ისრაელის კომუნიკაციის მინისტრის განცხადებით, ისრაელში ყატარული ტელეკომპანია Al Jazeera-ს ოფისი დაიხურება, მის ჟურნალისტებს კი ქვეყნის მასშტაბით მუშაობის აკრედიტაცია გაუუქმდებათ.

ეს განცხადება მინისტრმა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და მასზე ალ ჯაზირას ჟურნალისტები არ დაუშვა.

მინისტრის განცხადებით, არხს სხვადასხვა ჯგუფები ძალადობის წასახალისებლად იყენებენ. კერძოდ, საუბარია იერუსალიმში პალესტინელთა და ისრაელელთა დაპირისპირებაზე, რასაც ალ ჯაზირა აშუქებდა. ისრაელის მთავრობის მოსაზრებით, ყატარული ტელეარხი სიტუაციას განზრახ ძაბავს და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას. ტელეარხი ბრალდებას უარყოფს.

ისრაელის კომუნიკაციის მინისტრი პარლამენტს მიმართავს, რომ მისი მოთხოვნა მომავალ სესიაზე განიხილოს. მისი თქმით, ის ყველა ლეგალურ გზას გამოიყენებს, რომ ის [ალ ჯაზირა] "რაც შეიძლება მალე დასრულდეს".

ალ ჯაზირა ისრაელის გადაწყვეტილებას თავისუფალ პრესაზე შეტევად მიიჩნევს და იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება აღსრულდება, სასამართლოში ჩივილს გეგმავს.