რატომ ჰგვანან ძაღლები თავიანთ პატრონებს — რას ამბობს მეცნიერება
თქვენც შენიშნავდით, რომ ძაღლები ზოგჯერ თავიანთ პატრონებს ჰგვანან. ნამდვილად ასეა თუ გვეჩვენება? თუ ასეა, მაინც რა შეიძლება განაპირობებდეს მსგავსებას?
"ეს ყველა პატრონისა და ძაღლის შემთხვევაში უნივერსალური ფენომენი არაა, თუმცა მონაცემები არსებობს იმის შესახებ, რომ წმინდასისხლიანი ძაღლები და პატრონები გარკვეულწილად ერთმანეთს ჰგვანან", — ხსნის კატრინა ჰოლანდი, მკვლევარი ცხოველების საქველმოქმედო ორგანიზაციაში Dogs Trust.
ასევე იხილეთ: 10 ფოტო, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ხშირად ძაღლები პატრონებს ჰგვანან
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს წარმატებით შეუძლიათ შეუსაბამონ წმინდასისხლიანი ძაღლების სურათები მათი პატრონებისას; ამას იმაზე ხშირად ახერხებენ, ვიდრე გამოცნობისას. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მონაწილეებმა ძაღლები პატრონებს წარმატებით მიუსადაგეს იმის მიუხედავად, ნამდვილი წყვილების ამოცნობა მოეთხოვებოდათ თუ ერთმანეთის მსგავსი ძაღლებისა და ადამიანების. მიგნება იმაზე მეტყველებს, რომ ამ დასკვნებს ადამიანები გარეგნობის მიხედვით აკეთებენ და არა რომელიმე სხვა ელემენტის.
ცნობილია ისიც, რომ გარეგნობის ზოგიერთი ასპექტი დანარჩენებზე მნიშვნელოვანია. 2015 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ სახე, განსაკუთრებით თვალები, მსგავსების აღქმაზე უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე სხვა მახასიათებლები, თუნდაც ვარცხნილობა, სხეულის ზომა და ფიზიკური სიჯანსაღე.
მკვლევარმა მონაწილეებს პატრონებისა და ძაღლების რეალური და ყალბი წყვილები აჩვენა; სახეების ზოგიერთი ნაწილი დაფარული იყო. მონაწილეები ერთნაირი წარმატებით ადგენდნენ წყვილის სინამდვილეს, როცა მხოლოდ თვალის არეალს ხედავდნენ, როცა სახე სრულად ჩანდა ან როცა მხოლოდ პირი იყო დაფარული. მაშინ, როცა თვალის არეალი იყო დაფარული, მონაწილეთა წარმატება 50-50-ზე მაჩვენებლამდე დაეცა.
მაშ, თუ მსგავსება მართლაც არსებობს, რა განაპირობებს მას? ჩვენს მსგავს ძაღლებს ვირჩევთ შინაურ ცხოველებად თუ თავად ძაღლები გვემსგავსებიან დროთა განმავლობაში? კვლევების მიხედვით, უფრო პირველი.
2004 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში ადამიანისა და ძაღლის მსგავსება არ კორელირებდა იმასთან, თუ რამდენი დრო გაატარეს მათ ერთად. კვლევის მონაწილეები წარმატებით ცნობდნენ ძაღლისა და პატრონის წყვილებს, ამას კი პატრონობის დროის განურჩევლად ახერხებდნენ. გამოდის, ადამიანები ისეთ ძაღლებს ირჩევენ, რომლებიც მათ თავიდანვე ჰგვანან.
ერთი ჰიპოთეზა ისაა, რომ ადამიანებს, როგორც წესი, გარეგნულად თავიანთი მსგავსი ადამიანები (მათ შორის რომანტიკული პარტნიორები) იზიდავთ; მკვლევრები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, მსგავსი რამ ცხოველების არჩევის დროსაც ხდებოდეს.
"ალტერნატივის სახით, უბრალო ექსპოზიციის ეფექტის გამო შეიძლება ისეთ ძაღლებს ვანიჭებდეთ უპირატესობას, რომლებიც გარკვეულწილად გვგვანან. ამ ფენომენის დროს ადამიანები ნაცნობ ობიექტებს (მაგალითად, საკუთარ სახეებს, რომლებსაც სარკეში ხშირად ხედავენ) ამჯობინებენ ისეთებს, რომლებიც არასოდეს ან უფრო იშვიათად უნახავთ", — ამბობს ჰოლანდი.
უბრალო ექსპოზიციის ეფექტის მაგალითია ისიც, როცა პირველი მოსმენისას სიმღერა დიდად არ მოგვწონს, თუმცა იგი მიმზიდველი ხდება, როცა სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება. ადამიანები თავიანთ სახეებს მუდმივად ხედავენ, განმეორებითი ექსპოზიციის გამო კი თავიანთის მსგავს სახეებს ანიჭებენ უპირატესობას, მათ შორის ძაღლების შემთხვევაშიც.
საგულისხმოა ისიც, რომ საქმე მხოლოდ გარეგნობას არ ეხება. ახალი კვლევის მიხედვით, ძაღლები და მათი პატრონები ერთმანეთს პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელის მახასიათებლებითაც ჰგვანან. ეს თვისებებია: ექსტრავერსია, თანხმობისათვის მზაობა, გამოცდილებისადმი ღიაობა, პატიოსნება და ნეიროტიციზმი. ეს მიგნებებიც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენს მსგავს — არამხოლოდ გარეგნობით, არამედ ქცევებითაც — შინაურ ცხოველებს ვირჩევთ.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა ძაღლის ქცევა პატრონის მახასიათებლებს დაუკავშირეს — კვლევა
ჰოლანდის თქმით, შინაური ცხოველის არჩევისას მხოლოდ მსგავსებაზეც არ უნდა ვიფიქროთ.
"ძაღლის პატრონობის ყველა ასპექტი უნდა გაითვალისწინოთ. მომზადება დაგეხმარებათ, რომ ახალ ძაღლთან ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ", — ამბობს ჰოლანდი — "თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ არაფერი უჭირს, რომ ძაღლი ტყუპისცალი აირჩიოთ, რომელთან ერთადაც პარკში გაისეირნებთ".
კომენტარები