ჰიბრიდული ომის ბავშვები
ვუძღვნი ჩემი შეუცვლელი მასწავლებლისა და საქართველოს პატრიოტის, ისტორიკოს ნინო აბულაძის ხსოვნას.
2024 წლის 31 ივლისს, საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ყოვლისმომცველი გადახედვის პროცესშია. საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები, შეუსაბამოა ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებთან, შედეგად, აშშ (ბილატერალური თანამშრომლობის ისტორიაში პირველად) აჩერებს $95 მილიონზე მეტი ოდენობის დახმარებას, რომლითაც სარგებელს უშუალოდ საქართველოს ხელისუფლება ნახულობდა. ამასთან, ენტონი ბლინკენმა მტკიცედ გაუსვა ხაზი იმას, რომ აშშ იყო და რჩება ქართველის ხალხის უცვლელ მხარდამჭერად მათი ისტორიული მისწრაფებების გზაზე. მიუხედავად ამ დამაიმედებელი მხარდაჭერისა, გინახავთ ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც ინდივიდუალურად შეძლებენ წარმატებულ დასავლურ დემოკრატიად პოზიციონირებას, მაშინ როცა მათი სახელმწიფოს ლიდერი ჰამასის, ჰეზბოლაჰისა და თალიბანის (ტერორისტული ორგანიზაციების) ლიდერებთან ერთად ესწრება პოლიტიკურ ვიზიტებს ირანში, იმავე დროს როცა სტრატეგიულ პარტნიორებს მტრებად მოიხსენიებს? — ეს შეუძლებელია.
ზუსტად 10 წლის თავზე იმ დღიდან, როცა მე და ჩემმა, აწ უკვე, მეგობრებმა და კოლეგებმა პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ემოციაგამქრალი ვუსმენდი ბატონი ბლინკენის განცხადებას. წარმოუდგენელი იყო იმის დაჯერება, რომ პლანეტის სუპერსახელმწიფოს ოდესმე იმაზე დასჭირდებოდა ხაზგასმა, თუ რამდენი მილიარდი აშშ დოლარი აქვს გადმორიცხული ამერიკას ჩემს სამშობლოში ბოლო 32 წლის განმავლობაში, რას მოხმარდა ის და ამიერიდან როგორ გაანაწილებს ამ თანხას. თავი შუა აღმოსავლეთის, ან აფრიკის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე მეგონა. განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე კვირით ადრე ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, ხოლო ნატოს 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და ალიანსის ურთიერთობებში ყველაზე დრამატული მოვლენა იყო. საქართველო არათუ დაუბრუნდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ფორმატს, არამედ დეკლარაციაში საერთოდ არ უხსენებიათ. ეს კი, ყველა იმ თვალსაჩინო პოლიტიკური პირველობის, შრომის, სისხლის და დაკარგული სიცოცხლის შემდეგ, რაც ჩვენმა დებმა და ძმებმა გაიღეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში… იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო ერთხელ და სამუდამოდ დაჰბრუნებოდა იმ ისტორიულ ოჯახს, სადაც ჯერ საბჭოთა კავშირმა არ მიუშვა, შემდეგ კი მისმა მუმია რუსეთმა — სამომავლო მკვდრეთით აღდგენისთვის, კანოპაში შენახულ ორგანოდ გაიმზადა.
სახელმწიფო დონის ისტორიული ტრაგედიები, როგორი მოსალოდნელიც უნდა იყოს, არც მათ ფორმას არ ცვლის და არც შინაარსს, არც მათდამი მზაობას, შედეგებს და მომასწავებელ კატასტროფებს, რომელსაც უკანასკნელი 10 წელია, ვიმკით. თუმცაღა, ეს წერილი ტრადიციულ, შეცდომების ანალიტიკას არ ემსახურება. აკადემიურ-პოლიტიკურ დისკურსს, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერების კოჰორტა წლებია, ვეწევით, ფაქტია, რომ ამ ბრძოლაში საკმარისი შედეგი არ დაუდია. დოქტორი მარკ გალეოტის, რუსეთის ჰიბრიდულ ომთან გამკლავების ხედვას რომ დავესესხო — "Georgia must fight narrative war back" ("საქართველომ უნდა იბრძოლოს საინფორმაციო ომის წინააღმდეგ") — ფაქტია, რომ ვერ შევძელით; განა იმიტომ, რომ საკმარისად არ ვიბრძოლეთ, არამედ იმიტომ, რომ ტოტალური თავდაცვა ვერ განვახორციელეთ. მანამ, სანამ ჩვენ, ჩვენს "სოციალურ ბუშტში" საუკეთესო სტრატეგიებზე ვმუშაობდით, ჩვენი მტრები ჩვენს მოწყვლად მეგობრებსა და ახლობლებს თავიანთი საჭიროებების ენაზე ესაუბრებოდნენ. შედეგად, წლებთან ერთად, განა, უბრალოდ, სხვადასხვა პოლუსებზე აღმოვჩნდით, ჩვენს შორის ისეთი უფსკრულები გაჩნდა, რომლებმაც გეომეტრიული პროგრესიის კურსი აიღო. ერთსა და იმავე ომსა და ოკუპაციაში გაზრდილ თაობაში ისეთი ინდივიდუალური განშტოებები ჩამოყალიბდა, რომლებიც სრულიად განსხვავებულად აიდენტიფიცირებენ მტერსა და მოყვარეს. ამასთან ერთად, გაუგონრად მტკივნეული ის რეალობა აღმოჩნდა, რომელშიც ჩვენი თანამებრძოლები მტრის "სასარგებლო იდიოტები" გახდნენ. კიდევ უფრო შეუძლებელი კი, იმის მოცემულობად მიღება გახდა, რომ ზოგიერთი მათგანი, მთელი ამ დროის განმავლობაში, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა და დღეს ჩვენ გვიწოდებს "უცხოური გავლენის აგენტებს".
სიტყვა "ჩვენ" რომ დავთვალოთ, უკვე 9-ჯერ გავიმეორე; ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც აცნობიერებ, "ახლა შესაბამისი დროა". ჩემთვის კი, ეს დრო იმ ადამიანების თვალებში ჩამქრალმა ცეცხლმა დააყენა, რომელთან ერთადაც წლებია, ვიბრძვი და ყველაფერი გამოგვივლია დაღლილობის გრძნობის გარდა.
2014 წელი იყო, როცა პირველად შევხვდი ჩემს თანამოაზრე 16-17 წლის ახალგაზრდებს. აგვისტოს ომიდან 6 წელი იყო გასული. ყველა ემოციას ერთნაირად გადმოვცემდით. ის პოსტ-რევოლუციის თაობა ვიყავით, რომელიც "კერასინკას" ჭოჭინით ეჯახებოდა, რომელმაც ინგლისური ქართულთან ერთად ისწავლა და განათლების ყველა რეფორმა შეეხო, რასაც კი უარსებია. ჩვენი პირით ისევ ის 9-10 წლის ჩვენი თავები საუბრობდნენ, რომელთაც ყველაფერი რუსული ზუსტად იმ წამებში შეზიზღდა, როცა რუსულმა ბომბდამშენმა გორში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. ყველას სხვადასხვა ისტორია გვქონდა: ზოგიერთს რუსი ბებია გვყავდა, ზოგს რუსი ნათესავი, ზოგს დაჭრილი და გარდაცვლილი ნათესავი, ან მეზობელი. იმ ბომბდამშენის ხმა თურმე ყველას ზუსტად ერთნაირ კოშმარად გვახსოვდა, და მას შემდეგ ყველა მფრინავი ობიექტის დანახვაზე ველოდით, რომ ბომბები უნდა ჩამოყრილიყო. ომმა ყველა გაგვაერთიანა, თუმცა, კონკრეტულად ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებდა — "საქართველოში ნატოში!".
გგონიათ, არ ვიცოდით, რომ საქართველო რუსეთს ვერასდროს მოერეოდა?! — საქმე სხვა რამეში იყო. გვინდოდა, ყველა ნაბიჯი ენანა პუტინს, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ გადმოდგამდა. ჩვენებურ ქართულად, მგლისთავიანების გენით — "გორგასლურად", "დავითაღმაშენებლურად" და "სამასარაგველურად" — უნდა დაგვებრუნებინა წართმეული და გვეზღვევინებინა ყველა ახალი ჩანაფიქრი. ამას კი, მხოლოდ ძლიერი ბიჭების გუნდში ყოფნით შევძლებდით. გვეტყოდა თუ არა რომელიმე პოლიტიკოსი ტელევიზიით, საკუთარი გამოცდილებით ვიცოდით რომ "ორდროშობანაშიც", "დახუჭობანაშიც", "წრეში ბურთშიც", "ლახტშიც", "ბადმინტონშიც" თუ ნებისმიერ სხვაში, "არჩევანი-არადანის" დროს ყველას ძლიერი/ჭკვიანი მოთამაშეები და ხარისხიანი აღჭურვილობა უნდა თავისთვის, იმიტომ, რომ გამარჯვება უმეტესწილად მათია, მარცხის დროს კი, დანაკარგები — მინიმალური…
2014 წელი იყო, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე პუტინის რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენდა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვისხედით, როცა ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, უილიამ ლაჰიუ, გვესტუმრა. პატარები ვიყავით, ბევრი უაზრო კითხვა დაისვა, თუმცა, ამაზე მეტი — გონივრული. ბუქარესტის სამიტის დაუზუსტებელი პირობა, ორმხრივი ურთიერთობები, უკრაინის კრიზისი, MAP-ით თუ MAP-ის გარეშე გაწევრიანება, თითქმის ყველაფერი გავიარეთ. ბატონი ლაჰიუ არ დაღლილა, წყალიც არ მოუსვამს, თითქმის ორი საათი ისე გავიდა, არ შეუსვენია. ჩვენ მაშინ გერმანიასა და საფრანგეთზე ვიყავით გაბრაზებულები, ვფიქრობდით, რომ მათი სისუსტის ბრალი იყო აგვისტოს ომიც და ისიც, რომ პუტინს უკვე გზა ხსნილი ჰქონდა უკრაინის ოკუპაციისთვის. პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის, 2008 წლის სიტყვებს ვიხსენებდით, რომ "თუ კოლექტიური დასავლეთი რუსეთს საქართველოში არ შეაკავებდა, ხვალ იქნებოდა უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთიც…". ბატონმა ლაჰიუმ დიპლომატიურად გვირჩია, რომ ასეთ სიტუაციაში "სწორედ იმ ქვეყნებთან გვემუშავა საპირისპიროს მტკიცებით, რომელთაც საქართველოს ნატოში წევრობაზე მტკიცე უარი ჰქონდათ გაცხადებული, იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრები თუკი 2008-ში გვედგნენ მხარში, ისინი 2014-შიც მხარში გვედგებოდნენ და მერეც". ერთ-ერთი დილეტანტური კითხვის შემდეგ კი, სტუმარმა ძალიან მკაცრად მოუჭრა სიტყვა ავტორს, რომ "უკეთესი იქნებოდა, თუ ჩვენი ყოფილი ხელისუფლება, ბევრად უფრო რაციონალურ და არაგადაჭარბებულ მოლოდინებს შექმნიდა საზოგადოებაში".
იმ დღის შემდეგ, უამრავი რამ შეიცვალა ჩვენს ხედვებსა და მისწრაფებებში. მივხვდით, რომ ყველაფერი იმაზე გაცილებით რთულად იყო, ვიდრე ჩვენი პატარა ტვინები იტევდა. ჩვენ ფაქტობრივად არაფერი არ ვიცოდით, სწორედ ამიტომ უნდა გვესწავლა ბევრი და პარტნიორებისთვის მხარდაჭერის მოთხოვნამდე, პირველ რიგში, რაციონალური განსჯით შეგვეხედა საქართველოს მაშინდელი საერთაშორისო პოზიციონირებისთვის. შესაბამისად, გაიზარდა ჩვენი ახალგაზრდულ სამიტებში, კონფერენციებზე, პოლიტიკურ დებატებსა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის სურვილიც და ხარისხიც. რაც უფრო მეტ ახალ პროექტში ვმონაწილეობდით, მით უფრო იზრდებოდა ჩვენი რიგები. ხშირად გაკვეთილებს ვაცდენდით, რომ მეორე დღეს კარგად მომზადებულები გამოვსულიყავით დებატებში. საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების ლიდერების როლებს ვირგებდით, მათ საგარეო პოლიტიკის და თავდაცვის სტრატეგიულ გეგმებს ვსწავლობდით. ყველა მხრიდან გვსურდა დაგვენახა ჩვენი პირადი პრობლემა. გვინდოდა, გვცოდნოდა ყველა შესაძლო დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. წლებთან ერთად, გაიზარდა ჩვენი ცოდნა და, შესაბამისად, დაიხვეწა დასმული კითხვების ხარისხიც, არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც.
სანამ ჩვენი თანატოლები დაგვცინოდნენ "შარვალ-კოსტუმიან" სიმულაციებში თამაშებზე და "ვიღაც ცნობილებთან" ფოტოების გადაღებაზე, ჩვენ ყველა შესაძლო შანსს ვეძებდით გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კამერების და პოლიტიკოსების გარეშე, პირდაპირი კომუნიკაციისთვის. ჩვენ გვჭირდებოდა, გვცოდნოდა, როგორი უნდა გამხდარიყო საქართველო, რომ მიუხედავად გეოპოლიტიკური მდებარეობისა, მიუხედავად მისი პატარა ზომის და რუსეთთან საზღვრისა, მნიშვნელოვანი, რეგიონული დასაყრდენი ყოფილიყო გავლენიანი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის. სასაცილო იყო თუ არა, მშობლების (ზოგიერთ შემთხვევაში, ემიგრაციაში მყოფი) მოცემული ჯიბის ფულით პიჯაკების ყიდვა? ხშირად სრულიად შეუფერებელი ფეხსაცმლით წასვლა სასტუმროებში კონფერენციებზე, რადგან პიჯაკის გარდა ფული სხვა რამეზე აღარ გვეყო? უფრო ხშირად, ფურშეტებზე დაძაბულობის გამო ვერმირთმევა, იმიტომ რომ იმ დღის სტუმარი შეიძლებოდა მალე წასულიყო და ვერ შევხვედროდით? — ვისთვის კი, ვისთვის არა. ჩვენ იმით ვიბრძოდით, რაც გვქონდა და უფრო ხშირად იმით, რაც არასდროს გვქონია.
წლების ამგვარმა დინებამ კი, თავისი ლოგიკური შედეგი გამოიღო. ჩვენმა პატარა პროფესიულმა კოჰორტამ სხვა პროფესიულ ჯგუფებთან ერთად მნიშვნელოვან, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ძალად დაიწყო ჩამოყალიბება. ჩვენი სიტყვები გახდა სანდო და პოზიციები — ანგარიშგასაწევი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორების თვალში. რაც შეგვეძლო, ვისწავლეთ, სანამ შეგვეძლო, უფასოდ ვისტაჟიორეთ და დავიწყეთ (ან ვერ) მუშაობა. მივიღეთ ბევრი ღირსეული და უღირსი შემოთავაზება, ზოგს დავთანხმდით, ზოგი, რა თქმა უნდა, "Russki korabl"-ის გზას გავუყენეთ. გავიჩინეთ ბევრი მეგობარი და მტერი, თუმცაღა, გაგვიმართლა, რომ თავის დროზე საქართველოს ისტორია კარგად ვიკვლიეთ და ამ გზაზე დიდ მოულოდნელობად არაფერი მიგვიღია. გვავალდებულებდა თუ არა ეს, დავრჩენილიყავით საქართველოს საუკეთესო ინტერესების სადარაჯოზე ყველგან და ყოველთვის, რომ გვებრძოლა ზუსტად ისე, როგორც მაშინ — ერთი პიჯაკით, საღამომდე მშივრებს? ჩვენ მოვითხოვეთ, ჩვენ ვიბრძოლეთ და ჩვენვე მივიღეთ — არავის დავუვალდებულებივართ. გვეგონა თუ არა, რომ ასე ცხოვრობდა ჩვენი თაობის (და არა მხოლოდ) ყველა ის წარმომადგენელი, ვისაც ჩვენსავით ახსოვდა იმ ბომბდამშენის ხმა?! თუ ის ხმა არა, ნუთუ არ ახსოვდა რუსეთის მოკლული: გიორგი ანწუხელიძე, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და სხვა ყველა, ვისი სახელიც ლეგიონია?! სამართლიანია, შეიძლება ყველას ჩვენი იდენტური ხედვები არ ჰქონოდა, თუმცა, ნამდვილად გვწამდა, რომ ჩვენი თაობის უმრავლესობა იმით ებრძოდა რუსეთს, რაც ხელში ეჭირა. ჩვენ შევცდით.
წლებთან ერთად მიღებული ცოდნის პარალელურად, იზრდებოდა ჩვენი საფუძვლიანი შიში იმაზე, რომ რუსეთის მიერ ნაწარმოები, ტრანსფორმირებადი, მრავალწახნაგიანი ომის ხარისხი არასათანადოდ იყო აღქმული ჩვენსავე პროფესიულ წრეებში. აშკარა იყო, რომ ბევრი ჩვენი თანატოლი თუ უფროსი მეგობარი, აკადემიისა თუ საჯარო უწყების წარმომადგენელი, არასაკმარისად სერიოზულად აღიქვამდა დრამატულად პროგრესირებად ვითარებას. აღმოჩნდა, რომ ერთსა და იმავე პრობლემას სხვადასხვა განზომილებაში აღვიქვამდით და, შესაბამისად, განსხვავდებოდა მოსალოდნელი მარცხების მასშტაბის შეგრძნებაც. დასავლეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლებამიღებული პროფესიონალები, წლების განმავლობაში, რა მანქანებით უნარჩუნებდნენ სახეს რუსულ რეჟიმს, ჩვენთვის ხშირად აუხსნელი იყო. რა ძალით შეეძლოთ საერთაშორისო კონფერენციებზე, ფორუმებსა და დიპლომატიურ შეხვედრებზე ოფიციალური სტატუსებით (შესაბამისი ანაზღაურებითვე) წარედგინათ საქართველო და ემტკიცებინათ პარტნიორებისთვის, რომ თავიანთი სამშობლო "გასაოცარი დემოკრატიაა", მაშინ, როცა მათზე კარგად არავინ იცოდა რეალური ვითარება?!
ხშირად მიფიქრია, ზედმეტად ხომ არ ვადრამატულებდი მოცემულობას და რომ იქნებ მათ თავიანთი სტრატეგია ჰქონდათ — ძალაუფლებასთან ახლოს ყოფნით გავლენა მოეხდინათ ქვეყნის კურსის გადარჩენაზე. წლები გადიოდა და რეალობა საპირისპიროს ამტკიცებდა ერთი ისტორიული მარცხიდან მეორემდე. უბრალო ხალხისგან აკრებილი გადასახადებით შედგენილი ბიუჯეტის ფულით, ისინი წარადგენდნენ და დღემდე წარადგენენ საქართველოს საერთაშორისო მივლინებებში, ფორუმებსა თუ სწავლებებზე: დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუციური განვითარების, ანგარიშვალდებულების, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების თუ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების კუთხით. მართლაც საინტერესოა, კიდევ რამდენი ისტორიული ტრაგედია უნდა შეგვემთხვეს, რომ ეს პიროვნებები მსოფლიოს წამყვან წერტილებში სიამაყით არ წარადგენდნენ იმ ხელისუფლებას, რომელიც მათსავე მასპინძლებს "საქართველოს მტრების, აგენტების და რევოლუციური ძალების" სახელით ადანაშაულებს პარალელურ რეჟიმში. კიდევ რამდენ ნაწილად უნდა გაგვხლიჩოს მოსკოვმა, რამდენ გამოუსწორებელ ჩიხში უნდა შევიდეს ქვეყანა, რომ ამ ომის ანბანის საუკეთესო მცოდნეები, საუკეთესო აღჭურვილობით, არასწორი ნაპირისკენ არ აგრძელებდნენ ცურვას?!
ახლა 1-ელი აგვისტოს ღამეა, ზუსტად 16 წელი გავიდა იმ დღეებიდან, როცა პუტინმა ჩვენი მომავალი გადმოიღო და რუსულად გადაწერა. დარღვეული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, მცოცავი ოკუპაციის, მავთულხლართების უკან მოყოლილი, აჭედილი ეკლესიებიდან გატაცებული ჩვენი მოქალაქეების წამების და მკვლელობის, ჩამონგრეული ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუციების, დესტრუქციული საგარეო პოლიტიკის ფონზე დაკარგული ისტორიული შანსების, მორყეული სამოქალაქო საზოგადოების, ძლივს მიღწეულის გაქარწყლების 16 წელი შესრულდა. რუსულმა მრავალშრიანმა ჰიბრიდულმა საწამლავმა ყველაფერში შეაღწია და ყველა მხრიდან ამოხეთქა. საქართველომ თვითგანადგურების სტადიას ისე მიაღწია, მტერი არც კი წამომდგარა ფეხზე. პირიქით, სავარძელში მოკალათებული დიდ ეკრანზე უყურებს ჩვენს "შიმშილის თამაშებს". ყველაზე მტკივნეული კი ისაა, რომ ჩვენს ძლიერ მხარეებს ჩვენსავე სისუსტედ აქცევს და ამ წარმატებაში, ჩანს, იმაზე ნაკლები აქვს გაღებული, ვიდრე სხვა რომელიმე ომში გადაუხდია.
დღესდღეობით ჩვენი სამშობლო ისეთ კრიტიკულ ფაზაშია, როგორიც ფაქტობრივად არ დამდგარა მისი დამოუკიდებლობის ისტორიაში და, შესაბამისად, არც ჩვენს თვალებს შეუძლიათ უყურონ უწინდელი შემართებით. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ცხოვრებაში პირველად, საჯაროდ მეთქვა ყველა მფრინავი ობიექტიდან ბომბების მომლოდინე ბავშვებისთვის, რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, რაც უსტატუსო, უფულო და უზურგო თაობას შეეძლო გაეკეთებინა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, რაოდენ "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა" უნდა იყოს. არ დაგღალოთ იმ წარუმატებლობებმა, რომლის მიზეზიც თქვენ არასდროს ყოფილხართ. პირიქით, მინდა წარმოიდგინოთ, სად იქნებოდა ჩვენი სამშობლო, ყველა იმ ელემენტარული თუ გრანდიოზული გამარჯვევების გარეშე, რომლისთვისაც ჩვენ ღამეები დაგვთენებია, მაგრამ მხოლოდ საქართველომ თუ იცის ამის შესახებ. ხვალ თუ არა, მაზეგ მაინც გავიმარჯვებთ და გვეცოდინება, რომ ეს გამარჯვება ღირსეულად დადგა. მთავარი, რაც პუტინს (და ყველა მის მესვეურს) ავიწყდება, ისაა, რომ ჩვენ მისსავე ნაწარმოებ ომთან ერთად ვტრანსფორმირდით. ყველაფერი ვნახეთ და გამოვცადეთ, ყველაფერს ვცნობთ და გვესმის. მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ადრე. რაც აქამდე უპირობოდ ამართლებდა, ის ჩვენზე აღარ მუშაობს. ჩვენმა ორგანიზმმა ამ ჰიბრიდული საწამლავის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება დაიწყო, რადგან, როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ჰიბრიდული ომის ბავშვები ვართ!
კომენტარები