მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
იაპონიის მიერ დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე გაშვებულმა აპარატმა SLIM მთვარეზე 2-კვირიანი ღამის გატარების შემდეგ სიგნალი გამოგზავნა. ეს ნიშნავს, რომ ის ამ ხანგრძლივ ცივ პერიოდს უკვე მეორედ გადაურჩა.
ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ სოციალურ ქსელში 27 მარტს გაავრცელა, X-ში გამოქვეყნებულ პოსტს დასაშვები მოდულის სანავიგაციო კამერის მიერ გადაღებული სურათიც აქვს დართული.
მთვარის სნაიპერად წოდებული მოდული მის ზედაპირზე 19 იანვარს უსაფრთხოდ განთავსდა, რითაც იაპონიამ აშშ-ის, ჩინეთის, ინდოეთისა და საბჭოთა კავშირის გვერდით დაიკავა ადგილი, რომლებმაც ეს აქამდე შეძლეს. მალევე ცნობილი გახდა, რომ ის ციურ სხეულზე თავდაყირა დაჯდა. ამის გამო მისი მზის პანელები საკმარის ენერგიას ვერ გამოიმუშავებდა.
შედეგად, 200-კილოგრამიანი აპარატი გაითიშა, მაგრამ 28 იანვარს ისევ გააქტიურდა, რადგან ვარსკვლავის სხივებმა იქამდე მიაღწია. აქედან რამდენიმე დღეში მთვარის ამ არეალში დაღამდა, რაც დაახლოებით 2 კვირა გრძელდება. ამ დროს იქ ტემპერატურა -130 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა, ეს კი მზის ენერგიაზე მომუშავე ხომალდებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის. მაგალითად, მსგავსი პირობები კერძო კომპანია Intuitive Machines-ის აპარატ ოდისევსისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ამის მიუხედავად, SLIM-მა ამ ცივი პერიოდის შემდეგ "გამოღვიძება" შეძლო. ახლა მან ეს უკვე მეორედ მოახერხა, მაგრამ მთვარის მკაცრი პირობები მასზე კვალს მაინც ტოვებს.
"ჩვენ მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, ტემპერატურის ზოგიერთი სენსორი და ბატარეის გამოუყენებელი ელემენტები ხარვეზით მუშაობს, მაგრამ პირველ ღამეს გადარჩენილი ფუნქციების უდიდესი ნაწილი მეორე ღამის შემდეგაც შენარჩუნდა", — აცხადებენ მეცნიერები.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოდული სამიზნე არეალში 100 მეტრის რადიუსში უნდა დამჯდარიყო, თუმცა ეს სულ რაღაც 55 მეტრ რადიუსში მოახერხა. ამით მან კოსმოსური მისიების ისტორიაში ყველაზე ზუსტ დაშვებას მიაღწია (თავდაყირა დაჯდომის მიუხედავად).
კომენტარები