მეცნიერებმა ძაღლის ქცევა პატრონის მახასიათებლებს დაუკავშირეს — კვლევა
ძაღლის ქცევასთან კავშირი სხეულის აგებულებასა და მასას შორისაც გამოვლინდა.
სან-პაოლოს უნივერსიტეტის (USP) მკვლევრებმა მეტისებსა და სხვადასხვა ჯიშის 665 ძაღლზე კვლევა ჩაატარეს და საინტერესო მიგნებებს გვიზიარებენ: ძაღლები, რომელთაც ყოველდღიურად ასეირნებენ, ნაკლებად აგრესიულები არიან; ისინი, რომელთა პატრონებიც ქალები არიან, უცნობებს ნაკლებად უყეფენ; მეტი მასის მქონე ძაღლები შედარებით მსუბუქებზე ნაკლებად ურჩები არიან; მოკლე დრუნჩის მქონე სახეობები შეიძლება უფრო ცუდად იქცეოდნენ, ვიდრე საშუალო ანდა გრძელი ცხვირის მქონენი. მკვლევართა ნაშრომს დაწვრილებით გამოცემაში Applied Animal Behaviour Science გაეცნობით.
მიგნებები მკვლევართა ჰიპოთეზას ადასტურებს: ქცევა მხოლოდ დასწავლილი ანდა გენეტიკისაგან განპირობებული კი არ არის, არამედ გარემოსთან მუდმივი ურთიერთქმედების შედეგადაც ყალიბდება.
ასევე იხილეთ: გენეტიკა თუ აღზრდა? — რა იწვევს პიტბულის აგრესიულობას
კვლევის ფარგლებში 665 ძაღლის პატრონმა სამი სხვადასხვა კითხვარი შეავსო. ისინი თავიანთ პიროვნულ თვისებებს, ძაღლების მახასიათებლებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ეხებოდა. შემოწმდა აგრესიული ქცევის არსებობაც: უცხოების მიმართ ყეფა ან მათზე თავდასხმა. კითხვარები, კერძოდ, USP-ის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა ნატალია ალბუკერკმა და სან-პაოლოს ფედერალური უნივერსიტეტის პროფესორმა კარინე სავალიმ შექმნეს.
"პატრონის გენდერი უცნობებისაკენ მიმართული ქცევის კარგი პრედიქტორი აღმოჩნდა, აგრესიულობის არარსებობა კი ქალთა ძაღლებში 73%-ით უფრო ხშირი იყო", — განაცხადა ფლავიო აიროსამ, ნაშრომის მთავარმა ავტორმა.
აღმოჩნდა, რომ აგრესიულობაზე გავლენა თავად შინაური ცხოველის სქესსაც ჰქონდა.
"პატრონის მიმართ აგრესიული ქცევის ალბათობა მდედრობითი სქესის ძაღლებში მამრებთან შედარებით 40%-ით დაბალი იყო", — თქვა აიროსამ — "დრუნჩის სიგრძე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: პატრონის მიმართ აგრესიულობა ბრაქიკეფალურ ძაღლებში 79%-ით უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე მეზოკეფალურ სახეობებში".
ბრაქიკეფალურ, ანუ მოკლე თავის მქონე, ძაღლებში დრუნჩი მოკლეა, თავის ქალა კი მომრგვალებული. მეორე მხრივ, მეზოკეფალურ სახეობებში თავის ქალა საშუალო სიგრძე-სიგანისაა და კვადრატული/სამკუთხა ფორმა აქვს.
კვლევით დადგინდა ისიც, რომ რაც მეტი იყო ძაღლის მასა, ნაკლები იყო პატრონის მიმართ აგრესიის გამოვლენის შანსი. კერძოდ, აგრესიული ქცევის ალბათობა სხეულის მასის თითოეულ დამატებით კილოგრამზე 3%-ით კლებულობდა.
გასათვალისწინებელია, რომ პატრონთან დაკავშირებული მიგნებები მიზეზშედეგობრივ კავშირებს არ ადგენს, ანუ არსებული კავშირის მიზეზებზე დაზუსტებით ვერ ვისაუბრებთ.
"კავშირები შევნიშნეთ, თუმცა შეუძლებელია ითქვას, რომელი ხდება პირველი. ძაღლის გასეირნების შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანები ძაღლს მისი აგრესიულობის გამო ასეირნებდნენ უფრო იშვიათად, ანდა ძაღლი იმის გამო ხდებოდეს აგრესიული, რომ გარეთ საკმარისად არ გაჰყავდათ", — განაცხადა კვლევის ავტორმა — "მახასიათებლებს: მასას, სიმაღლეს, თავის ქალის მორფოლოგიას, სქესსა და ასაკს ძაღლებსა და მათ გარემოს შორის ურთიერთქმედებაზე აქვს გავლენა. შესაძლოა, ცხოველი ამ ფაქტორების გამო ატარებდეს სახლში მეტ დროს, მაგალითად".
ისტორიულად, ძაღლებში აგრესიულობას ხშირად მხოლოდ მათ ჯიშს მიაწერდნენ. მიუხედავად ამისა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგად შეხედულებები შეიცვალა, ძაღლების ქცევა კი არაერთ სხვა ფაქტორს დაუკავშირდა სქესს, ასაკს, მეტაბოლიზმსა და ჰორმონებს.
საგულისხმოა, რომ მოყვანილი კვლევა ბრაზილიაში პირველია, რომლის ფარგლებშიც დაუზუსტებელი ჯიშის ძაღლების, მეტისების, მორფოლოგია და ქცევა შეაფასეს.
კომენტარები