რა კავშირია ერექციულ დისფუნქციასა და კომპიუტერის ხანგრძლივ გამოყენებას შორის — კვლევა
მიგნების სარწმუნოობა დამატებითი კვლევებით უნდა დადასტურდეს.
ჩინელმა მეცნიერებმა ერექციულ დისფუნქციასა და "გართობისთვის კომპიუტერის ხანგრძლივ გამოყენებას" შორის ძლიერი კავშირი გამოავლინეს. კვლევის ფარგლებში მათ 220 ათასი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს როგორც გენეტიკური, ასევე სტატისტიკური თვალსაზრისით. ნაშრომი ჟურნალ Andrology-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა მონაცემები გენომის მასშტაბის ასოციაციური კვლევებიდან (GWAS) მოიპოვეს, სადაც კონკრეტულ მახასიათებელთან (თუნდაც უმოძრაობასთან) დაკავშირებული გენებია იდენტიფიცირებული. საკვლევ ჯგუფში 40-60 წლის კაცები იყვნენ UK Biobank-იდან. ეს მონაცემთა ონლაინბაზაა, რომელიც ნახევარი მილიონი ბრიტანელის სამედიცინო ჩანაწერებს აერთიანებს; მასში მოიპოვება ინფორმაციაც ხალხის ცხოვრების სტილის შესახებ.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კომპიუტერთან დღეში ყოველი 1.2 საათის გატარებით 3.57-ჯერ იზრდება ერექციული დისფუნქციის რისკი. განტვირთვისთვის კომპიუტერის ხანგრძლივი მოხმარება კაცებში ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის სიმცირეს უკავშირდებოდა. აღნიშნული ჰორმონი სპერმატოზოიდების წარმოქმნას უწყობს ხელს.
"მართალია, ამ კვლევაში კომპიუტერის გამოყენებისგან ერექციული დისფუნქციის გამოწვევის კონკრეტული მექანიზმი არ გამოვლენილა, თუმცა აშკარა უნდა იყოს, რომ უმოძრაობას ერექციულ ფუნქციაზე უარყოფითი გავლენა აქვს, რაც საზოგადოების ყურადღებას საჭიროებს", — წერენ ნაშრომის ავტორები — "სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიზიკური აქტივობა, შესაძლოა, ერექციული ფუნქციის გაუმჯობესებაში ან დისფუნქციის პრევენციაში დაგვეხმაროს".
შენიშნეს ისიც, რომ ასეთ კაცებს კომპიუტერის გასართობად გამოყენებისკენ უფრო ძლიერი გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდათ. საინტერესოა, რომ კვლევის ფარგლებში არ გამოვლენილა კავშირი ერექციულ დისფუნქციასა და სხვა მჯდომარე აქტივობებს შორის, იქნება ეს ტელევიზორის ყურება თუ მანქანის მართვა.
///
საგულისხმოა, რომ მკვლევრებმა მონაცემები მონაცემთა ონლაინბაზიდან მოიპოვეს, რაც არც ისე სარწმუნო მეთოდია. შესაბამისად, უკეთესი დასკვნების გასაკეთებლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, სადაც მონაწილეები კითხვარს დაკვირვების ქვეშ შეავსებენ.
მიგნება მაინც შეიძლება, საყურადღებო აღმოჩნდეს:
"კვლევა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ აჩვენებს, თუმცა იმაზე ნამდვილად მეტყველებს, რომ კაცები, რომელთაც საკუთარი ერექციული ფუნქცია აღელვებთ, ალბათ, კომპიუტერებს უნდა მოსცილდნენ და მეტად აქტიურები გახდნენ", — განაცხადა ალან პეისიმ, მანჩესტერის უნივერსიტეტის ანდროლოგიის პროფესორმა, რომელიც კვლევის ავტორი არ ყოფილა — "კვლევები ისედაც აჩვენებს, რომ რეგულარულ ვარჯიშს ერექციული ფუნქციის გაუმჯობესება შეუძლია".
ნაშრომის ავტორებს არ განუხილავთ ისიც, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მიგნებებმა ამ კუთხით ჩინეთის გადაწყვეტილებებზე. ცნობილია, რომ ამ ქვეყანაში ვიდეოთამაშების შეზღუდვას ცდილობდნენ, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ბოლო დროს სახელმწიფომ შედარებით უკან დაიხია.
თუკი ქვეყნის ლიდერები ამ კვლევის შედეგებს სერიოზულად მიიღებენ, შესაძლოა, ვიდეოთამაშების კუთხით არსებული რეგულაციები კვლავ გამკაცრდეს — მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში შობადობა მკვეთრად მცირდება.
კომენტარები