იუპიტერის დიდი წითელი ლაქის თავზე უჩვეულო ელვარება დააფიქსირეს
იუპიტერის ატმოსფეროში, მისი ცნობილი დიდი წითელი ლაქის თავზე, ასტრონომებმა უჩვეულო ელვარება დააფიქსირეს. ის იონოსფეროში შენიშნეს, სადაც იონიზებული წყალბადი ახლო ინფრაწითელი სპექტრის ნათებებს იწვევს, რომლებსაც თაღოვანი, სარტყლის მაგვარი ან წერტილოვანი ფორმა აქვს. ეს მიანიშნებს, რომ ამ პლანეტაზე იმაზე აქტიური პროცესები მიმდინარეობს, ვიდრე ვვარაუდობდით.
თუ იუპიტერის ამსახველ სურათებს დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ მისი ატმოსფერო ქაოსური და ტურბულენტურია, რადგან იქ მუდმივად მძლავრი შტორმებია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სწორედ დიდი წითელი ლაქაა, რომელიც იმდენად უზარმაზარია, რომ მასში დედამიწაც კი ჩაეტეოდა. მის შესწავლაში ახლა უკვე ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გვეხმარება, რომელსაც უკანასკნელ მიგნებას უნდა ვუმადლოდეთ.
ამ ობსერვატორიის ახლო და შუა ინფრაწითელი სპექტრის მაღალი გარჩევადობის კადრები საშუალებას გვაძლევს, მზის სისტემის აირის გიგანტის იონოსფერო უკეთ გამოვიკვლიოთ. იქ მზის ულტრაიისფერი გამოსხივება წყალბადის იონიზაციას იწვევს, რის შედეგადაც დადებითად დამუხტული იონები წარმოიქმნება, რომელთაც ტრიწყალბადის კათიონები (H3+) ეწოდება. მათ მიერ მკრთალი ინფრაწითელი სინათლე გამოიყოფა, რომელიც სიკაშკაშის სხვა წყაროებს ერწყმის, ამიტომ მისი დეტალურად შესწავლა აქამდე ვერ ხერხდებოდა.
იქიდან გამომდინარე, რომ იუპიტერს მზის იმ რადიაციის მხოლოდ 4% გადაეცემა, რასაც დედამიწა იღებს, მიიჩნეოდა, რომ ელვარება იქ თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული. ამის მიუხედავად, ვების მიერ აღბეჭდილი იონოსფეროს სურათების ანალიზმა ცხადყო, რომ აირში რთული სტრუქტურებია, რომელთა ფორმირებაც H3+-ის დაბალ და მაღალ კონცენტრაციას უკავშირდება.
დაასკვნეს, რომ მზის სხივების გარდა იონიზაციას კიდევ რაღაც სხვა განაპირობებს, რაც შესაძლოა, გრავიტაციული ტალღები იყოს. ისინი ატმოსფეროს ქვედა ფენებში, დიდი წითელი ლაქის მიმდებარედ, იღებს სათავეს და მაღლა მიემართება, სადაც აირის სტრუქტურებს ცვლის. ეს მიუთითებს, რომ იუპიტერის ატმოსფეროს შრეები ერთმანეთთან მჭიდროდ, აქამდე უცნობი გზებით, ურთიერთქმედებს.
კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ გრავიტაციულ ტალღებს იქ ტრიწყალბადის კათიონების ცვლილების გამოწვევა შეუძლია, მაგრამ მეტის გასაგებად დამატებითი კვლევებია საჭირო.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები