მაიმუნის ყვავილმა უკვე 100 000 ადამიანი დააინფიცირა — რა უნდა ვიცოდეთ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ საზღვარზე მპოქსის ვირუსის, იგივე მაიმუნის ყვავილის, ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება და იგი ყველა სხვა შტამზე საშიშია.
ვირუსის აფეთქება სქესობრივი გზით გადადების შედეგია, თუმცა ფაქტები მიანიშნებს, რომ აღნიშნული შტამი კანით ახლო კონტაქტითაც შეიძლება გადადიოდეს. ინფიცირებულები არიან როგორც სკოლის ბავშვები, ასევე ოჯახები და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები.
ამასობაში სამხრეთ აფრიკაში ვირუსით უკვე სამი ადამიანი დაიხოცა. სასაზღვრო დაცვა ქვეყანაში შესულ და მისგან გასულ მგზავრებს სკრინინგს უტარებენ.
ვირუსილოგი ჩერილ უოლტერი, ჰალის უნივერსიტეტის ლექტორი, ჯერ მაიმუნის ყვავილის ისტორიასა და მის სიმპტომებზე მოგვიყვება, შემდეგ ვირუსის მუტაციების საფრთხეზე ისაუბრებს.
რა სიმპტომები აქვს?
საწყის ეტაპზე სიმპტომები არც ისე მკაფიოა. ვითარდება ხოლმე: დაღლილობა, კიდურების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, რესპირატორული სიმპტომები და გამონაყარი.
მპოქსს სხვა ვირუსული დაავადებებისგან სწორედ გამონაყარი განასხვავებს, რომელიც შეიძლება ქავილსა და ტკივილს იწვევდეს; ეს გამონაყარი სწრაფადვე გარდაიქმნება სითხიან ბუშტუკებად, შემდეგ კი სკდება და ფუფხად გადაიქცევა.
ბუშტუკებში არსებული სითხის გავლით, შესაძლოა, დაავადება სხვებსაც გადაედოთ, მაგალითად, ინფიცირებულის პირსახოცის ანდა კბილის ჯაგრისის გამოყენებით. ზოგ ადამიანს ძალიან ცოტა ბუშტუკი აქვს, ამიტომ, შესაძლოა, ისინი რთულად შესამჩნევი იყოს; გააჩნია იმასაც, თუ რა ადგილზეა გამონაყარი. ზოგს სიმპტომები საერთოდ არ უვითარდება.
ამ ვირუსის მკურნალობა, როგორც წესი, უბრალოდ მხარდაჭერას მოიცავს, ანუ პაციენტებს დასვენებას, საკმარისი წყლისა და საჭიროების შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებლების მიღებას ურჩევენ. ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს, რომელთაც დაავადება რთულ ფორმებში აქვთ, ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობენ და დაკვირვების ქვეშ ჰყავთ.
რატომ უნდა გვადარდებდეს მისი გავრცელება?
ინფიცირებულთა ძველი ნიმუშების გენეტიკური ანალიზით დადგენილია, რომ მაიმუნის ყვავილის აფეთქებას ნიგერიაში ჩაეყარა საფუძველი 2016 წლისთვის. იგი ბევრ ადამიანს გადაედო და გავრცელება თანდათან აფრიკის სხვა ქვეყნებშიც დაიწყო. მეტიც, მაიმუნის ყვავილი აფრიკის კონტინენტსაც გასცდა და მას შემდგე უკვე 116 სახელმწიფოშია დაფიქსირებული, მათ შორის საქართველოშიც.
2022 წლის ივლისში WHO-მ მპოქსი საერთაშორისო მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა.
ასევე იხილეთ: მაიმუნის ყვავილის გამო WHO ჯანდაცვის სფეროში გლობალურ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს — რას ნიშნავს ეს
მას შემდეგ 2024 წლის 27 ივნისამდე პერიოდში ვირუსმა სულ 97 745 ადამიანი დააინფიცირა. დაიხოცა 203 პაციენტი, რაც შემთხვევათა უმეტესობაში მეორე კლადის ნაკლებად სახიფათო ვარიანტებმა გამოიწვია.
მას შემდეგ მეცნიერებმა რამდენიმე უსიამოვნო რამ აღმოაჩინეს. პირველ რიგში, მაიმუნის ყვავილი ადამიანიდან ადამიანზე უკვე იოლად გადადის, მეცნიერებმა კი ზუსტად არ იციან, რატომ.
ამას გარდა, ვინაიდან ვირუსის გადადება არ წყდება, იგი მუტაციებს სწრაფად განიცდის; უკვე დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის ორი კლადი, Ib და IIb კლადები, ანუ ერთგვარი განშტოებები.
საგულისხმოა ისიც, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ლიცენზირებული ვაქცინა, რომლითაც მაიმუნის ყვავილის პრევენცია მოხერხდება. არ გვაქვს არც სპეციალური ანტივირუსული მედიკამენტებიც რისკჯგუფების სამკურნალოდ.
რა არის მაიმუნის ყვავილი?
მაიმუნის ყვავილი პოქსვირუსია, რომელიც პირველად დანიაში აღმოაჩინეს. კერძოდ, იგი აფრიკიდან 1950-იან წლებში ჩამოყვანილ მაიმუნებს გამოუვლინდათ.
თავიდან მიიჩნეოდა, რომ ვირუსი მხოლოდ მაიმუნებს ასნებოვნებდა, თუმცა 1970-იან წლებში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იგი ადამიანებშიც დაფიქსირდა. ვირუსი ინფიცირებულმა ცხოველებმა — მაიმუნებმა ანდა პატარა მღრღნელებმა — გადაიტანეს ადამიანებზე და სახელწოდება მაიმუნის ყვავილიც სწორედ აქედან მომდინარეობს.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სტიგმის შემცირების მიზნით ვირუსისთვის სახელის შეცვლის ინიციატივა გამოთქვა; შედეგად მას მპოქსსაც უწოდებენ.
მაიმუნის ყვავილი სხვა პოქსვირუსების მონათესავეა, მათ შორის ძროხის ყვავილისა და უკვე მოსპობილი ყვავილის. იგი ჩუტყვავილას არ უკავშირდება, თუმცა ინფექციის ზოგიერთი სიმპტომი იგივეა.
გენეტიკურად მპოქსი ორ მთავარ "განშტოებად" იყოფა. ერთს I კლადი ჰქვია, მეორეს კი — II კლადი. პირველი კლადით ინფიცირებისას სიკვდილის შანსი 10%-ია; მეორე კლადს, რომელიც გაცილებით დიდი გეოგრაფიულ არეალზეა გავრცელებული, სიკვდილიანობის ბევრად დაბალი, ერთპროცენტიანი, რისკი ახასიათებს.
პირველი კლადის ვირუსები, როგორც წესი, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია გავრცელებული. ნიმუშებში მას გაცილებით იშვიათად აღმოაჩენენ ხოლმე, ვიდრე მეორე კლადის შემთხვევაში. ორივე მათგანი ერთნაირად გადადის: ადამიანებს შორის მჭიდრო ფიზიკური კავშირით, მათ შორის სქესობრივი კონტაქტითაც.
შესაძლებელია ცხოველიდან ადამიანზე გადადებაც, თუმცა ჯანდაცვა ამჟამად მაღალი რისკის მქონე ადამიანებზეა ფოკუსირებული. მაგალითად, სექსმუშაკებსა და კაცებზე, რომელთაც კაცი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ. სწორედ ეს ორი ჯგუფი დააზარალა ვირუსის ახალმა აფეთქებამ ყველაზე მეტად.
ტესტის გაკეთება საჭიროა ყველასთვის, ვისაც მპოქსის სიმპტომები აქვს ანდა ახლო კონტაქტი ჰქონდა დადასტურებული დიაგნოზის მქონე ადამიანთან.
რა იქნება შემდეგ?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სააგენტოებმა მეტი ისაუბრონ ვირუსის გადადების, ტესტირების ხელმისაწვდომობისა და რისკჯგუფების დაცვის შესახებ. HIV/ AIDS-ის კრიზისის შემთხვევაში, აქაც საჭიროა, რომ სტიგმის შემცირებაზე ვიზრუნოთ.
ამას გარდა, საჭიროა სპეციალური ვაქცინა, რომელიც ახალი ინფექციებისგან დაგვიცავს. ცნობისთვის, mRNA ვაქცინის ერთ-ერთ ვარიანტზე უკვე ტარდება კლინიკური ცდები. საჭიროა უკეთესი მკურნალობის დაგეგმვა მათთვის, ვისაც დაავადება რთულ ფორმებში აქვს.
მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, თუ რატომ მოგვადგა კარს მსგავსი ვირუსი. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ისაა, რომ ყვავილის ვაქცინა, რომელსაც რუტინულად ბოლოს 40 წლის წინ იყენებდნენ, ორგანიზმს მპოქსისგანაც იცავს. ვინაიდან ბოლო დროს მეტი ადამიანია აუცრელი მონათესავე ყვავილის მიმართ, მპოქსი ახლა დაუბრკოლებლად ვრცელდება.
ყვავილი, მარტივად გადამდები ლეტალური ინფექცია, ვაქცინაციის კამპანიის წყალობით 1980-იანი წლების დასაწყისში მოსპეს. კამპანია იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე ყველას აცრა აღარაა საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინების სათადარიგო მარაგი შედარებით მცირეა და წარმოების გაფართოებას დრო დასჭირდება.
მაშასადამე, მაიმუნის ყვავილის გავრცელება მაქსიმალურად უნდა შევაფერხოთ. უკვე დადასტურებულია, რომ ვირუსი მუტაციებს განიცდის; შესაძლოა, ახალი ვარიანტები იმაზე გადამდებიც აღმოჩნდეს, ვიდრე მიმოქცევაში მყოფი სხვა ვირუსები.
კომენტარები