ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული ზემასიური შავი ხვრელის ახალი სურათი გამოაქვეყნეს, რომელზეც მისი მაგნიტური ველის სტრუქტურაა გამოკვეთილი.
ესაა ირმის ნახტომის შუაგულში მდებარე მშვილდოსანი A*, რომელიც, ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, სივრცეში სუპერცხელი მატერიის ნაკადებს ათავისუფლებდეს. უკანასკნელი გამოსახულება მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის მონაცემებს ეფუძნება. რადიოობსერვატორიების ამ ქსელმა აღნიშნული შავი ხვრელი 2022 წელს გადაიღო, სულ პირველი ასეთი ობიექტი კი, რომელსაც M87* ეწოდება, 2019 წელს ვიხილეთ.
მშვილდოსან A*-ს ახალ სურათს წინასგან ის განასხვავებს, რომ სინათლის პოლარიზაციის ეფექტს გვიჩვენებს, რომლის დაფიქსირებაც სწორედ რადიოტელესკოპებს შეუძლია. ამგვარი პოლარიზებული სინათლე შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის მიმდებარედ გვხვდება. ის მიჯნაა, რომლის მიღმაც ძლიერ გრავიტაციას ვერაფერი აღწევს თავს.
მაგნიტური ველის სტრუქტურა ხაზების სახითაა წარმოდგენილი, რომელთა გასწვრივაც მატერიაა თავმოყრილი. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელის მაგნიტური ველი ძლიერი და ორგანიზებულია, ასევე მრუდე ფორმა აქვს. ამ ყველაფრის შესწავლა შესაძლოა იმის უკეთ გაგებაში დაგვეხმაროს, თუ როგორ შთანთქავს მატერიას მშვილდოსანი A*.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება ისაა, რომ ამ შავი ხვრელისა და ზემოთ ხსენებული M87*-ის მაგნიტური ველი ერთმანეთს საკმაოდ ჰგავს როგორც სიძლიერით, ისე ორგანიზებულობით. ეს უკანასკნელი მშვილდოსან A*-ზე დაახლოებით 1000-ჯერ დიდია და ჩვენგან 53 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარე გალაქტიკის Messier 87 ცენტრშია განლაგებული. ზომის სხვაობის მიუხედავად, ასეთი მსგავსება შესაძლოა ნიშნავდეს, რომ სუპერცხელი მატერიის ნაკადები ჩვენი გალაქტიკის შავ ხვრელსაც ახასიათებს.
ამგვარი ნაკადები პირველად M87*-ის მახლობლად, 2023 წლის აპრილში, დააფიქსირეს. მათი სიგრძე ირმის ნახტომის დიამეტრს დაახლოებით 10-ჯერ აღემატება. ნაკადები შენიშნეს გალაქტიკა NGC 1275-ის შუაგულშიც.
ამ ფენომენის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან შავი ხვრელების ბრუნვისას ენერგიის კარგვის უკეთ შესწავლის საშუალებას გვაძლევს. მართლაც გვხვდება თუ არა ასეთი ნაკადები ირმის ნახტომის ცენტრში, ამას, სავარაუდოდ, მომდევნო დეკადის განმავლობაში გავიგებთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები