როგორ იძინებენ ზღვის ძუძუმწოვრები წყალქვეშ
ზღვის ძუძუმწოვრებს წყალში თევზებივით ძილი არ შეუძლიათ. მათ ამისთვის ჰაერი სჭირდებათ. ასეთ დროს ზედაპირზე ასვლა და ტივტივი მტაცებლების გამო საშიშია. ასევე ეს სხეულის სითბოს დაკარგვის საფრთხეს გააჩენს. ამიტომ, ჩნდება შეკითხვა, როგორ იძინებენ ზღვის ძუძუმწოვრები?
ერთ-ერთი გამოსავალი ტვინის ერთი ნახევრის გამორთვაა. სწორედ ამ გზას მიმართავენ დელფინები, როდესაც წყალში ყოფნისას დასვენება ესაჭიროებათ. ამას ნახევარსფერული ძილი ეწოდება.
"ნახევარსფერული ძილი ამ არსებებისთვის ნამდვილად ღირებულია. ამით აქტივობის დაბალ დონეს ინარჩუნებ და ეს ისე, რომ ტვინის ნახევარს უბრალოდ სძინავს", — განუცხადა Live Science-ს პატრიკ მილერმა, სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის ბიოლოგმა.
დელფინები ყველაზე კარგად შესწავლილი ზღვის ძუძუმწოვრები არიან, რომლებიც ძილის ამ ფორმას იყენებენ. დელფინების ტვინის სკანირება აჩვენებს, რომ სანამ ერთი ნახევარსფერო ღრმა ძილშია, მეორე ნახევარსფერო ფხიზლადაა. ეს ცხოველებს საშუალებას აძლევს "ერთი თვალით" იფხიზლონ. ძილის ეს ფორმა გავრცელებულია ვეშაპისნაირებში — ძუძუმწოვართა ჯგუფში, რომელიც მოიცავს დელფინებს, ვეშაპებსა და ზღვის ღორებს. თუმცა, ეს მხოლოდ მათთვის უნიკალური არ არის. ცნობილია, რომ ასეთ ძილს ბევრი ფრინველიც იყენებს. ეს დიდ მანძილზე ფრენის დროს დასვენების საშუალებას იძლევა.
თუმცა, ყველა ვეშაპისებრს არ შეუძლია ასეთი ძილი. ზოგი იყენებს ბიჰემისფერულ ძილს, რომლის დროსაცაც ტვინის ორივე ნახევარსფერო იძინებს, ისევე როგორც ადამიანებისა და სხვა ძუძუმწოვრების შემთხვევაში.
"ძალიან ძნელია ზღვაში მყოფი ცხოველების ტვინის აქტივობის გაზომვა. ასეთები არიან ვეშაპები და ამ შემთხვევაში ქცევით ჩანაწერებს ვეყრდნობით", — თქვა მილერმა.
დაკვირვებების მიხედვით, ძილის დროს ვეშაპები ზედაპირულ ჩაყვინთვას ასრულებენ, ანელებენ ცურვის სიჩქარეს და ნელა იხრებიან ქვემოთ.
ძილის დროს ვეშაპი სრულიად ურეაქციოა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის ღრმა ძილშია. თუმცა, მათ წყალქვეშ დასვენება მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში შეუძლიათ. მას შემდეგ, რაც ვეშაპი ზემოთ ამოდის და ჰაერს ისუნთქავს, კვლავ წყლისქვეშ ეშვება და ასე გრძელდება რამდენიმე საათი.
კომენტარები