ნახეთ: NASA-ს მავალმა მარსზე მზის დამუხტული ნაწილაკების "წვიმა" გადაიღო
მაისში მზეზე ძლიერი ამოფრქვევები მოხდა, რის შედეგად გამოთავისუფლებული დამუხტული ნაწილაკების ნაკადის სამიზნე, დედამიწასთან ერთად, მარსიც გახდა. განსაკუთრებულად დიდი დასხივება წითელმა პლანეტამ 20 მაისს მიიღო, როცა ვარსკვლავიდან მისკენ სინათლის სიჩქარით მოძრავი გამა და რენტგენული სხივები დაიძრა, ცოტა ხანში კი ამას უფრო ნელი დამუხტული ნაწილაკები მოჰყვა.
NASA-ს მავალ Curiosity-ზე დამონტაჟებულმა დეტექტორმა მაშინ გეილის კრატერში რადიაციის მაღალი მაჩვენებელი, 8 100 მიკროგრეი, დააფიქსირა, როცა საშუალოდ დაახლოებით 700 მიკროგრეი იზომება ხოლმე. ეს იმ დონის გამოსხივებაა, რომელსაც რენტგენით ზედა ტანის 30-ჯერ გადაღების შემთხვევაში მივიღებდით. ამას ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია, ამიტომ მარსზე გაგზავნილ ასტრონავტებს იქ თავშესაფრის მოძიება მოუწევთ.
დასხივების რისკი არა მხოლოდ პლანეტის ზედაპირზე, არამედ მის ორბიტაზეცაა. მაგალითად, ზემოხსენებულმა რადიაციამ იქ მოძრავი Mars Odyssey-ის კამერის მუშაობა დროებით შეზღუდა. 2003 წელს კი მსგავსმა მოვლენამ მისი დეტექტორი გაანადგურა. მეორე თანამგზავრმა, MAVEN-მა, მარსის დასხივებისას იქ წარმოქმნილი ციალი ზემოდან გადაიღო, ხოლო Curiosity-მ ეს ყველაფერი ზედაპირზე აღბეჭდა.
მავალის სანავიგაციო კამერის (Navcam) მიერ გადაღებულ ამ კადრებზე ნაპერწკლების მსგავს ელვარე წერტილებს ვხედავთ, რომლებიც ზემოდან ცვივა. სინამდვილეში, ეს სწორედ მზიდან წამოსული დამუხტული ნაწილაკებია, რომლებიც ინსტრუმენტის სენსორს ეჯახება.
დედამიწას ამგვარი ნაკადებისგან გლობალური მაგნიტური ველი და სქელი ატმოსფერო იცავს. პირველი მარსს არ აქვს (იქ მხოლოდ ლოკალიზებული მაგნიტური რეგიონებია), მეორე კი აირის ძალიან თხელი გარსის სახითაა შემორჩენილი. შესაბამისად, წითელი პლანეტა მზის შტორმებს თავიდან ვერ იცილებს.
ასევე, დედამიწამდე დამუხტული ნაწილაკების მოღწევისას ისინი მაგნიტური ველის ხაზებს პოლუსებისკენ მიუყვება, ატმოსფერულ აირებთან ურთიერთქმედებს და ციალებს წარმოქმნის. კერძოდ, ჟანგბადი მწვანე ნათებაზეა პასუხისმგებელი, აზოტი წითელზე, წყალბადი კი — მოლურჯოზე. იქიდან გამომდინარე, რომ მარსზე ასეთი მაგნიტური სტრუქტურები არაა, ეს ნაკადები მთელ პლანეტაზე ვრცელდება და მოლეკულური ჟანგბადის მეშვეობით მომწვანო ციალს აჩენს.
კომენტარები