რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
ევროპის კონტინენტზე ათასობით წლის განმავლობაში მონადირე-შემგროვებლები ცხოვრობდნენ. დროის უმეტესი ნაწილი კონტინენტზე ადამიანი სწორედ ამ სახით იყო წარმოდგენილი. ეტაპობრივად მონადირე-შემგროვებლები სრულად გაქრნენ, რაც აჩენს შეკითხვას, როდის და როგორ მოხდა ეს?
მკვლევრებმა ზუსტად არ იციან, თუ როდის და როგორ გაქრნენ მონადირე-შემგროვებლები, თუმცა ამის ძირითადი მიზეზი მეურნეობის გავრცელებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ნეოლითის პერიოდის მიწათმოქმედები ევროპაში პირველად 8 000 წლის წინ გამოჩნდნენ და როგორც ჩანს, სწორედ მათ შეცვალეს მონადირე-შემგროვებლების ცხოვრებაც.
"მიწათმოქმედები ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან შემოვიდნენ. მათ თან მოიტანეს მოშინაურებული ცხოველები და მცენარეები. ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდი მიწათმოქმედები და მონადირე-შემგროვებლები იკვეთებოდნენ. როგორც ჩანს, ისინი თანაცხოვრობდნენ კიდევაც. უკვე 3 000 წლის შემდეგ მონადირე-შემგროვებლების კვალი იკარგება", — უთხრა Live Science-ს პალეონტოლოგმა კოზიმო პოსტჰმა.
ევროპის მონადირე-შემგროვებლები ბევრი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ჯგუფისგან შედგებოდა. ისინი თავს ძირითადად ცხოველებზე ნადირობითა და ტყეში არსებული მცენარებიით ირჩენდნენ.
მონადირე-შემგროვებლები ევროპის კონტინენტზე ტალღებად შემოდიოდნენ და დამკვიდრება დაახლოებით 45 000 წლის წინ დაიწყეს. პოსტჰმა ამ პოპულაციებს "მკვდარი ტოტი" უწოდა, რადგან ისინი ძირითადად უკვალოდ გაქრნენ, როგორც კიდევ უფრო ძველი ადამიანები, რომლებიც ევროპას უფრო ადრე ეწვივნენ. თუმცა, ადრეული წარუმატებელი მიგრაციის შემდეგ, მონადირე-შემგროვებელთა ნაწილი კონტინენტზე თავისუფლად გავრცელდა.
პოსტჰმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ევროპელები თავიანთი დნმ-ის დაახლოებით 10%-დან 15%-ს ევროპელ მონადირე-შემგროვებლებს უმადლიან. ამ მონადირე-შემგროვებლების უმეტესობა მიგრაციის ბოლო ტალღაზე მოდის, რომელიც თანამედროვე იტალიის ტერიტორიიდან 14 000 წლის წინ გავრცელდა. ეს კი ნიშნავს, რომ მათი გენეტიკური მემკვიდრეობის ნაწილი დღესაც ცოცხალია. ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების ცხოვრების სტილის უმეტესი ნაწილი დიდი ხანია გაქრა.
ესპანეთის ტერიტორიაზე 7 000 წლის წინ მცხოვრები მონადირე-შემგროვებლის დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ მას ცისფერი თვალები და მუქი კანი ჰქონდა. ასე იყო 14 000 წლის წინ ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრები მონადირე-შემგროვებელთა უმეტესობის შემთხვევაში. ეს მაშინ, როცა იმდროინდელ მიწათმოქმედებს უფრო ღია კანი და მუქი თვალის ფერი ჰქონდათ.
როდესაც მიწათმოქმედება მთელ ევროპაში გავრცელდა, მონადირე-შემგროვებლებმა მიწა საბოლოოდ დაკარგეს.
"კვლევების თანახმად, ბოლო მონადირე-შემგროვებლები კონტინენტების კიდეებისკენ გადავიდნენ, იქ, სადაც მიწათმოქმედებთან პირდაპირ ინტერაქციაში არ იქნებოდნენ", — თქვა პოსტჰმა.
ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ როგორი ინტერაქცია იყო ამ ორ ჯგუფს შორის. საინტერესოა, რომ მონადირე-შემგროვებლების გარკვეული ჯგუფები მიწათმოქმედებთან თანაცხოვრობდნენ. მაგალითად, თანამედროვე დანიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ადამიანის სამარხი, რომელიც ორივე ჯგუფის მახასიათებლებს ატარებდა. კაცი დაკრძალული იყო მონადირე-შემგროვებლებისთვის დამახასიათებელი ნივთებით, მაგრამ დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ მისი დიეტა მიწათმოქმედებთან მოდიოდა თანხვედრაში. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ამ ორი ჯგუფის თანაცხოვრების საინტერესო მაგალითია.
სავარაუდოა, რომ მონადირე-შემგროვებლები მიწათმოქმედებისგან იდევნებოდნენ. ასევე საუბარია ახალ პათოგენებზე, რომლებიც მონადირე-შემგროვებლებზე მიწათმოქმედებისგან გადადიოდა. ეს აჩენს ვარაუდს, რომ სწორედ ამ მოვლენებს უნდა გაენადგურებინა მონადირე-შემგროვებლების დიდი პოპულაციები.
მკვლევრების თქმით, მონადირე-შემგროვებლებს მიწათმოქმედებაზე თავად გადასვლა არ გადაუწყვეტიათ. როგორც ჩანს, მათი ნაწილი უბრალოდ ამოხოცეს, ხოლო ნაწილს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ შეეცვალა ცხოვრების წესი და თავადაც მიწათმოქმედი გამხდარიყო.
კომენტარები