10 სიახლე, რომელიც წიგნის ფესტივალზე არ უნდა გამოგრჩეს
და აი, ლიტერატურული დღესასწაული იწყება!
ზაფხულის მოახლოება ყველა მკითხველს უხარია — როცა შვებულებამდე ან არდადეგებამდე დარჩენილ ბოლო დღეებს ითვლი, მაშინვე იწყებ იმაზე ფიქრსაც, რას წაიკითხავ ამ პერიოდში. საკითხავის მოსამარაგებლად საუკეთესო დრო და ადგილი კი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც, ტრადიციულად, გაზაფხულის მიწურულს იღებს სტარტს.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს უკვე 26-ედ გაიმართება. 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიას მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში თავს მოიყრიან მკითხველები, გამომცემლები, მწერლები, მთარგმნელები და მსახიობები ლიტერატურისათვის.
როგორც წესი, ყველაზე მეტი ამაღელვებელი სიახლე სწორედ წიგნის ფესტივალზე გველოდება ხოლმე. გამონაკლისი არც წლევანდელი ღონისძიებაა. უამრავი ახალი გამოცემიდან რამდენიმე გამორჩეულ დასახელებას ქვემოთ გაგიზიარებთ.
გაბრიელ გარსია მარკესის შევხვდებით აგვისტოში
ესპანურიდან თარგმნა ქეთევან ხუსკივაძემ
წიგნის საფესტივალო ფასი: 26 ლარი
წიგნის წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სიახლე დიდი კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის, უკანასკნელი რომანის თარგმანია, რომელიც გამომცემლობა ინტელექტმა დაბეჭდა. შევხვდებით აგვისტოში სულ ახლახან, მარკესის 97-ე იუბილეზე, 6 მარტს, გამოიცა ესპანურ ენაზე.
სიკვდილის შემდეგ გამოცემული, თავის დროზე მოთხრობად ჩაფიქრებული რომანის მთავარი გმირი ანა მაგდალენა ბახია, რომელიც ყოველი წლის აგვისტოში იმ კუნძულს სტუმრობს, სადაც დედამისია დაკრძალული, საფლავზე მისული კი, ერთი ღამით სხვა ადამიანად იქცევა ხოლმე. მარკესისეული მაგიური რეალიზმის ეს მორიგი და უკანასკნელი ნიმუში მწერლის ერთადერთი რომანია, რომლის პროტაგონისტად ქალი გვევლინება.
სხვათა შორის, შევხვდებით აგვისტოში დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა არქივში. საბოლოოდ, მწერლის შვილები მის გამოცემას მამის გარდაცვალებიდან 10 წლისთავზე დათანხმდნენ. გასაკვირი არცაა, რომ ამბის გახმაურებას მკითხველისგან აღფრთოვანებული გამოხმაურება და მძაფრი მოლოდინი მოჰყვა — ლათინურ ამერიკაში წიგნის წინასწარმა გაყიდვებმა 250 ათასს გადააჭარბა.
ნატო დავითაშვილის ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული
წიგნის საფესტივალო ფასი: 8 ლარი
გამომცემლობა ინტელექტის სიახლეებს შორისაა ცნობილი ქართველი ფანტასტის, ნატო დავითაშვილის, ახალი საბავშვო წიგნი ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული. დავითაშვილს მკითხველების უმრავლესობა ქართულ მითოლოგიაზე დაფუძნებული ეპიკური საგის, იროელების ქრონიკების, ავტორად იცნობს. თუმცა, მწერალს ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის და სამეცნიერო ფენტეზის ჟანრის სხვა ნაწარმოებებიც ეკუთვნის, მათ შორის, საბას ნომინანტი საი-ფაი კრებული დაბრუნება — ადამიანები და სხვები.
აი, ახალ წიგნზე ნატო დავითაშვილმა ჯერ კიდევ 2022 წლის წიგნის საახალწლო ფესტივალზე მოგვიყვა — შთაგონების წყარო მატარებლით მგზავრობისას თავსგადახდენილი ამბავი ყოფილა: სათამაშოს დაკარგვის გამო ატირებული უცნობი ბავშვის დასაწყნარებლად მწერალს ცხვირსახოცისგან სახელდახელო კაცუნა გაუკეთებია და მასზე ამბების მოყოლა დაუწყია. ეს გმირი მოგვიანებით ნატოს მოსწავლეებმაც გაიცნეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი მწერალი დააფიცა, რომ ჯიბის კაცუნაზე წიგნს დაწერდა.
ნატომ კი პირობა შეასრულა, მაგრამ, როგორც ანოტაციიდან ვიგებთ, უჩვეულო წიგნის თანაავტორად ყველა მკითხველიც იქცევა, რადგან ჯიბის კაცუნას, ნუ იტყვით და, ჩვენი დახმარება სჭირდება.
გაბრიელ გარსია მარკესისა და ნატო დავითაშვილის წიგნების გარდა, ინტელექტის სტენდთან სხვა საინტერესო სიახლეებიც დაგხვდება. მათ შორის, ახალი სერიის, გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის, ოთხი წიგნი (დათო გორგილაძის შერჩეული ნაწარმოებები მსოფლიო ლიტერატურიდან) და ლევან ბერძენიშვილის ლიტერატურული წახნაგების სამი ტომი, რომლებიც მკითხველებს მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაზე მოუთხრობენ.
გამომცემლობა ინტელექტის საფესტივალო კატალოგი ნახე აქ.
ალექსანდრე აბაშელის ქალი სარკეში
წიგნის საფესტივალო ფასი: 15 ლარი
რადგან ფანტასტიკას და მით უფრო, ქართულ ფანტასტიკას შევეხეთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს გამომცემლობა მედუზას მორიგი სიახლე — ალექსანდრე აბაშელის ქალი სარკეში. ეს რომანი, რეალურად, თითქმის საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1930 წელს, დაიბეჭდა და ამიტომ ერთ-ერთ პირველ ქართულ საი-ფაი ნაწარმოებად მიიჩნევა. მანამდე პოეტად ცნობილი აბაშელის ეს ტექსტი ჟურნალ მნათობში არასრული სახით გამოქვეყნდა, თუმცა, მკითხველის დიდი დაინტერესება გამოიწვია და მომდევნო ათწლეულებში მისი ტირაჟი რამდენჯერმე განახლდა; ითარგმნა რუსულადაც.
რომანის მთავარი გმირი თბილისელი ინჟინერი გურგენ კამარელია, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს უცნობი კოლეგა სტუმრობს და თავისი ტექნოლოგიური გამოგონების შესახებ აუწყებს. ნაწარმოებში არცთუ შორეულ, მაგრამ ჩვენგან მაინც განსხვავებულ მარსის ცივილიზაციასაც ვეცნობით. საინტერესოა, რომ ორ პლანეტას შორის კავშირის დამყარების საშუალება ძალზედ ჰგავს თანამედროვე ვიდეოზარს. ქალი სარკეში კიდევ ბევრ სხვა ისეთ კლასიკურ საი-ფაი ელემენტს მოიცავს, რომელიც მოგვიანებით რეალობად იქცა, მათ შორის, კოსმოსური ხომალდები და სკაფანდრები.
გამომცემლობა მედუზას, რომელიც ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებს გამოსცემს, წლევანდელ ფესტივალზე კიდევ ერთი სიახლე ექნება — ნატო დავითაშვილის მთვარის შვილობილები, რომლებიც პირველად 2017 წელს გამოიცა. ამასთან, სულ მალე გამოიცემა დაიანა უინ ჯოუნსის ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკის ტრილოგიის მეორე წიგნიც.
გამომცემლობა მედუზას საფესტივალო კატალოგი ნახე აქ.
ტეილორ ჯენკინს რეიდის დეიზი ჯოუნსი და ექვსეული
ინგლისურიდან თარგმნა სალომე ჩიტაძემ
წიგნის საფესტივალო ფასი: 14 ლარი
თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტორს, ტეილორ ჯენკინს რეიდს, ქართველი მკითხველი უკვე იცნობს — გამომცემლობა პალიტრა L-მა გასულ წელს მისი ბესტსელერად ქცეული რომანი, ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი, შემოგვთავაზა. ამჯერად კი, ამავე გამომცემლობის სიახლეებს შორის შეხვდები რეიდის კიდევ ერთ გახმაურებულ წიგნს, დეიზი ჯოუნსი და ექვსეული.
2019 წელს გამოცემული ეს წიგნი როკის ოქროს ხანის პერიოდში, 1970-იანებში, მოღვაწე გამოგონილ ჯგუფზე გვიყვება. რომანი ცნობილი ბენდის, Fleetwood Mac-ის, რეალური ისტორიის შთაგონებით დაიწერა. ნაწარმოები გამოირჩევა სტრუქტურით: თხრობის სტილი, ძირითადად, ზეპირსიტყვიერი ჩანაწერები, ინტერვიუების ტრანსკრიპტებია. მათ პერიოდულად ენაცვლება მეილები და სიმღერის ტექსტები. 70-იანების როკ-კულტურის ტრადიციის კვალდაკვალ, წიგნი ბენდის წევრების პირად ურთიერთობებსა და დრამებზეც მოგვითხრობს.
დეიზი ჯოუნსი და ექვსეულმა მკითხველების და კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა. The New York Times-მა მას რეიდის "ყველაზე დახვეწილი და ამბიციური რომანი" უწოდა. ნაწარმოები თავისი წიგნის კლუბის მკითხველებს ურჩია ოსკაროსანმა რიზ უიზერსპუნმა, მოგვიანებით კი, მისი ეკრანიზაციის პროდიუსერობაც ითავა. ეკრანიზაცია — Amazon-ის ამავე სახელწოდების მინისერიალი — მაყურებელმა გასულ წელს იხილა.
გამომცემლობა პალიტრა L-ს წლევანდელ ფესტივალზე სხვა ახალი თარგმანებიც აქვს; მათ შორისაა მეთიუ ქიურქის თრილერი ღამის აგენტი, რომელიც ნეტფლიქსის სერიალს დაედო საფუძვლად და რუტა სეპეტისის ისტორიული ჟანრის თინეიჯერული რომანი უნდა გიღალატო, რომელიც ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმზე გვიყვება. ფესტივალზე აგათა კრისტის ორი ახალი წიგნიც დაგხვდება: კარიბული საიდუმლო და ერთი, ორი, მოფრინდა ქორი.
თეონა დოლენჯაშვილის მეამბოხე
წიგნის საფესტივალო ფასი: 12 ლარი
თარგმანებთან ერთად, პალიტრა L ფესტივალზე მისულ მკითხველს ახალ ქართულ ტექსტებსაც წარუდგენს: რეჟისორისა და სცენარისტის, მალხაზ ასლამაზაშვილის, სადებიუტო რომანი ქამელეონის ფერი და ბასა ჯანიკაშვილის გახმაურებული პიესა მე გადმოვცურავ ზღვას.
ფესტივალზე ასევე დაგხვდება ცნობილი ქართველი პროზაიკოსის, თეონა დოლენჯაშვილის, ახალი რომანი მეამბოხე. პრემია საბას ორგზის ლაურეატი მწერლის ტექსტებს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს — დოლენჯაშვილის ნაწარმოებები სხვადასხვა წლის საუკეთესო ქართული მოთხრობების ანთოლოგიებშიც შესულა. რაც შეეხება ახალ წიგნს: მეამბოხე დისტოპიური ჟანრის რომანია, რომლის მთავარი გმირიც ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებული მწერალი ქალია. თეონა ინტერვიუში ამბობს, რომ "ეს არ არის ავტობიოგრაფიული ტექსტი, მაგრამ [მის] პირად და ყველა იმ ქალის გამოცდილებას ეყრდნობა", ვისაც ცხოვრებაში შეხვედრია.
"წიგნის მთავარი გმირი სიტყვაა, წიგნია, ლიტერატურაა, რომელსაც შეუძლია იქცეს გამოსავლად, ხელშესახებ მატერიად და ყველაზე მძლავრ იარაღად ბოროტებისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ მწერალი ქალი ნამდვილ ამბოხს გადაწყვეტს", — ვკითხულობთ რომანის ანოტაციაში.
გამომცემლობა პალიტრა L-ის საფესტივალო კატალოგი ნახე აქ.
მეგი ნელსონის არგონავტები
ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ
წიგნის საფესტივალო ფასი: 16,7 ლარი
გამომცემლობა პოლინომიალი, რომელიც შარშან გავიცანით, წლევანდელ ფესტივალზე მკითხველს სამი სიახლით შეხვდება: გასული წლის ნობელიანტის, იუნ ფოსეს, სეპტოლოგიის სერიის პირველი ტომი, სხვა სახელი, კრიტიკოს ტედ ჯიოიას არამხატვრული წიგნი მუსიკა: ამბოხის, სირცხვილისა და მითვისების ისტორია და მეგი ნელსონის არგონავტები.
არგონავტები ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წიგნია, რომელიც ავტოთეორიის ჟანრს განეკუთვნება — ავტობიოგრაფიისა და კრიტიკული თეორიის ნაზავია. ამერიკელი პოეტისა და თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი მოაზროვნის, მეგი ნელსონის, 2015 წელს გამოცემული ეს ტექსტი ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა გენდერული იდენტობა, რომანტიკული და ოჯახური ურთიერთობები, ახლობლის დაკარგვა და სხვა. ნელსონი ამ ყველაფერს საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე დაყრდნობით აანალიზებს, წიგნის მთავარი ხაზი კი მის პარტნიორთან, გენდერქვიარ ხელოვან ჰარი დოჯთან ურთიერთობაა.
არგონავტებს და გამომცემლობა პოლინომიალის სხვა წიგნებს სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან იპოვი.
აკა მორჩილაძის სანტა ესპერანსა
წიგნის საფესტივალო ფასი: 51,9 ლარი
იტყვი, ეს რა სიახლეაო — ბოლო-ბოლო, აკა მორჩილაძის ყველაზე სქელტანიანი რომანი უკვე 20 წლის შეიქნა. თუმცა, სულაკაურის გამომცემლობამ სწორედ ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნად გადაწყვიტა, რომ წიგნი ხელახლა, უფრო საინტერესო ფორმით გამოეცა.
ვისაც სანტა ესპერანსაზე სმენია, იცის, რომ ამ მულტიჟანრობრივ, პოსტმოდერნისტულ რომანს ფორმაც უჩვეულო აქვს: ბანქოს დასტის მსგავსად, ოთხი ნაწილისა და თითოეულში 9-9, ჯამში 36 რვეულისგან შედგება. ახალი გამოცემა კი მოსახერხებელ ჩანთაში ჩაწყობილ 36 რვეულსა და ინსტრუქციას მოიცავს: შეგიძლია თითოეული რვეული ცალ-ცალკე წაიკითხო, ან ავტორის მითითებებს მიჰყვე.
თანამედროვე ქართული პროზის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკა მორჩილაძის, ეს რომანი პირველად 2004 წელს გამოიცა და მკითხველების აღფრთოვანებული რეაქცია დაიმსახურა. წიგნმა ავტორს საბა მოუტანა, მისი სახელი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა — გერმანულმა გამომცემლობამ სანტა ესპერანსას "თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მწერლის ლიტერატურული ფეიერვერკი" უწოდა.
სანტა ესპერანსაში მოქმედება ვითარდება შავ ზღვაში მდებარე გამოგონილ კუნძულზე, სადაც ქართველები, იტალიელები, ოსმალები და ინგლისელები საუკუნეების განმავლობაში თანაცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ საგანგებოდ ამ რომანისთვის, ავტორმა ქართული ენის გამოგონილი დიალექტი, ფსევდონუსხური, შექმნა.
სულაკაურის გამომცემლობა კი, ტრადიციულად, უამრავი სხვა საფესტივალო სიახლითაა წარმოდგენილი; მათ შორისაა ტოდ შტრასერის თინეიჯერული რომანი ტალღა, ლეგენდარული მუსიკოსის, პატი სმითის, მემუარული წიგნი მოგონებების მატარებელი და ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ინგლისელი რომანისტის, ზეიდი სმითის მშვენიერებაზედ.
სულაკაურის გამომცემლობის საფესტივალო კატალოგი ნახე აქ.
ჟან-კლოდ კარიერისა და უმბერტო ეკოს იმედი არ გქონდეთ, რომ წიგნებს მოიშორებთ!
ფრანგულიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
წიგნის საფესტივალო ფასი: 9,5 ლარი
არამხატვრული ლიტერატურის მოყვარულებზე, კვლავაც და კვლავაც, გამომცემლობა დიოგენე ზრუნავს ყველაზე მეტად. სერია NONFICTION-ში, რომელიც სწორედ ასეთ ლიტერატურას აერთიანებს, წელს ბევრი სიახლეა, მათგან ყველაზე თვალისმომჭრელად კი ორი დიდი ევროპელი მოაზროვნის, უმბერტო ეკოსა და ჟან-კლოდ კარიერის, საერთო ნამუშევარი ჩანს.
ეკოც და კარიერიც, კარგ მწერლებთან ერთად, ნამდვილი წიგნის ჭიები გახლდნენ: იტალიელის ბიბლიოთეკა 50 ათასამდე წიგნს იტევდა, ჟან-კლოდის კუთვნილებაში კი 40 ათასი დასახელების წიგნი, მათ შორის, 2 ათასი უძველესი გამოცემა იყო. იმედი არ გქონდეთ, რომ წიგნებს მოიშორებთ! ამ ორი მოაზროვნის დიალოგია ხელოვნების ისტორიაზე, დიდ იდეებზე და, რა თქმა უნდა, წიგნების მომავალზე. ეს უკანასკნელი საკითხი კი, განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა ციფრული ტექნოლოგიებითა და ხელოვნური ინტელექტის უახლესი მიღწევებით ვართ მოცული.
სერია NONFICTION-ის სიახლეებს შორისაა ასევე ზიგმუნდ ფროიდის სიზმრის ინტერპრეტაცია, პიტერ დრაკერის შედეგიანი მართვა და შტეფან ცვაიგის კასტელიო კალვინის, ანუ სინდისი ძალადობის წინააღმდეგ.
დიოგენეს სტენდთან იმედგაცრუებულები არც მხატვრული პროზის მოყვარულები დარჩებიან; სიახლეებთან ერთად, აქ ბევრი წიგნის ნანინანატრ განახლებულ ტირაჟსაც აღმოაჩენ, მათ შორისაა: პოლ ოსტერის მისნის ღამე, სემუელ ბეკეტის მოლოი, ჩაკ პალანიკის მებრძოლთა კლუბი და რობერტ მუზილის უთვისებო კაცი.
გამომცემლობა დიოგენეს კატალოგს ნახავ აქ.
კრისტინ ჰანას ოთხი ქარი
ინგლისურიდან თარგმნა ლადო გიგაიამ
წიგნის საფესტივალო ფასი: 12 ლარი
ქარჩხაძის გამომცემლობა წლევანდელ ფესტივალზე ცნობილი ამერიკელი რომანისტის, კრისტინ ჰანას, ახალ თარგმანს წარმოადგენს. ოთხი ქარი — ასე ჰქვია ისტორიული ჟანრის რომანს, რომელშიც მოქმედება დიდი დეპრესიის პერიოდში, 1930-იანებში, ტეხასის შტატში ვითარდება.
ოთხი ქარის მთავარი გმირი ელსა მარტინელია, რომელიც, თავის ეპოქაში მცხოვრები ბევრი ადამიანის მსგავსად, დილემის წინაშე დგება: გაეშუროს კალიფორნიაში უკეთესი ცხოვრების დაწყების იმედით თუ დარჩეს გვალვებით, ქარიშხლებითა და უმუშევრობით მოცულ მშობლიურ შტატში. ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, წიგნმა სტაინბეკის კლასიკად ქცეული რომანი, მრისხანების მტევნებიც, შეიძლება მოგაგონოს, მაგრამ ოთხი ქარი ტონით და თხრობის სტილით მაინც განსხვავდება ამ ეპოქაზე დაწერილი სხვა წიგნებისგან.
"შეუპოვარი ქალის თვალით დანახული ამერიკისა და ამერიკული ოცნების წარუშლელი ნახატი", — ასეთი შეფასება დაურთო გამომცემელმა ჰანას რომანს, რომელიც მძიმე წარსულზე, შეუპოვრობაზე, თავგანწირვაზე და დედაშვილობაზე ამაღელვებელ ამბავს გვიყვება.
თავად კრისტინ ჰანა თანამედროვე ისტორიულ ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ავტორია. მისი წიგნები მსოფლიოში 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და 20 მილიონამდე ეგზემპლარადაა გაყიდული.
რაც შეეხება ქარჩხაძის გამომცემლობას, მათ სტენდთან ასევე განსაკუთრებული ფასდაკლებით დაგხვდება ბოლო თვეებში გამოცემული სხვა თარგმანებიც: იაა ჯასის დაბრუნება და მარჯან ქემალის საკანცელარიო მაღაზია თეირანში.
ქარჩხაძის გამომცემლობის კატალოგს ნახავ აქ.
მიხაელ ენდეს მომო
გერმანულიდან თარგმნა ასმათ ფიცხელაური-ფარჯიანმა
წიგნის საფესტივალო ფასი: 20 ლარი
გერმანული საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაელ ენდეს, მომო, ანუ საოცარი ამბავი დროის ქურდებსა და გოგოზე, ადამიანებს მოპარული დრო რომ დაუბრუნა ქართულად პირველად წინა საუკუნეში ითარგმნა და მას შემდეგ ბევრი მკითხველის ბავშვობა გაალამაზა. თუმცა, ფენტეზის ჟანრის ეს რომანი მხოლოდ პატარა მკითხველისთვის როდია განკუთვნილი. წლევანდელ ფესტივალზე მის განახლებულ გამოცემას აზროვნების აკადემიის გამომცემლობის სტენდთან ნახავ.
მომოს მთავარი გმირი სწორედაც რომ მომოა — პატარა გოგო, რომელიც ამფითეატრის ნანგრევებში ცხოვრობს და შესწევს განსაკუთრებული უნარი, მოუსმინოს სხვებს. ქალაქის ყოველდღიურობა მას შემდეგ იცვლება, რაც რუხი ბატონები ჩნდებიან და ხალხის დროს იტაცებენ. ამ ყველაფრის წინააღმდეგ გალაშქრება კი მხოლოდ მომოს შეუძლია. დღეს, როცა ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე "ცხოვრების აჩქარებულ ტემპზე", მომო ალბათ იმაზე აქტუალურია, ვიდრე ნახევარი საუკუნის წინ, როცა ის პირველად გამოიცა.
სხვათა შორის, რომანის უმეტესი ნაწილი დაიწერა იტალიაში, სადაც ენდე ტექსტზე ექვსი წელი მუშაობდა. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ნაწარმოების ატმოსფერო იტალიური კულტურითაა გაჟღენთილი.
აზროვნების აკადემიის გამომცემლობას კი საფესტივალოდ სიახლეები საუფროსო ლიტერატურის მიმართულებითაც აქვს: ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა და გამოიცა ირვინ იალომის როდესაც ნიცშე ატირდა და დანიელი მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის, უცნობი წიგნი რა მიამბო მთვარემ.
აზროვნების აკადემიის გამომცემლობის კატალოგს ნახავ აქ.
თქმაც არ სჭირდება, რომ ეს ყველაფერი არ არის. წიგნის ფესტივალი მეტია, ვიდრე სიახლეები ან ფასდაკლებული გამოცემები. მაგალითად, წელს პირველად, საფესტივალო პავილიონების გარე სივრცეში მოეწყობა ფლიმარკეტი, სადაც ქართველი მეწარმეები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ.
თუ მოსვლას ვერ ახერხებ, მაგაზეც არ იდარდო: საფესტივალო ღონისძიებებისთვის თვალის მიდევნებას ფეიბუქგვერდზე შეძლებ, წიგნებს კი ზუსტად იმავე ფასდაკლებით შეიძენ ველიზე.
კომენტარები