პალეონტოლოგები აცხადებენ, რომ დინოზავრის განამარხებულ ნარწყევში პტეროზავრების უცხო სახეობის კვალი აღმოაჩინეს. გათხრები ბრაზილიაში მიმდინარეობდა, ამიტომ აღმოჩენილ რეპტილიას სახელი ადგილობრივი მოსახლეობის ენაზე შეარქვეს. მას Bakiribu waridza უწოდეს, რაც კარირის ხალხის ენაზე სავარცხლის პირს ნიშნავს.

დინოზავრის გაქვავებული რეგურგიტალიტი, რომელშიც პტეროზავრის უცხო სახეობის კვალია

ფოტო: Pêgas et al., Sci. Rep. 2025

ადვილად მიხვდებით, რა მიზეზით შეარქვეს ეს სახელი — პტეროზავრებს ჯაგრისის მსგავსი გრძელი კბილები აქვთ. ამ სახეობის არსებობაზე, ალბათ, ვერც ვერასდროს გავიგებდით, რომ არა ერთი მტაცებელი დინოზავრი, რომელმაც 110 მილიონი წლის წინ მისი შეჭმა გადაწყვიტა. Bakiribu waridza-ს ძვლები ოთხ თევზთან ერთად იპოვეს მინერალებისგან შემდგარ მყარ მასაში.

გამოკვლევის შემდეგ პალეონტოლოგებმა ივარაუდეს, ეს მასა დინოზავრის რეგურგიტალიტი, ანუ მისი გაქვავებული ნარწყევი, იყო. ამოღებინებული მასა, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში გამყარდა.

პტეროზავრს ზოგიერთი ძვალი გატეხილი ჰქონდა, სავარაუდოდ, მტაცებლის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად.

"ნარჩენების განლაგების მიხედვით, სავარაუდოა, რომ მტაცებელმა ჯერ პტეროზავრი შეჭამა, მერე თევზები და შემდეგ აღებინა გადაყლაპული მასის ნაწილი. ეს, სავარაუდოდ, მექანიკურმა დისკომფორტმა გამოიწვია", — წერენ მკვლევრები ნაშრომში.

სპინოზავრიადთა ოჯახის დინოზავრები

ფოტო: Wikimedia Commons

ამ მტაცებელი დინოზავრის ზუსტი წარმომავლობა უცნობია, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი სპინოზავრიდების ოჯახიდან უნდა ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ ეს მტაცებლები სულაც არ იყვნენ ისეთი სასტიკები, როგორებადაც წარმოაჩენენ ხოლმე. მიჩნეულია, რომ ისინი უმეტესად თევზებით იკვებებოდნენ და დროდადრო მენიუში პტეროზავრებიც ჰყავდათ.

ახალი აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს, 110 მილიონი წლის წინ მცხოვრებ არსებათა კვებითი ჯაჭვი და ჩვევები შევაფასოთ.

კვლევა ჟურნალ Scietific Reports-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.