როგორ იღებს ტვინი გადაწყვეტილებას — მეცნიერებმა შესაბამისი მექანიზმი გამოავლინეს
გამოავლინეს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ტვინი გადაწყვეტილებას იღებს.
ახალმა კვლევამ დაგეგმვისას გამოყენებული ნერვული მექანიზმები აღმოაჩინა, რომლებიც პრეფრონტალურ ქერქსა და ჰიპოკამპუსს შორის ურთიერთკავშირზეა პასუხისმგებელი. კვლევამ აჩვენა, თუ როგორ წარმოიდგენს ტვინი შედეგს, რათა წარმართოს გადაწყვეტილებები.
ეს კვლევა ნათელს ჰფენს დაგეგმვის მიღმა არსებულ კოგნიტიურ პროცესებს და შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ისეთი დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სხვადასხვა არჩევანის პოტენციური შედეგები. ის თუ როგორ მუშაობს ტვინში ეს მექანიზმი, ბოლომდე ჯერ არ ვიცით. და, აი, ახლა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა სწორედ ეს ნერვული მექანიზმები შეისწავლა.
კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Neuroscience-ში გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ტვინის პრეფრონტალურ ქერქსა და ჰიპოკამპუსს შორის ურთიერთქმედება გვაძლევს მომავლის წარმოდგენის საშუალებას. სწორედ ამ წარმოდგენის შედეგად ხდება გადაწყვეტილების მიღება.
"პრეფრონტალური ქერქი ერთგვარი სიმულატორია, რომელიც ჰიპოკამპუსში შესაძლო მოქმედებების შედეგებს ამოწმებს. მკვლევრები სწორედ ამ პროცესს დააკვირდნენ", —აღნიშნა მარსელო მატარიმ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა.
გადაწყვეტილების მიღებაში პრეფრონტალური ქერქისა და ჰიპოკამპუსის როლი ცნობილია, მაგრამ ზუსტად როგორ ხდებოდა ეს, აქამდე უცნობი იყო.
ამის გასაგებად მკვლევრებმა გამოიყენეს გამოთვლითი მოდელი, რომელიც დამოწმებული იყო როგორც ადამიანების, ასევე ვირთხების მონაცემებით. მათ გააანალიზეს როგორც ადამიანების, ასევე ლაბორატორიული ვირთხების მონაცემები, რათა დაედასტურებინათ მოდელის ვალიდობა.
მკვლევრებმა გაზომეს, თუ როგორ გადააადგილებდნენ კურსორს ადამიანები, რათა სიმულირებად ლაბირინთიდან თავი დაეღწიათ — ისინი აკვირდებოდნენ თუ რამდენი ხანი ფიქრობდნენ ამისთვის ადამიანები. შემდეგ, მკვლევრები დააკვირდნენ თუ როგორ გადაადგილდებოდნენ მღრღნელები რეალურ ლაბირინთში.
ადამიანებისთვის და ვირთხებისთვის მსგავსი დავალების მიცემით, მკვლევრებმა გაავლეს პარალელები ქცევით და ნერვულ მონაცემებს შორის. სწორედ ეს არის ამ კვლევის განსაკუთრებული ინოვაციური ასპექტი.
ექსპერიმენტული შედეგები შეესაბამებოდა გამოთვლით მოდელს, რომელიც აჩვენებდა რთულ ურთიერთქმედებას პრეფრონტალურ ქერქსა და ჰიპოკამპუსს შორის.
"მთლიანობაში, ეს კვლევა გვაძლევს საფუძვლიან ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ტვინი, სანამ ვიმოქმედებთ. ამით ბევრად მეტი გვეცოდინება იმაზე, თუ როგორ ვმოქმედებთ, შესაბამისად, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს", — აღნიშნულია კვლევაში.
კომენტარები