დაკავშირებით გამოცდილებაც დაგროვდა, არქივები არსებობს. ყველაზე ღრმა შიდა კრიზისები როცა იწყება ხოლმე ეს არის ყველაზე მარტივი თემა — ხალხის სენტიმენტებით ითამაშონ. თუმცა, რიტორიკას არასდროს სცდება ეს საკითხი და შეიძლება ითქვას, რომ ეს (დაპირებები) რეალობასთან ახლოსაც არ არის.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ არანაირი სხვა სასაუბრო თემა აღარ აქვს დარჩენილი ქართულ ოცნებას გარდა, აი, ამ წარმოსახვითი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზების დასახვისა, რომელიც არასერიოზულია".

ეს აჩვენებს, რომ პარტიაში არც ერთი მიმართულებით პროგრესული იდეები არ არის. მათი მთლიანი კამპანია აგებულია ერთი მხრივ შიშსა და ნეგატივზე და მეორე მხრივ რაღაცა წარმოდგენებზე, რომ ჩვენ თუ ჭკვიანად ვიქნებით ოკუპირებული ტერიტორიები ძალიან მარტივად შეგვიძლია დავიბრუნოთ; რაც, რა თქმა უნდა სისულელეა, რადგან რუსეთი როგორც საოკუპაციო ძალა და როგორც სამხედრო დოქტრინით მოაზროვნე სახელმწიფო, ამ ტერიტორიებს არასდროს არ დათმობს, მით უმეტეს არსებული (პუტინის) რეჟიმის პირობებში.

რა გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა 14 სექტემბერს. დღევანდელ კონტექსტში როგორ ჟღერს მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები, ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით?

მშვიდობის, ბოდიშის და შერიგების საკითხი დგება მაშინ, როცა მთელი სტადია კონფლიქტის დარეგულირების არის გავლილი. როდესაც ბოლო ეტაპია უკვე და გადასალახია მომავალზე ორიენტირებული საკითხები, ეს ათწლეულების მერე ხდება, როცა გარკვეული პროგრესი მიღწეულია კონფლიქტში მყოფ მხარეებს შორის...

ბოდიშს კონფლიქტში მყოფ მხარეებს შორის გარკვეული პროგრესის მიღწევიდან ათწლეულების შემდეგ იხდიან".

ჩვენთან კი მინიმალურიც არ გაკეთებულა საქართველოს შემთხვევაში, ადამიანები დაყოფილები და გაუცხოებულები არიან, გვაქვს ღია აგრესიის კერა და ა.შ. ამიტომ ეს განცხადება არის ერთი მხრივ, არასერიოზული, ხოლო მეორე მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ინფორმაციას საერთოდ ვერ ფლობს განწყობების კუთხით. არაერთი საჯარო კვლევა არის ამ საკითხთან დაკავშირებით. იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ვმუშაობთ კონფლიქტების თემაზე, დაგვისვამს ეგეთი კითხვა, ბევრ სხვა კითხვასთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ ბოდიშის მოხდა არის ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული იდეა ქართულ საზოგადოებაში.

ვინც ამ გზავნილებს უმზადებს ბატონ ივანიშვილს არის ან ძალიან არაკომპეტენტური ან მას თავად აქვს რაღაც წარმოდგენები, რომ იცის ეს საკითხი".

თუ ეს გზავნილი შიდა აუდიტორიისთვის არ არის გათვლილი, მაშინ ყველაზე მეტად ცხადია, ეს აინტერესებს მოსკოვს. თუ ეს გათვლაა, მაშინ ჩვენ დავინახავთ გარე, (რუსული) აუდიტორიისთვის გათვლილ კიდევ უფრო მეტ გზავნილს, მაგრამ თუ შიდა აუდიტორიისთვის იყო ნათქვამი, მაშინ წესით ამ თემაზე საუბარი მალევე უნდა შეწყვიტონ.

და რა გათვლა აქვს ბიძინა ივანიშვილს? მას შეიძლება სჯეროდეს, რომ ამგვარი სტრატეგიით რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს?

არა, კიდევ ერთხელ, არავინ არაფერს არ დაგვიბრუნებს, ოჩამჩირის შემთხვევამაც კარგად აჩვენა ეს თუ სამხედრო თვალსაზრისით რამხელა მნიშვნელობა აქვს აფხაზეთს რუსეთისთვის, — ფლოტის ნავსადგურების დივერსიფიკაციის კუთხით.

შესაბამისად, ამგვარი სტრატეგიით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრი, რა თქმა უნდა, აბსურდია და არ მგონია თავად (ივანიშვილს) ამის სჯეროდეს, მაგრამ, ალბათ, აქვს გათვლა, რომ ხალხი დაიჯერებს.

ევროინტეგრაციის, სიღარიბის, უფლებრივი მდგომარეობის საკითხები მიჩქმალულია და საუბრობენ ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაზე, თან ამ ფორმით და ამ "გეგმით".

მაგრამ არც ხალხი იჯერებს, იმიტომ რომ საზოგადოებას უკვე ბევრჯერ აქვს ნაფიქრი ამ საკითხზე, იმუნიტეტი გვაქვს ასე ვიტყოდი, რადგან მთავრობა ამ თემას რომ "მიადგება" ხოლმე ყველანი ვხვდებით, რომ ე.ი. ხელისუფალი არაპოპულარობის ზენიტშია.

კარგი მაგალითია 2007 წელი, ნოემბრის აქციების შემდეგ სააკაშვილი გადადგა და მთელი საარჩევნო კამპანია ააგო ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, მთელი კამპანია, მაშინ როცა უმთავრესი საკითხები იყო შიდა დემოკრატია და ადამიანის უფლებები. აქაც დაახლოებით იგივეა. ევროინტეგრაციის, სიღარიბის, უფლებრივი მდგომარეობის საკითხები მიჩქმალულია და საუბრობენ ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაზე, თან ამ ფორმით და ამ "გეგმით".

განცხადების სხვა ნაწილიც რომ განვიხილოთ, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ წინა ხელისუფლებამ მოაწყო ეს ყველაფერი, დაადანაშაულა დასავლეთი — ომის პროვოცირებასა თუ ხელშეწყობაში. შეუძლებელია მსგავსი განცხადებები მხოლოდ წინასაარჩევნო რიტორიკად დარჩეს. როგორც კონფლიკტოლოგი, საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე პროფესიონალი, როგორ აფასებთ, რა საფრთხეს უქმნის მსგავსი გზავნილები ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია (რუსეთის მიერ)?

ძალიან გვაზიანებს. ამ ლოგიკას თუ მიყვებით, მაშინ არ ვიცი, გაუგებარია, რატომ შეგვაქვს გაეროში ყოველ წელს რეზოლუცია დევნილების დაბრუნების თაობაზე, ან ამხელა რესურს რატომ ვხარჯავთ იმაზე, რომ დავარწმუნოთ ხალხი/სახელწიფოები, ვინ არის აგრესორი და ოკუპანტი. თუ ჩვენი წინა მთავრობა იყო აგრესორი და დასავლეთი მონაწილეობდა ამაში, მაშინ დასავლეთს რაღას სთხოვ? — ან არაღიარების პოლიტიკაში მხარი დაგიჭიროს, ან სხვა მომიჯნავე საკითხებში...

ეს არის აცდენილი ყველაფერს, ყველა ლოგიკას, ჩვენ სტრატეგიულ ხედვებსაც, შეფასებასაც და რაც მთავარია სიმართლესაც!

ეს როგორ აისახება "არაღიარების პოლიტიკაზე"?

არაღიარების პოლიტიკა ხომ მხოლოდ საერთაშორისო სამართალზე არ დგას და ეს ჩვენ თვითონაც ხომ კარგად ვიცით? ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ საელჩოები რაღად გვინდა? ასეთ პატარა ქვეყანას მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში გვაქვს საელჩო — არაღიარების პოლიტიკის და სტრატეგიის გამო, რატომ ვიქცევით ასე თუ თავიდან ბოლომდე გვიცავს მხოლოდ საერთაშორისო სამართალი?!

ფაქტია ამას სჭირდება ორმხრივი მუშაობა.

მით უმეტეს, როცა შეერთებულ შტატებს აქვს ორპარტიული ჩანაწერი დახმარების არ გაცემის შესახებ, მათთვის ვინც აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ეს ხომ არის მასტიმულირებელი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც შეიძლება დიდად არ ღელავდნენ ჩვენთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მაგრამ ამ ჩანაწერის გამო ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდნენ.

თუ შენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აღარ მიიჩნევ პარტნიორად, დიდი ალბათობით, ისიც შეცვლის მიდგომებს, ხო?

თუ ამ სახელმწიფოების მტკიცე მხარდაჭერა აღარ გექნება, მხოლოდ საერთაშორისო სამართალზე აპელირება და დაყრდნობა ცხადია არასერიოზულია.

უნდა შევთანხმდეთ, რომ არაღიარების პოლიტიკას სჭირდება ყოველმხრივი მუშაობა და ყველა მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია, ხოლო როცა შენ თავადვე აყირავებ შენივე ლოგიკას და საკუთარ სახელმწიფოს (2008 წლის აგვისტოს ომში) აგრესორად აცხადებ, ვეღარანაირი მისასვლელი პირის სხვასთან ვერ გექნება.

როგორ ფიქრობთ, რა გათვლა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის, როდესაც მან ეს სტრატეგია აირჩია?

მე ვფიქრობ, რომ ის მოწყვეტილია რეალური საფრთხეების აღქმას, შესაძლოა მასთან მიდის გაფილტრული ინფორმაცია, ასევე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი გახდა შავ-თეთრი და აირჩია ის წიაღი, სადაც ყველაზე მეტ სიახლოვეს გრძნობს და ეს არის რუსეთი.

ალბათ, ჰგონია, რომ ქართული საზოგადოებაც მის მსგავსად ფიქრობს და ამიტომაც აგზავნის ამგვარ "მესიჯებს", მაგრამ მარტივად შეგვიძლია ვნახოთ კვლევები, გნებავთ "ბოდიშთან" დაკავშირებით, გნებავთ სხვა საკითხებთან, რომ ეს ასე არ არის.

ამიტომაც არის ეს ერთგვარი სპირალი — მცდარი გადაწყვეტილებების, და ამიტომაც ყველა შემდეგი გზავნილი, დიდი ალბათობით, იქნება დამაზიანებელი მისთვისაც და სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვისაც.