ქეთი მელუას 10 საუკეთესო სიმღერა
11 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით და 56-ჯერ მიღებული პლატინის სტატუსით, ქეთი მელუა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსია. წარმოშობით ქართველი მომღერალი ზედიზედ ორი წლის განმავლობაში იყო ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერების მქონე მუსიკოსი ქალი გაერთიანებულ სამეფოში. 2021 წელს, ბეთჰოვენის მშობლიურ ქალაქში, ქეთის ლეგენდარულ Scorpions-თან ერთად გადაეცა ევროპის კულტურის ჯილდო.
ქეთი მელუა 9 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა, შეკითხვაზე, ქართველი მუსიკოსია თუ ბრიტანელი, თავად დამახასიათებელი პოეტურობით პასუხობს: ზედაპირულად ბრიტანელი ვარ, შინაგანად, ღრმად კი — ქართველიო. კიდევ ამბობს, საქართველოზე პირველი "სითბო" მახსენდებაო და ეს სითბო, მგონი, მის ყველა სიმღერაშიც იგრძნობა. ალბათ სწორედ ამიტომ გახდა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუსიკოსი, რომელსაც, სპოტიფაის თუ დავუჯერებთ, 2023 წელს ჯამში 34 საათზე მეტხანს ვუსმენდი.
ასე რომ, ქეთის ათამდე სტუდიური ალბომიდან, უამრავი მსოფლიო ჰიტიდან და ჩემთვის საყვარელი, მაგრამ ნაკლებად დაფასებული კომპოზიციებიდან 10 რჩეულის ჩამოწერა ადვილი არ იყო, თუმცა, ეს ძალიან სუბიექტური სია*, აი, ასე გამოიყურება:
*ჩამონათვალში არაა გათვალისწინებული ქეთის ჩაწერილი "ქავერ" ვერსიები, მაგალითად, Wonderful Life
10. I Will Be There ("მე მანდ ვიქნები")
ეს სიმღერა, რომელიც მომღერლის მეექვსე სტუდიურ ალბომში Ketevan (2013) შედის, ინგლისელი მუსიკოსისა და ქეთის პირველი მენეჯერის, მაიკ ბეტის, დაწერილია. ემოციური ბალადა დედას, დედობრივ ფიგურას და მის მნიშვნელობას ეძღვნება. დედის და, ზოგადად, ოჯახის როლზე მის ცხოვრებაში მუსიკოსს ბევრჯერ უსაუბრია. "თუმცაღა ყოველდღიურობა არასდროსაა ადვილი, მას შესწევს განსაკუთრებული ძალა, დამწუხრებულსაც კი ღიმილი მოგგვაროს", — ამბობს სიმღერაში ქეთი.
სხვათა შორის, I Will Be There — მთავარი სინგლი ალბომიდან — მომღერალმა ორკესტრთან ერთად შეასრულა ბრიტანეთის სამეფო ლეგიონის ხსოვნის ფესტივალზე, რომელსაც დედოფალი ელიზაბეთ II-ც ესწრებოდა.
9. It Happened ("ეს მოხდა")
2022 წელს მელუამ გრემის მფლობელ მევიოლინესა და კომპოზიტორთან, საიმონ გოფთან, კოლაბორაციით გამოუშვა ექსპერიმენტული ალბომი Aerial Objects, რომელიც ექვს სიმღერას აერთიანებს და დიდად განსხვავდება ქეთის მანამდე გამოშვებული ჩანაწერებისგან. სწორედ ამ ალბომში შედის სიმღერა It Happened. თავად ქეთის თქმით, ეს სიმღერები ასახავს "ფიზიკურ სივრცეებსა და მათ გავლენას ჩვენზე".
8. I'd Love to Kill You ("შენი მოკვლა მსურს")
რომანტიკული სიმღერისთვის შეუფერებელ სათაურად ჟღერს, არა? ასეც იყო ჩაფიქრებული. ეს სიმღერა ქეთიმ გაი ჩემბერსთან ერთად დაწერა, რომელსაც მსოფლიოში რობი უილიამსთან თანამშრომლობით იცნობენ. კომპოზიცია შედის 2010 წელს გამოსულ, ჩემი აზრით, ქეთის საუკეთესო ალბომში The House.
"ამ სიმღერით მსურდა, ვიღაცას ის განეცადა, რასაც მე ვგრძნობდი. არ მინდოდა, თავი დაუცველად და მუხლებზე დაცემულად მეგრძნო, ასე რომ, მხოლოდ განადგურებაზე მეფიქრებოდა. უაზრო, თავდავიწყებით გატაცება იყო", — განაცხადა მუსიკოსმა.
7. End of Summer ("ზაფხულის მიწურული")
ქეთი მელუას სიმღერები სხვადასხვა ფილმში გაჟღერებულა, მაგრამ End of Summer საგანგებოდ დაიწერა 2023 წლის პოლონურენოვანი ანიმაციისთვის The Peasants, რომელიც ნობელიანტი ვლადისლავ რეიმონტის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ნაწარმოები მე-19 საუკუნის პატრიარქალურ პოლონურ სოფელში მცხოვრებ, სოციალურ ნორმებთან დაპირისპირებულ ახალგაზრდა ქალზე გვიყვება, ამიტომ, ქეთის სიმღერაც თავისუფლებაზე, დაუმორჩილებელ სულისკვეთებაზეა.
6. Nine Million Bicycles ("ცხრა მილიონი ველოსიპედი")
ამ სიმღერას განსაკუთრებული წარდგენა ალბათ არ სჭირდება — ის ქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიციაა. სიმღერა პირველი სინგლია მუსიკოსის მეორე ალბომიდან, Piece by Piece (2005).
მაიკ ბეტის დაწერილი ეს კომპოზიცია მელუას პირველი ჰიტი იყო, რომელიც ბრიტანული სინგლების ჩარტის ხუთეულში აღმოჩნდა. წლის საუკეთესო ჩანაწერის ჯილდოზე, რომლის გამარჯვებულსაც ბრიტანელი მსმენელი ავლენდა, Nine Million Bicycles ფინალშიც მოხვდა. სხვათა შორის, ამავე კონკურსზე ქეთიმ მე-5 ადგილი დაიკავა 2004 წელსაც, სიმღერით The Closest Thing to Crazy.
5. The Flood ("ნიაღვარი")
უკვე ვთქვი, რომ ქეთის საუკეთესო ალბომად The House მიმაჩნია, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ჩანაწერის ეკლექტურობაა. ამ ალბომით მსმენელმა სულ სხვა მხრით გაიცნო ქეთი, რომელსაც მანამდე, უბრალოდ, ჯაზის, ბლუზის და ფოლკის შემსრულებლად მოიხსენიებდნენ.
The House-ში შევიდა ორი კომპოზიცია, რომელიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: A Happy Place და The Flood. ორივე მათგანი ექსპერიმენტის შედეგია. The Flood, რომელიც არტ-როკის ბრწყინვალე ნიმუშია, თავდაპირველად ჩვეულებრივი ბალადა ყოფილა, მაგრამ გაი ჩემბერსის შეთავაზებულმა მელოდიამ მელუას თურმე ქართული მუსიკა მოაგონა და გადააწყვეტინა, ჟანრობრივი ჩარჩოები და სიმღერის ტრადიციული ფორმა დაერღვია. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კომპოზიციაზე გადაღებული შთამბეჭდავი ვიდეოკლიპიც.
4. Plane Song ("თვითმფრინავის სიმღერა")
ქეთის დისკოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია რიგით მეშვიდე ალბომს, In Winter, რომელიც მუსიკოსმა გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად ჩაწერა, მოგვიანებით კი, მათ ერთადაც გამართეს ევროპული ტურნე, რომლის კონცერტებმა ყველგან ანშლაგით ჩაიარა.
In Winter საშობაო ალბომია, რომელიც "ქავერებს" და ორიგინალურ კომპოზიციებს აერთიანებს. თემატიკის გათვალისწინებით, ალბომს რაღაცნაირი "მყუდრო" განწყობა მოაქვს; თუმცა, ერთ-ერთ კომპოზიციას, Plane Song, ეს მყუდროება უჩვეულოდ მისტიკურ გარემოში გადააქვს. გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, თეონა ცირამუა, სიმღერას ისეთი ავბედითი სტვენით იწყებს, ბერნარდ ჰერმანს (Twisted Nerve-ის კომპოზიტორს) შეშურდებოდა.
თვითონ სიმღერის ტექსტი კი არანაკლებ შემაძრწუნებელ სურათს აცოცხლებს: ბავშვები ჩამოვარდნილ, დაჟანგულ და დამტვერილ თვითმფრინავთან თამაშობენ და წარმოიდგენენ, რომ ამ თვითმფრინავით თავიანთი მძიმე რეალობიდან შორს მიფრინავენ. კომპოზიცია ალბათ ავტობიოგრაფიულადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქეთიმ და მისმა ძმამ საქართველო ბავშვობაში, 1993 წელს, აფხაზეთისა და სამოქალაქო ომების ფონზე დატოვეს.
3. Spider's Web ("ობობას ქსელი")
შემსრულებელთან ერთად, ქეთი მელუა ფენომენალური კომპოზიტორი და პოეტიცაა. ამის დასტურია საავტორო სიმღერა Spider's Web, რომელიც ალბომ Piece by Piece-ში შედის. ერაყის ომის პერიოდში დაწერილი ამ კომპოზიციით მუსიკოსი ისეთ რთულ და სერიოზულ თემებს შეეხო, როგორიცაა შეიარაღებული კონფლიქტი, რასიზმი და მორალური ღირებულებები, ამ ყველაფერზე კი ის ძლიერი მეტაფორებით გველაპარაკება. კვლავაც ქეთის პირადი ისტორიის გათვალისწინებით, სიმღერა სულ სხვა სიღრმეს და ემოციას იძენს.
აღსანიშნავია, რომ Spider's Web-ზე გადაღებული ვიდეოკლიპი ასოციაციურად ოსკაროსან ფილმ შინდლერის სიას უკავშირდება (წითელი ფერის კონტრასტი შავ-თეთრ კადრებში).
2. No Fear of Heights ("სიმაღლეების არ მეშინია")
და აი, კიდევ ერთი კომპოზიცია ალბომიდან The House. ამ ალბომით ჩემი ასეთი აღტაცება სულ არ იქნება გასაკვირი, თუ გეტყვით, რომ ჩანაწერის პროდიუსერი ცნობილი ინგლისელი მუსიკოსი უილიამ ორბიტია; მას ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან პრინსი, მადონა, ბრიტნი სპირსი, ჯგუფები Queen და U2.
No Fear of Heights — ეს სადა, გიტარაზე შესრულებული სენტიმენტალური ბალადა — ექსპერიმენტებით სავსე ალბომში თავისუფლად შეიძლებოდა ჩაკარგულიყო, მაგრამ ის The House-იდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა; ალბათ იმის გამოც, რომ ორ ცნობილ ფილმში გაჟღერდა: ანჯელინა ჯოლის და ჯონი დეპის მონაწილეობით გადაღებულ რომანტიკულ თრილერში ტურისტი და აგვისტოს ომზე შექმნილ მხატვრულ კინოსურათში ომის 5 დღე.
No Fear of Heights სასიყვარულო სიმღერაა — იმაზეა, თუ როგორ გაძლევს სიყვარული ძალას, დათრგუნო შენი შიშები და დაძლიო წინაღობები. ქეთის 17 მაისს გაკეთებულ განცხადებას თუ გავითვალისწინებთ, სიმღერის ინტერპრეტაცია ქვიარ გამოცდილების პერსპექტივიდანაც შეიძლება:
1. If You Were a Sailboat ("ნავი რომ ყოფილიყავი")
ეს არის სიმღერა, რომლითაც 7 წლის ასაკში ქეთი მელუა გავიცანი. ქეთი 2007 წელს როტერდამში, საბავშვო ევროვიზიაზე იყო მიწვეული სპეციალურ სტუმრად და სწორედ იქ შეასრულა If You Were a Sailboat. მაშინ მას უკვე სამი ალბომი ჰქონდა გამოშვებული, ეს კომპოზიცია კი იმ დროისთვის ბოლო ალბომში, Pictures, შედის.
კვლავაც მაიკ ბეტის დაწერილ ამ სიმღერაში ნაზი, დუნე მელოდია და ერთიმეორეზე უცნაური მეტაფორები ერწყმის. ამაზე თავად ქეთისაც აქვს გამახვილებული ყურადღება ერთ-ერთ ინტერვიუში:
"ამ სიმღერაში ეს მომწონს: ბევრი რომანტიკული კომპოზიცია სიყვარულის სასიამოვნო მხარეს შეეხება, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, თუ როგორი ეგოისტი ხდები შეყვარებული, როგორ არ გინდა, რომ საყვარელ ადამიანს დანარჩენ მსოფლიოსთან იყოფდე და როგორ გსურს, ის მხოლოდ შენზე ფიქრობდეს. მაიკის ტექსტი იმიტომ არის გასაოცარი, რომ ამ ყველაფრის პირდაპირ თქმის ნაცვლად, უცნაურ, ახირებულ მეტაფორებს იყენებს: 'ხის ნაჭერი რომ ყოფილიყავი, იატაკზე დაგაჭედებდი', მაგალითად. მუსიკის მხრივ, ეს მსუბუქი, საამური სიმღერაა, მაგრამ მისი სათქმელი მძაფრი და საკმაოდ მძიმეა".
If You Were a Sailboat რამდენიმე ქვეყნის ჩარტებში მოხვდა, მისი "ქავერ" ვერსია კი, არც მეტი, არც ნაკლები, პრინსმა ჩაწერა.
კომენტარები