10 უჩვეულო რამ, რაც მზის დაბნელებისას ხდება
დღეს, 8 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკიდან მზის სრული დაბნელება იქნება ხილული, რომლისთვისაც თვალის მიდევნებას აშშ-ის 15 შტატიდან, ასევე კანადისა და მექსიკის ზოგიერთი რეგიონიდან შეძლებენ. საქართველოდან ამ მოვლენას ვერ დავაკვირდებით, თუმცა პირდაპირი ტრანსლაციის ყურების საშუალება გვექნება (რომელ საათზე დაიწყება მზის სრული დაბნელება და სად ვუყუროთ ონლაინ).
მზის სრული დაბნელებისას დედამიწასა და ჩვენს ვარსკვლავს შორის სავსე მთვარე ექცევა, რომელიც ცაზე იმხელა არეალს იკავებს, რომ მზის დისკოს ჩრდილავს. ეს, რა თქმა უნდა, გასაოცარ სანახაობას ქმნის, მაგრამ რა ხდება ამ დროს პლანეტაზე? აისახება თუ არა მსგავსი ფენომენი აქ მობინადრე არსებებზე ან ბუნებრივ პროცესებზე?
ასევე, იხილეთ: რა უნდა ვიცოდეთ 8 აპრილის მზის სრულ დაბნელებაზე — მოკლედ
წინამდებარე სტატიაში სწორედ ამ კითხვებზე პასუხს შემოგთავაზებთ და 10 ისეთ ფაქტს გაგაცნობთ, რომლებიც მზის დაბნელებას უკავშირდება.
1. ბეილის მძივები
მზის სრული დაბნელებისას ვარსკვლავის დაჩრდილული დისკოს გარშემო ვერცხლისფრად მოელვარე სინათლე ჩნდება, რომელსაც წყვეტილი სახე აქვს და მძივებს ემსგავსება. სწორედ ასეთი ეფექტის გამო უწოდებენ ამ ფენომენს ბეილის მძივებს ასტრონომ ფრენსის ბეილის პატივსაცემად, რომელმაც ის 1836 წელს აღწერა.
სხვაგვარად ამას ბრილიანტის რგოლადაც მოიხსენიებენ. მსგავს წყვეტილ სიკაშკაშეს მთვარის უსწორმასწორო ზედაპირი განაპირობებს. კერძოდ, დედამიწის ერთადერთი თანამგზავრის დისკოზე, რომელიც მზეს ეფარება, მკაფიო ჩაღრმავებების ადგილას უფრო მეტი სინათლე იჭრება.
2. მზის პროტუბერანცები
მზის დაბნელებისას კიდევ ერთი გასაოცარი ფენომენის დანახვის შესაძლებლობა გვეძლევა. ესაა პროტუბერანცები, რომელთაც ფილამენტებადაც მოიხსენიებენ. ისინი ჩვენი მნათობის ზედაპირიდან აღმართული შედარებით გრილი პლაზმის შვერილებია, რომლებიც მაგნიტურ ველს უკავშირდება და ამის გამო ხშირად მრუდე ფორმა აქვს.
ისინი მუდმივად წარმოიქმნება, მაგრამ დედამიწიდან მათ ვერ ვხედავთ. სამაგიეროდ, მზის დაბნელებისას ფილამენტები დისკოს გარშემო იკვეთება და მარტივად დაკვირვებადია. გასათვალისწინებელია, რომ სპეციალური ფილტრის მქონე სათვალის ან მოწყობილობის გარეშე ამ დროს მზეს არ უნდა შევხედოთ.
3. ტემპერატურის ცვლილება
დღევანდელი მოვლენისას მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ტემპერატურა სწრაფად დაეცეს, რადგან მთვარე მზის დისკოს დაჩრდილავს. რამდენად აცივდება, ეს ადგილზე, სეზონსა და მზის დაბნელების დროზეა დამოკიდებული.
როგორც წესი, მზის სრული დაბნელებისას ტემპერატურა 2.8-5.6 გრადუსი ცელსიუსით მცირდება, თუმცა, არაა გამორიცხული, ცვლილება უფრო დიდიც იყოს. ყოველწლიური დაბნელებებისას ასეთი საგრძნობი აცივება მაინც იშვიათია. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როცა მზეს ღრუბელი ეფარება.
4. ქარის ცვლილება
იმ რეგიონებში, რომლებიდანაც მზის სრული დაბნელება ჩანს, ეს მოვლენა ტემპერატუსრასთან ერთად შესაძლოა, ქარის ქროლაზეც აისახოს. კერძოდ, ზოგჯერ ამ დროს ქარი მიმართულებას იცვლის.
პირველ რიგში, როცა მთვარე მზის დისკოს უახლოვდება, ქარი დგება. სრული დაბნელების პიკისას, ანუ ვარსკვლავის სრულად გადაფარვისას, პირიქით ხდება და ჰაერის ნაკადები უკვე ქროლას იწყებს, თანაც ხშირად სხვა ტრაექტორიით (იხილეთ კვლევა). უნდა ითქვას, რომ ეს ეფექტი ნაწილობრივი და ყოველწლიური დაბნელებებისასაც შეიმჩნევა.
5. დაბნეული ცხოველები
ცნობილია, რომ მზის ასეთი დაბნელებები ადამიანზე ფიზიკურად არ ზემოქმედებს, თუ, რა თქმა უნდა, მას პირდაპირ არ შევხედავთ (რადგან ეს თვალის დაზიანების საშიშროებას ქმნის). ცხოველების შემთხვევაში, უეცრად დაბნელება მათ ქცევებზე აისახება, ვინაიდან დღისა და ღამის მონაცვლეობა მრავალი სახეობის "დღის წესრიგს" განსაზღვრავს.
მაგალითად, შესაძლებელია, მზის დაბნელებისას ჩიტებმა უფრო აქტიურად იჭიკჭიკონ, ჭრიჭინებმა კი — იჭრიჭინონ. ეს იმიტომ, რომ ამ არსებებს მსგავსი ქცევები შებინდებისას ან ღამით ახასიათებთ, მზის დაბნელება კი სწორედ ასეთ გარემოს ქმნის და ცხოველებს აბნევს. მსგავსი გავლენა ზოოპარკებშიც შესამჩნევია.
6. რადიოსიხშირეების ხარვეზი
მზის სრული და ნაწილობრივი დაბნელება ზოგჯერ რადიოტალღების ცვლილებას იწვევს, უფრო კონკრეტულად კი მათი სიხშირეების. ამის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს მზისა და დედამიწის იონოსფეროს ურთიერთქმედებას უკავშირდება. მსგავსი პროცესები მზის ამოფრქვევებისას იცვლება.
დღევანდელი მოვლენა მეცნიერებისთვის კარგი შანსია, რომ ამ საკითხის შესახებ მეტი შეიტყონ.
7. მიკროორგანიზმების ზომა და ფორმა
ზოგადად, ცხოველებზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ რა ემართებათ მიკროორგანიზმებს მზის დაბნელებისას? 2010 წლის 15 იანვარს მსგავსი მოვლენისას ინდოეთში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ სპეციალურ ჭურჭელში გაზრდის პროცესში მყოფი ბაქტერიებისა და სოკოების ზომა შემცირდა. ასევე, დაბნელების პიკის დროს მათი ფორმა უფრო სხვადასხვაგვარი იყო.
ამის მიუხედავად, ეს შედეგები აქამდე სხვა ექსპერიმენტებში არ გამეორებულა.
8. უჩვეულო ჩრდილები
მართალია, მზის დაბნელებისას ყველას თვალები ცისკენაა აპყრობილი, მაგრამ ამ დროს ქვემოთაც საინტერესო რამ ხდება. თუ აღნიშნული მოვლენისას ძირს დაიხედებით, შესაძლოა, ხეების ან სხვა ობიექტების ჩრდილების მიერ წარმოქმნილი პატარა ნამგალა ფორმები დაინახოთ. ეს საკმაოდ ლამაზ სანახაობას ქმნის და ნაწილობრივი დაბნელებისასაც დაკვირვებადია.
9. ჩრდილოვანი სარტყლები
რამდენიმე წამით ადრე, სანამ მზე სრულად დაბნელდება, ერთი ფერის მქონე ობიექტების ზედაპირებზე (მაგალითად, კედლებზე) სინათლისა და ჩრდილების ტალღოვანი სარტყლები ჩნდება ხოლმე. ეს ძალიან ჰგავს საცურაო აუზში წყლის ტალღების მიერ წარმოქმნილ ფორმებს, რომლებსაც ქვემოდან ვხედავთ.
მეცნიერებისთვის ეს ფენომენი ჯერ კიდევ ამოუხსნელად რჩება. ზოგიერთი სპეციალისტის ჰიპოთეზის თანახმად, ასეთი ჩრდილები დედამიწის ატმოსფეროს ზედა შრის შემადგენელი აირის ტურბულენტური უჯრედების ერთგვარი ანარეკლია. მათ შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია მოგვეპოვება, უადრესი აღწერა კი მეცხრე საუკუნით თარიღდება.
10. ხილული ვარსკვლავები და პლანეტები
მზის სრული დაბნელებისას მთვარე ჩვენს მნათობს საკმარისად ჩრდილავს, რომ ცაზე ვარსკვლავები და პლანეტები გამოჩნდეს (რადგან მზის სიკაშკაშე მათ ელვარებას აღარ ფარავს). რა თქმა უნდა, ამ დროს მათგან ყველაზე ნათელი ობიექტებია ხილული და ეს დედამიწის პოზიციაზეცაა დამოკიდებული. დღეს ჩრდილოეთ ამერიკიდან, სავარაუდოდ, ვენერა და იუპიტერი გამოჩნდება.
კომენტარები