როგორ ნადირობდნენ ადამიანები მამონტებზე
მკვლევრებმა შეისწავლეს თუ როგორ ნადირობდნენ ადრეული ადამიანები მამონტებზე. კვლევამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ადამიანები მამონტებზე სანადიროდ მიწაში ჩარჭობილ შუბებს იყენებდნენ.
ჩრდილოეთ ამერიკაში 13 000 წლით დათარიღებულ არტეფაქტებს შორის ყველაზე ხშირად ბასრი კლოვისის იარაღები გვხვდება, რომლებიც დამზადებულია რქისგან, კაჟისაგან და იასპისგან.
ეს სპეციალური იარაღი, რომელიც პირველად ნიუ-მექსიკოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, დაახლოებით ადამიანის ხელის გულის სიგრძისაა. ასეთი იარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი მამონტის ჩონჩხებთან ერთად აღმოაჩინეს. ის თუ ზუსტად როგორ იყენებდნენ ადამიანები ამ იარაღებს, ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.
ზოგიერთი თეორიის თანახმად, ეს სპეციალური წვერები დამაგრებული იყო შუბებზე, რომლებსაც მამონტების ალყაში მოსაქცევად იყენებდნენ.
იმ პერიოდში ასეთი იარაღის დასამზადებლად შეზღუდული რაოდენობის მასალა არსებობდა. ამიტომ, მეცნიერები თვლიან, რომ უძველესი ადამიანები ამ რესურს მარტივად ვერ გაფლანგავდნენ.
მამონტისთვის ნასროლი ასეთი იარაღი სწორედ რომ გაფლანგული იარაღი იქნებოდა. და, აი, ახლა ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ PLoS One-ში გამოქვეყნდა, მონადირეები შუბებს მიწაში ფლავდნენ, ხოლო მათ წვეტებზე შესაბამის იარაღს ამაგრებდნენ.
"ერთია, როდესაც შუბს ადამიანი ისვრის და მეორე, როდესაც მას ათ ტონიანი ცხოველი მთელი სიჩქარით ეჯახება. მეორე შემთხვევაში იარაღი ბევრად უფრო მომაკვდინებელია", — თქვა კვლევის თანაავტორმა, ჯუნ სუნსერიმ.
ასეთი ტექნიკა გამოიყენებოდა ცხენების შესაჩერებლად ბრძოლებში, მაგრამ აქამდე არ არსებობდა მტკიცებულება, რომ მას ლითონის იარაღების გამოჩენამდე მიმართავდნენ.
მკვლევრების თქმით, ასეთ დროს შუბი მსხვერპლში უფრო ღრმად შედის, რაც იარაღს მომაკვდინებელს ხდის.
"ეს სტრატეგია ქვის ხანაში იდეალური იარაღი იქნებოდა და როგორც ჩანს, მას ადამიანები ათასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ", — აღნიშნულია კვლევაში.
კომენტარები