ნახეთ: როგორ შეიცვალა დედამიწა ბოლო 1.8 მილიარდი წლის განმავლობაში
დედამიწის ქანების შესწავლით მკვლევრებმა პლანეტის ფირფიტების ტექტონიკა აღადგინეს. ახლა ჩვენ ზუსტად შეგვიძლია ვიცოდეთ, თუ როგორ იცვლებოდა დედამიწა ბოლო 1.8 მილიარდი წლის განმავლობაში.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დედამიწის გეოლოგიური ჩანაწერი გამოიყენეს ასე შორეული წარსულის განსასაზღვრად. ახლა ჩვენ დედამიწის მთლიანი ისტორიის 40%-ის ვიზუალიზაცია შეგვიძლია.
კვლევას ჩინელი მეცნიერი, კხიანზი საო ხელმძღვანელობდა. ნაშრომის ნახვა ჟურნალ Geoscience Frontiers-ში შეგვიძლია.
კონტინენტების ცეკვა
ასობით მილიონი წლის უკან გადახვევით კონტინენტების მოძრაობაზე დაკვირვება ლამაზ სანახაობას გვთავაზობს. ერთ წუთიან ვიდეოში ვხედავთ, თუ როგორ გადის მილიონობით წელი და ამ ყველაფრის ფონზე კონტინენტები "ცეკვავენ".
ვიდეო დღეს არსებული რუკით იწყება და ასე ნელ-ნელა 1.8 მილიარდი წლით წარსულში ვბრუნდებით. წარსულში მოგზაურობა ინდოეთის სამხრეთით გადანაცვლებით იწყება, რასაც სამხრეთ ნახევარსფეროების გააქტიურება მოჰყვება. შედეგად ვხედავთ გონდვანას ძველ კონტინენტს.
დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ, როდესაც დედამიწაზე დინოზავრები დააბიჯებდნენ, გონდვანა სხვა კონტინენტებთან გაერთიანდა და შექმნა დიდი სუპერკონტინენტი სახელად პანგეა.
ვიდეო გრძელდება და ვხედავთ, როგორ ჩამოყალიბდა თავად გონდვანა. კიდევ უფრო შორეულ წარსულში ვხედავთ ძველ სუპერკონტინენტს, სახელად როდინიას.
შემდეგ ვხედავთ იმას, თუ როგორ ჩნდება თავად როდინია. ის ნუნას კონტინენტის დაშლის შედეგად, დაახლოებით 1.35 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა.
ტექტონიკური ფილების მოძრაობის აღდგენა მნიშვნელოვანია, რადგან ეს გვეხმარება გავიგოთ ის, თუ როგორ და როდის იცვლებოდა პლანეტაზე კლიმატი. ეს საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიგოთ დედამიწის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ისტორია.
კომენტარები