პრეზიდენტო ფოსტ, ჰარვარდის კორპორაციის წევრებო, ზედამხედველთა საბჭოვ, ფაკულტეტის წევრებო, ამაყო მშობლებო და, უმთავრესად, კურსდამთავრებულებო.

პირველ ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ჰარვარდმა არა მხოლოდ დიდი პატივი დამდო, არამედ წონაშიც დამაკლებინა — ამ გამოსვლაზე ფიქრში გატარებულ კვირებში განცდილი შიშითა და გულისრევის შეგრძნებით. ორივე მხარე მოგებული დარჩა. ახლა ისღა დამრჩენია, ღრმად ჩავისუნთქო, თვალმოჭუტულმა შევხედო წითელ დროშებს და საკუთარი თავი დავარწმუნო, რომ მსოფლიოში გრიფინდორელების უდიდეს შეკრებაზე ვარ.

გამოსაშვებზე სიტყვის წარმოთქმა დიდი პასუხისმგებლობაა; ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა, სანამ საკუთარ გამოსაშვებ ცერემონიას გავიხსენებდი. იმ დღეს ჩვენ სიტყვით მოგვმართა გამოჩენილმა ბრიტანელმა ფილოსოფოსმა, ბარონესა მერი უორნოკმა. უორნოკის გამოსვლის გახსენება ძალიან დამეხმარა ამ ტექსტის დაწერაში, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მისი ნათქვამიდან ერთი სიტყვაც კი აღარ მახსოვს. ამ შვებისმომგვრელი აღმოჩენის შემდეგ, შემიძლია უშიშრად განვაგრძო, რომ უნებლიედ არ გიბიძგებთ, გეი ჯადოქრად ქცევის ჟინით ატანილებმა ბიზნესის, სამართალმცოდნეობის ან პოლიტიკის სფეროში კარიერის შექმნის პერსპექტივა მიატოვოთ.

ხედავთ? წლების შემდეგ თუ მხოლოდ გეი ჯადოქარზე ხუმრობა გეხსომებათ, გამოდის, რომ ბარონესა მერი უორნოკს ვაჯობე. მიღწევადი მიზნების დასახვა თვითგანვითარების პირველი ნაბიჯია.

სინამდვილეში, ბევრი ვიფიქრე, რა მეთქვა დღეს თქვენთვის. საკუთარ თავს ვკითხე, რის ცოდნას ვისურვებდი ჩემს გამოსაშვებ ცერემონიაზე და რა მნიშვნელოვანი გაკვეთილები ვისწავლე მას შემდეგ გასულ 21 წელიწადში.

ორი პასუხი მომაფიქრდა. ამ მშვენიერ დღეს, როცა თქვენი აკადემიური წარმატების აღსანიშნავად შევკრებილვართ, გადავწყვიტე, მარცხისგან მიღებულ სარგებელზე მესაუბრა. და ახლა, როცა ზოგჯერ "ნამდვილ ცხოვრებად" წოდებული რაღაცის ზღურბლზე დგახართ, მსურს, წარმოსახვის კრიტიკულ მნიშვნელობას გავუსვა ხაზი.

შეიძლება არაპრაგმატულ და პარადოქსულ თემებად მოგეჩვენოთ, მაგრამ მოთმინებას გთხოვთ.

42 წლის ადამიანისათვის 21 წლის ასაკში გამოსაშვებზე მყოფი საკუთარი თავის გახსენება ცოტათი უხერხული ამბავია. ნახევარი ცხოვრების უკან, ძლივს ვპოულობდი შუალედს საკუთარ მისწრაფებებსა და ახლობლების მოლოდინებს შორის.

დარწმუნებული გახლდით, რომ ერთადერთი, რისი კეთებაც სამუდამოდ მინდოდა, რომანების წერა იყო. თუმცა, ჩემი მშობლები, რომლებიც ხელმოკლე ოჯახებიდან იყვნენ და კოლეჯშიც არ უსწავლიათ, მიიჩნევდნენ, რომ მდიდარი წარმოსახვა მშვენიერი თავშესაქცევი უცნაურობა იყო, რომელიც ვერც იპოთეკურ სესხს გამისტუმრებდა და ვერც საპენსიო დანაზოგს გამაკეთებინებდა. აი, მესმის ბედის ირონია.

ამდენად, ჩემი მშობლები იმედოვნებდნენ, რომ აკადემიურ ხარისხს მივიღებდი. მე ინგლისური ლიტერატურის შესწავლა მინდოდა. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლითაც, საბოლოო ჯამში, კმაყოფილი არავინ დარჩა, მე კი თანამედროვე ენების სწავლას შევუდექი. თუმცა, ჩემი მშობლების ავტომობილი თვალს მოცილებულიც არ იყო, რომ გერმანული მივატოვე და პირდაპირ კლასიკური ფილოლოგიის პროგრამის დერეფნისკენ გავემართე.

რაღაც არ მახსენდება, ჩემი მშობლებისთვის მეთქვას, რომ კლასიკურ ენებს ვსწავლობდი. მგონი, სულაც გამოსაშვების დღეს აღმოაჩინეს ეს. საქმე თუ დირექტორის სკამის პერსპექტივას ეხებოდა, ჩემს მშობლებს ძველბერძნულ მითოლოგიაზე უფრო უსარგებლო საგნის დასახელება ალბათ ძალიან გაუჭირდებოდათ.

გასაგები რომ იყოს, დავაზუსტებ: ჩემს მშობლებს მათი დამოკიდებულების გამო არ ვემდური. რაღაც დროის შემდეგ, შენს მშობლებს აღარ ადანაშაულებ, რომ არასწორი მიმართულებისკენ გიბიძგეს. იმ წუთიდან, როცა პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯს დგამ, პასუხისმგებლობა შენ გეკისრება.

ჩემს მშობლებს ვერც იმის გამო დავემდურები რომ, იმედი ჰქონდათ, სიღარიბეს ავცდებოდი. თავადაც ღარიბები იყვნენ, მეც ღარიბი ვიყავი და სრულიად ვეთანხმები, რომ ეს ღირსეული მდგომარეობა არაა. სიღარიბე წარმოშობს შიშს, სტრესს და ზოგჯერ დეპრესიასაც; ის ნიშნავს უამრავ დამცირებას და სირთულეს. ამ მდგომარეობისგან თავის დამოუკიდებლად დაღწევა ნამდვილად საამაყოა, მაგრამ მხოლოდ სულელები თუ შეეცდებიან სიღარიბის რომანტიზებას.

თუმცა, თქვენს ასაკში ყველაზე მეტად სიღარიბის კი არა, მარცხისა მეშინოდა.

თქვენს ასაკში, მოტივაციის ნაკლებობის, ლექციებზე ძალიან ცოტა დროის გატარებისა და ამის ნაცვლად ყავახანაში მოთხრობების წერის მიუხედავად, გამოცდების ჩაბარებას მაინც ვახერხებდი. და ეს, წლების განმავლობაში, ჩემი და ჩემი თანატოლების ცხოვრებაში წარმატების საზომი იყო.

არ ვარ ისეთი სულელი, ვიფიქრო, რომ რადგან ახალგაზრდები, ნიჭიერები და განათლებულები ხართ, სირთულე ან გულისტკენა არ გამოგიცდიათ. ნიჭიერებას და ინტელექტს ჯერ არავინ დაუცავს ბედის ბორბლის უკუღმა დატრიალებისგან. არცერთი წამით არ ვფიქრობ, რომ აქ ყველანი უზრუნველები და სავსებით კმაყოფილები ხართ.

თუმცა, რადგან ჰარვარდს ამთავრებთ, ეს ნიშნავს, რომ მარცხთან მაინცდამაინც ახლოს არ ჩაგივლიათ. მარცხის შიშმაც შეიძლება ისევე მოგცეს მოტივაცია, როგორც წარმატების სურვილმა. თქვენ კი, უკვე ისეთ სიმაღლეზე დაფრინავთ, რომ მარცხის თქვენეული წარმოდგენა შეიძლება არცთუ შორს იყოს რიგითი ადამიანის წარმოდგენილი წარმატებისგან.

საბოლოო ჯამში, თავად უნდა გადავწყვიტოთ, რას ნიშნავს მარცხი, თუმცა, ნებას თუ დართავ, ამის განმარტებას დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებს სამყარო. ასე რომ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ უნივერსიტეტის დამთავრებიდან შვიდიოდე წლის თავზე, ყველა სკალით განუზომელი მარცხი განვიცადე. უჩვეულოდ ხანმოკლე ქორწინება დასრულდა, მე კი აღმოვჩნდი უმუშევარი, მარტოხელა მშობელი და იმდენად ღარიბი, რამდენადაც ეს თანამედროვე ბრიტანეთშია შესაძლებელი — უსახლკარობის გარდა. ჩემი და ჩემი მშობლების შიშები ახდა და ყველა სტანდარტით ყველაზე ხელმოცარული ადამიანი გახლდით, ვისაც კი ვიცნობდი.

სულ არ დავდგები ახლა და არ გეტყვით, რომ წარუმატებლობა სახალისო ამბავია. ეს ჩემი ცხოვრების მძიმე პერიოდი იყო და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ისეთი რამ დამატყდებოდა თავს, რასაც პრესაში ზღაპრულ ისტორიად მონათლავდნენ. წარმოდგენა არ მქონდა, რამდენად გაგრძელდებოდა ეს გვირაბი და დიდი ხნის განმავლობაში, ამ გვირაბის ბოლოს იმედი ანათებდა რეალობის ნაცვლად.

შეუძლებელია, ისე იცხოვროთ, რომ რაიმეში მაინც არ მოგეცაროთ ხელი; თუკი, რა თქმა უნდა, ისე ფრთხილად არ იქნებით, რომ სულაც არ იცხოვრებთ — ეს კი თავისთავად უკვე მარცხია.

მაშ რატომ გიყვებით მარცხისგან მიღებულ სარგებელზე? იმიტომ, რომ მარცხმა არასაჭირო, უმნიშვნელო რაღაცებისგან გამათავისუფლა. შევწყვიტე სხვანაირ ადამიანად თავის მოჩვენება და მთელი შემართება ჩემთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი საქმის დასრულებისკენ მივმართე. სხვა რამე რომ გამომსვლოდა, შეიძლება არასდროს მეპოვა ეს შემართება — წარმატებისთვის მიმეღწია იქ, სადაც საკუთარ თავს ვხედავდი. მხრებიდან ტვირთი მომეხსნა, რადგან ჩემი უდიდესი შიში ახდა, მე კი ისევ ცოცხალი ვიყავი; მყავდა შვილიც, რომელსაც ვაღმერთებდი, მქონდა ძველი საბეჭდი მანქანა და დიდი იდეა. ასე რომ, ნულიდან დაწყება ჩემი ცხოვრების ხელახლა ასაშენებლად მყარი საძირკველი გახდა.

თქვენ შეიძლება არასდროს განიცადოთ ისეთი მასშტაბის მარცხი, რამხელაც — მე. თუმცა, რაიმეგვარი წარუმატებლობა ცხოვრებაში გარდაუვალია. შეუძლებელია, ისე იცხოვროთ, რომ რაიმეში მაინც არ მოგეცაროთ ხელი; თუკი, რა თქმა უნდა, ისე ფრთხილად არ იქნებით, რომ სულაც არ იცხოვრებთ — ეს კი თავისთავად უკვე მარცხია.

მარცხმა მე დაცულობის ისეთი შეგრძნება მომანიჭა, როგორიც არასდროს მიმიღია გამოცდების ჩაბარებისგან. მარცხმა საკუთარ თავზე ისეთი რაღაცები მასწავლა, რასაც სხვაგვარად ვერ ვისწავლიდი. აღმოვაჩინე, რომ ძლიერი სურვილი მქონდა და იმაზე მოწესრიგებული გახლდით, ვიდრე მეგონა. აღმოვაჩინე ისიც, რომ შეუფასებელი ღირებულების მეგობრები მყავდა.

იმის ცოდნა, რომ დაბრკოლებების გადალახვამ გაგაძლიერა და ჭკუაც შეგმატა, სამუდამოდ გარწმუნებს შენს შესაძლებლობაში, გადარჩე. საკუთარ თავს სრულად ვერასდროს გაიცნობ და ვერც შენი ურთიერთობების ძალა ვერ გეცოდინება ბოლომდე, სანამ ორივეს ძნელბედობა არ გამოცდის. ამგვარად მიღებული ცოდნა კი ნამდვილი ჯილდოა იმ ყველაფრისთვის, რაც გაჭირვებით მოიპოვე; ეს ჩემთვის ნებისმიერ დიპლომზე ფასეულია.

ამდენად, დროის მდევარი რომ მქონოდა, 21 წლის ასაკში მყოფ საკუთარ თავს ვეტყოდი: ბედნიერება იმის ცოდნას მოაქვს, რომ ცხოვრება მონაპოვრისა და მიღწევების სია არ არის. შენი დიპლომები და რეზიუმე შენი ცხოვრება არ არის. თუმცაღა, ჩემხელა და უფრო ასაკოვან ხალხსაც შეხვდებით, რომელსაც ეს ორი ერთმანეთში ერევა. ცხოვრება რთული, ჩახლართული რაღაც არის და ბოლომდე არავის ნებას არ ექვემდებარება. ამის ცოდნა დაგეხმარება, გზად შეხვედრილ განსაცდელს გადაურჩე.


ახლა შეიძლება იფიქროთ, ჩემი გამოსვლის მეორე თემად წარმოსახვის მნიშვნელობა იმიტომ ავარჩიე, რომ მან დიდი როლი ითამაშა ჩემი ცხოვრების ხელახლა აშენებაში. თუმცა, მთლად ასეც არ არის. ძილისპირული ამბების მნიშვნელობას ყოველთვის ხაზს გავუსვამ, მაგრამ წარმოსახვის უფრო ფართო გაგებით დაფასებაც ვისწავლე. წარმოსახვა იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ ადამიანის უნარი, შეთხზას არარსებული, რაც, თავის მხრივ, ყველა გამოგონებისა და სიახლის წყაროდ იქცევა ხოლმე. შეიძლება ვთქვათ, წარმოსახვის მთავარი და გარდამტეხის მომხდენი თვისება მაინც ისაა, რომ საშუალებას გვაძლევს, თანავუგრძნოთ მათ, ვისი გამოცდილების თანამონაწილეც თავად არ ვყოფილვართ.

ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე განმსაზღვრელი გამოცდილება ჰარი პოტერამდე იყო და მან ისიც განაპირობა, რაც მოგვიანებით წიგნებში დავწერე. ეს გამოცდილება ჩემს ერთ-ერთ პირველ სამსახურს უკავშირდება. სადილობის დროს კი მოთხრობებს ვწერდი ხოლმე, მაგრამ 20 წლის ასაკს სულ ახალგადაბიჯებული ქირის გადასახდელად ორგანიზაცია Amnesty International-ის ლონდონის სათავო ოფისში, აფრიკის კვლევის განყოფილებაშიც ვმუშაობდი.

იქ, ჩემს მომცრო ოფისში, ტოტალიტარულ რეჟიმებში მცხოვრები კაცებისა და ქალების გამოგზავნილ, დაუდევრად დაწერილ წერილებს ვკითხულობდი. ისინი დაპატიმრების რისკის ფასად ცდილობდნენ, გარე სამყაროსთვის გაეგებებინათ, რა ხდებოდა მათ თავს. ნანახი მაქვს მათი ფოტოები, ვინც უკვალოდ გაქრა; სურათებს სასოწარკვეთილი ოჯახები და მეგობრები გზავნიდნენ. ვკითხულობდი წამებული ადამიანების მონაყოლს, ვნახულობდი მათი ჭრილობების ფოტოებს, ვხსნიდი დაჩქარებული წესით გასამართლებისა და დასჯის, გატაცებისა და გაუპატიურების თვითმხილველთა ხელნაწერ ჩვენებებს.

ჩემი ბევრი თანამშრომელიც ყოფილი პოლიტიკური პატიმარი იყო — ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახლს და სამშობლოს იმიტომ მოსწყდნენ, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამბედაობა ეყოთ. ჩვენს ოფისში მოსულ სტუმრებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სამშობლოში დარჩენილებზე ინფორმაციას გვაწვდიდნენ ან ცდილობდნენ, მათ შესახებ რაიმე გაეგოთ.

არასდროს დამავიწყდება წამების მსხვერპლი აფრიკელი — ახალგაზრდა კაცს, რომელიც ჩემზე უფროსიც კი არ იქნებოდა, საკუთარ სამშობლოში გადატანილი ამბების შემდეგ მენტალური ჯანმრთელობა შეერყა. საკუთარ თავზე გამოცდილ სისასტიკეზე ვიდეოკამერასთან საუბრისას კანკალს ვერ იკავებდა. ჩემზე სულ ოდნავ მაღალი იქნებოდა, მაგრამ ბავშვივით სუსტი. მოგვიანებით, მეტროსადგურამდე მისი გაცილება დამევალა და ამ კაცმა, რომლის ცხოვრებაც ბოროტებამ დაანგრია, მოხდენილი თავაზიანობით ჩამომართვა ხელი და სამომავლოდ ბედნიერება მისურვა.

სანამ ცოცხალი ვარ, სულ მეხსომება, როგორ მივაბიჯებდი ცარიელ დერეფანში, როცა დახურულ კარს მიღმა ისეთი ტკივილნარევი და შემაძრწუნებელი კივილი გავიგე, რომლის მსგავსიც არასდროს მსმენია. კარი გაიღო და იქიდან გამოსულმა მკვლევარმა მთხოვა, მასთან მყოფი ახალგაზრდა კაცისთვის ცხელი სასმელი გამეკეთებინა. ამ უკანასკნელისთვის შეუტყობინებიათ, რომ ქვეყნის ხელისუფლებასთან მისი დაპირისპირების გამო, დედამისი დააკავეს და სიკვდილით დასაჯეს.

იმ პერიოდში, ჩემი სამუშაო კვირის ყოველ დღეს მეფიქრებოდა, თუ როგორ გამიმართლა, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მთავრობას დემოკრატიული გზით ირჩევენ, ყველას აქვს წვდომა სამართლებრივ წარმომადგენლობასა და ღია სასამართლო პროცესზე.

ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რამხელა ბოროტების ჩადენა შეუძლია კაცობრიობას ძალაუფლების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად. ნანახის, გაგონილის და წაკითხულის შედეგად, კოშმარები მესიზმრებოდა.

ამის მიუხედავად, Amnesty International-ში ადამიანურ კეთილშობილებაზე უფრო მეტიც გავიგე.

Amnesty-ის ორგანიზებით, ათასობით ადამიანი, რომელსაც საკუთარი შეხედულების გამო არც წამება და არც დაპატიმრება არ გამოუვლია, მუშაობს მათთვის, ვისაც ამის გამოცდილება აქვს. ადამიანური თანაგრძნობის ძალა, რომელიც ერთიანი მოქმედების საფუძველი ხდება, პატიმრებს ათავისუფლებს და ადამიანების სიცოცხლეს იხსნის. ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთა კეთილდღეობა და უსაფრთხოება დაცულია, დიდ ჯგუფებად ერთიანდებიან მათ გადასარჩენად, ვისაც არ იცნობენ და არც არასდროს შეხვდებიან. ამ პროცესის მონაწილედ ყოფნა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე თავმდაბლური და შთამაგონებელი გამოცდილება იყო.

პლანეტის სხვა ბინადრებისგან განსხვავებით, ადამიანებს რაღაცის გაცნობა და გაგება მისი გამოცდის გარეშე შეუძლიათ. შეუძლიათ საკუთარი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინონ.

რასაკვირველია, ეს ძალა, როგორც ჩემს გამოგონილ სამყაროში ჯადოქრობის უნარი, მორალური თვალსაზრისით ნეიტრალურია. ამ უნარის გამოყენება შეიძლება როგორც ვიღაცით მანიპულირებისთვის, მისი გაკონტროლებისთვის, ასევე იმისათვის, რომ მას გაუგო, თანაუგრძნო.

შეიძლება თავად არ ჩავდიოდეთ დაუფარავ ბოროტებას, მაგრამ საკუთარი გულგრილობით მისი თანამონაწილე ვხდებით.

ბევრი კი ამჯობინებს, საკუთარი წარმოსახვის უნარი საერთოდ არ გამოიყენოს. ურჩევნიათ, კომფორტულად იყვნენ მოკალათებული საკუთარი გამოცდილების საზღვრებში, არ აიტკივონ თავი იმაზე ფიქრით, როგორი იქნებოდა ცხოვრება, ვიღაც სხვად რომ დაბადებულიყვნენ. მათ შეუძლიათ წაუყრუონ სხვის კივილს და მშვიდად შეიხედონ სატუსაღოებში; შეუძლიათ თვალი დახუჭონ ნებისმიერ ტანჯვაზე, რომელიც პირადად მათ არ ეხება; შეუძლიათ ამის ცოდნაზე უარი თქვან.

შეიძლება ცდუნებამ წამძლიოს და ამ ადამიანების ასე ცხოვრებისა შემშურდეს, თუმცა, მეეჭვება, მათ ჩემზე იშვიათად ესიზმრებოდეთ კოშმარები. ვიწრო სივრცეში ცხოვრება მენტალური აგორაფობიის ნაირსახეობას იწვევს და ამას თავისი შიშებიც თან ახლავს. მგონია, რომ ვინც საკუთარი ნებით ამბობს უარს წარმოსახვაზე, უფრო მეტ ურჩხულს ხედავს და ხშირად უფრო მეტადაც ეშინია.

მეტიც, ვინც თანაგრძნობაზე უარს ამბობს, ის ნამდვილ ურჩხულებს უთავისუფლებს გზას. რადგან შეიძლება თავად არ ჩავდიოდეთ დაუფარავ ბოროტებას, მაგრამ საკუთარი გულგრილობით მისი თანამონაწილე ვხდებით.

ერთ-ერთი რამ, რაც მაშინ ვისწავლე, 18 წლისა კლასიკური ფილოლოგიის დერეფნისკენ რომ გავემართე რაღაც განუსაზღვრელის ძიებაში, ეს იყო, ბერძენი პლუტარქეს სიტყვები: "გარემომცველ რეალობას ჩვენი შინაგანი მიღწევებით ვცვლით".

ეს განმაცვიფრებელი ფრაზაა, რომლის სისწორეშიც ათასჯერ მაინც ვრწმუნდებით ყოველდღიურად. ის ნაწილობრივ მიუთითებს ჩვენს გარდაუვალ კავშირზე გარე სამყაროსთან — იმაზე, რომ ჩვენი მხოლოდ არსებობითაც კი სხვების ცხოვრებაზე ვახდენთ გავლენას.

თუმცა, რამდენად შეგიძლიათ თქვენ, ჰარვარდის 2008 წლის კურსდამთავრებულებს, სხვების ცხოვრებაზე მოახდინოთ გავლენა? თქვენი ინტელექტი, შრომისმოყვარეობა, მიღებული განათლება გამორჩეულ სტატუსსა და პასუხისმგებლობებს განიჭებთ. თქვენი ეროვნებაც კი გამოგარჩევთ. უმრავლესობა მსოფლიოში დარჩენილ ერთადერთ ზესახელმწიფოს წარმოადგენთ. და ის, თუ ვის აძლევთ ხმას, როგორ ცხოვრობთ, როგორ აპროტესტებთ და რა გავლენა გაქვთ საკუთარ ხელისუფლებაზე, თქვენი საზღვრებიდან ბევრად შორსაც ზემოქმედებს. ეს, პრივილეგიასთან ერთად, ტვირთიცაა.

სამყაროს შესაცვლელად ჯადოქრობა არ გვჭირდება, ამისთვის საჭირო ძალა საკუთარ თავშივე მოგვეძებნება; შეგვწევს ძალა, წარმოვიდგინოთ უკეთესი.

თუკი საკუთარ სტატუსსა და გავლენას გამოიყენებთ მათ დასახმარებლად, ვისაც ხმის უფლება არ აქვს, თუკი საკუთარ თავს მხოლოდ ძლიერთან კი არა, სუსტთანაც გააიგივებთ; თუკი წარმოიდგენთ მათ ცხოვრებას, ვისაც თქვენნაირი უპირატესობები არ აქვს — მაშინ თქვენი არსებობით არა მხოლოდ ამაყ ოჯახებს მოუტანთ სიხარულს, არამედ იმ ათასობით და მილიონობით ადამიანს, რომელთა რეალობაც შეცვალეთ. სამყაროს შესაცვლელად ჯადოქრობა არ გვჭირდება, ამისთვის საჭირო ძალა საკუთარ თავშივე მოგვეძებნება; შეგვწევს ძალა, წარმოვიდგინოთ უკეთესი.

თითქმის დავასრულე. იმ იმედს დაგიტოვებთ, რომელიც 21 წლის ასაკში უკვე მქონდა. მეგობრები, რომელთა გვერდითაც გამოსაშვების დღეს ვიჯექი, ჩემი ცხოვრების მეგზურები გახდნენ. ისინი ჩემი შვილების ნათლიები არიან, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც რთულ პერიოდში ზურგს მიმაგრებდნენ, ისინი იმდენად კეთილებიც აღმოჩნდნენ, რომ არ მიჩივლეს, როცა მათი სახელები სიკვდილის მხვრელებს დავარქვი. გამოსაშვებზე ჩვენ გვაერთიანებდა უდიდესი სიყვარული, საერთო გამოცდილება წლებისა, რომლებიც აღარ დაბრუნდება და, რა თქმა უნდა, იმის ცოდნა, რომ საბუთის სახით გვქონდა ფოტოსურათი, რომელსაც განსაკუთრებული ფასი დაედებოდა, რომელიმე ჩვენგანი თუ პრემიერმინისტრობას მოიწადინებდა.

ასე რომ, დღეს მსგავს მეგობრობაზე უკეთესს ვერაფერს გისურვებთ. ხვალ კი, იმედი მაქვს, ჩემი გამოსვლიდან ერთი ფრაზა თუ არა, სენეკას სიტყვები მაინც გეხსომებათ — კიდევ ერთი რომაელისა, რომელსაც უძველესი სიბრძნის ძიებაში კლასიკური ფილოლოგიის დერეფანში გადავეყარე — "ცხოვრება მოყოლილ ამბავს ჰგავს: მნიშვნელოვანი მისი სიგრძე კი არა, შინაარსია".

ყველას შინაარსიან ცხოვრებას გისურვებთ.

დიდი მადლობა.