დაასრულებს თუ არა კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო კლანს
"კეთილსინდისიერებას აქვს არსებითი მნიშვნელობა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისათვის. მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი საქციელი ინფორმირებული, ობიექტური და საღად მოაზროვნე დამკვირვებლის თვალში იყოს უმწიკვლო", — წერია საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების პრეამბულაში. მიუხედავად კანონით გაწერილი კრიტერიუმებისა, თუ როგორი უნდა იყოს კეთილსინდისიერი მოსამართლე, სისტემაში კორუფციის და არაფორმალური გავლენების პრობლემა კვლავ რჩება და ამაზე არაერთხელ მიგვითითეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. სტატიაში შევეცდებით, ავხსნათ, რა პრობლემებია სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების კუთხით, რაში ხედავენ გამოსავალს ევროსტრუქტურები და ქართველი ექსპერტები. მასალის მომზადებისას ვცადეთ, დავკავშირებოდით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან, ასევე, მოსაზრებები მიგვეღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგანაც, თუმცა, სამწუხაროდ, მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს.
ორგანული კანონის მიხედვით, საქართველოში მოსამართლის დანიშვნის აუცილებელი პირობა, კომპეტენტურობასთან ერთად, კეთილსინდისიერებაა.
კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია:
- პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;
- დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;
- პიროვნული და პროფესიული ქცევა;
- პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია;
სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატთან მიმართებით, ამ მახასიათებლებს "ფინანსური ვალდებულება" ემატება. შემფასებლები ითვალისწინებენ ინფორმაციას მისი შემოსავლის წყაროს, აქტივების, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების და ამ ქონებისა და შემოსავლის შესაბამისი ვალისა და ვალდებულების შესახებ.
- კანონი განმარტავს, რომ პირის ფინანსური ვალდებულების შემოწმების მიზანია, შეფასდეს, არსებობს თუ არა საფუძველი მისი ქონებრივი ინტერესების მართლმსაჯულების ინტერესებთან დაპირისპირებისა, რამაც, შესაძლებელია, საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობას.
ვინ ადგენს, არის თუ არა მოსამართლე კეთილსინდისიერი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
მოსამართლის შეფასების კრიტერიუმები, მათი მახასიათებლები და შეფასების სისტემა კანონით არის გაწერილი.
- კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა და ამ ქულების დასაბუთებები, საჯაროა და, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ვინაობის მითითებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
სამართლიანია თუ არა საბჭოს შეფასებები კეთილსინდისიერებაზე
ანა დოლიძე, რომელიც 2018-2020 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო, ამბობს, რომ საბჭოს წევრებს, რეალურად, ძალიან ზედაპირული შესაძლებლობა აქვთ, მოსამართლის კეთილსინდისიერების შესასწავლად.
ანა დოლიძე 2018 წელს პრეზიდენტის წარდგინებით დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, მანამდე კი, მას 18-წლიანი მუშაობის სტაჟი ჰქონდა. სხვადასხვა დროს, ის იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
- დოლიძე პრობლემას ხედავს იმაში, რომ როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრი ამოწმებს, ემთხვევა თუ არა მოსამართლის შემოსავალი მის ფინანსურ შესაძლებლობებს, შემფასებელს არ აქვს საშუალება, ღრმად ჩაიხედოს მოსამართლის შემოსავალში.
"შეფასებისას, იძულებული ვართ, დავკმაყოფილდეთ იმ მონაცემებით, რომლებიც მოსამართლეს აქვს წარდგენილი და მათ შორის, მის მიერ შევსებული დეკლარაციის სახით", — ამბობს ანა დოლიძე.
- მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში, არაფორმალური მმართველობის პირობებში, ხშირია ნეპოტიზმი და არაფორმალური გარიგებები, თუმცა იუსტიციის საბჭოს წევრს არ აქვს რაიმე საშუალება, ამ გარიგებების უტყუარობა დაადასტუროს.
"იუსტიციის საბჭოს თუ არა, ანტიკორუფციულ ორგანოს მაინც უნდა ჰქონდეს ეს ბერკეტი. უამისოდ, არაკეთილსინდისიერების შეფასება არის სრულიად ფორმალისტური, ეყრდნობა თვითონ მოსამართლის მიერ წარდგენილი ინფორმაციას და მისი იმედი ვერანაირად გვექნება", — გვითხრა ანა დოლიძემ.
"კეთილსინდისიერების პირველი კრიტერიუმი არის ის, რომ ადამიანი არ უნდა იტყუებოდეს"
მოსაზრებას, რომ არ არსებობს საკმარისი ბერკეტი კეთილსინდისიერების შესამოწმებლად, ეთანხმება დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილიც. ის ამბობს, რომ ყველაზე მძლავრი მექანიზმი გასაუბრება უნდა იყოს.
წიქარიშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების დიდმა ნაწილმა, რომელთა კანდიდატურებიც, განხილვის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა, იცრუა.
კახა წიქარიშვილის მუშაობის სტაჟი სამართლის სფეროში 1998 წლიდან იწყება. ის სხვადასხვა დროს იყო მსოფლიო ბანკის პროგრამის, Court Management Associates-ის იურისტი, ამერიკის იურისტთა ასოციაციის იურისტი, ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიაში თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში, ნორვეგიის კანონის უზენაესობის საქართველოს მისიის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე.
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში 50 მოსამართლეს მოვუსმინეთ. მათ დაუსვეს კითხვა, იყო თუ არა ზეწოლა სასამართლოზე წინა ხელისუფლების დროს და მათ თქვეს, რომ არაფერი გაგვიგია, არაფერი დაგვინახავსო. უფრო მეტიც — მირანდა ერემაძემ თქვა, რომ წინა ხელისუფლებისას სასამართლო იყო დამოუკიდებელი; იგივე თქვეს გიორგი მიქაუტაძემ და მერაბ გაბინაშვილმაც. ისინი ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არიან.
როდესაც ამის შესახებ ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, ამბობდით, წინა ხელისუფლებისას ყველა მოსამართლე ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა, ახლა კი მოსამართლეები ამბობენ, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონიაო, კობახიძის პასუხი იყო — მოსამართლეები გასაუბრებაზე იტყუებიან, აბა, თავის თავს ხომ არ ამხელენო?! ანუ, "ქართულმა ოცნებამ" პირდაპირ აღიარა, რომ მატყუარა მოსამართლეები დანიშნა უზენაეს სასამართლოში", — თქვა წიქარიშვილმა.
მსგავსი: უზენაესის 3 კანდიდატის განათლების ხარისხი სათანადოდ არ არის დადასტურებული — ომბუდსმენი
მოსამართლეთა კლანისთვის "ცოდვების ჩამოწმენდა"
იმის შესახებ, რომ სასამართლო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ზეწოლის ქვეშ იყო, არაერთხელ განუცხადებიათ ქართული ოცნების ლიდერებს, როგორც ხელისუფლებაში მოსვლამდე, ისე — 2012 წლის შემდეგ.
ქართული ოცნების 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში ეწერა:
"პარტია უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, დანაშაულისათვის სასჯელის გარდაუვალობას და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობას, რისთვისაც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, გაათავისუფლებს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისგან."
არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ, 2013 წელს ძალაში შევიდა მართლმსაჯულების რეფორმის პირველი ტალღის ცვლილებები, რომელთა დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეფუძნებოდა.
- ცვლილებების თანახმად, მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან, 7 ახალი მოსამართლე წევრი, მათ შორის, საბჭოს მდივანი უნდა აერჩიათ.
საბჭოს არჩევნებამდე 3 დღით ადრე, საქართველოს მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, განაცხადა: "9 ივნისს იქნება მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც უნდა აირჩიონ იუსტიციის საბჭოს წევრები. მოსამართლეებს ეძლევათ ისტორიული შანსი, გათავისუფლდნენ როგორც კუბლაშვილის, ასევე, მეიშვილის, ჩინჩალაძის, ანუ ხელმძღვანელობის დიქტატისგან. [...] ".
- 2013 წლის 9-16 ივნისს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს წევრები აირჩია, სადაც ვერ გაიმარჯვა სისტემისადმი კრიტიკულად განწყობილმა ვერცერთმა მოსამართლემ.
- იუსტიციის საბჭოს მდივნად აირჩიეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებული საქმის მოსამართლე, ლევან მურუსიძე.
მურუსიძე ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომლებიც გავლენიანი ჯგუფის, ანუ კლანის წევრებად მოიხსენებიან.
კახა წიქარიშვილი იხსენებს 2015-16 წლებს, როდესაც, მისი მოსაზრებით, ქართული ოცნება ჯერ კიდევ დემოკრატიულობანას თამაშობდა, ხოლო მოგვიანებით, ამ თამაშსაც თავი დაანება: "იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნაზი ჯანეზაშვილი შეიყვანეს, როგორც განსხვავებული აზრის მქონე არამოსამართლე წევრი, ასევე — ანა დოლიძე დანიშნა იმდროინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, და ასე მივიღეთ დისკუსიები, შეხლა-შემოხლა და სკანდალები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში." მას შემდეგ კი, რაც ეს ორი ადამიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საბჭოდან "გაქრა", საბჭოს სრული შემადგენლობა მმართველმა პარტიამ დააკომპლექტა. "ახლა გესმით საბჭოს სხდომებზე აზრთა სხვადასხვაობა?! არა, რადგან არაფერი ხდება საერთოდ, იმიტომ რომ ოცნებამ ყველა ვაკანსია კლანის მიერ სკრუპულოზურად გაცხრილული ადამიანებით შეავსო", — თქვა კახა წიქარიშვილმა.
როგორ გაგრძელდა პროცესი: ირაკლი კობახიძემ, 2018 წელს, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, თქვა, რომ "მოხდა ლევან მურუსიძის დემონიზება, პირველ რიგში, პოლიტიკური ოპონენტების მიერ" და მურუსიძის წინააღმდეგ პოლიტიკური შეტევა მას შემდეგ დაიწყო, "რაც ოპონენტებმა დაინახეს, რომ ის დამოუკიდებელი გახდა".
- მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ, ასევე, განაცხადა, რომ "შეიცვალა სისტემა შემადგენლობის ცვლილების გარეშე, და ადამიანები [მოსამართლეები], რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა კარგ რაღაცებს ჩადიან".
- 2023 წლის 5 აპრილს, აშშ-მა სანქციები დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს.
- სანქცირებული არიან ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.
- რატომ? სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მოსამართლეები "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო" დაექვემდებარნენ სანქციებს და მათ აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.
ეს იგივეა, ჩვენ რომ ეკლესიაში გვქონდეს გამოცხადებული მღვდლების კონკურსი და ეშმაკი დავნიშნოთ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ. მღვდელი გვინდა მივიღოთ სისტემაში, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე არის ეშმაკი, რომელმაც უნდა შეამოწმოს კეთილსინდისიერება", — ამბობს კახა წიქარიშვილი.
როგორ ხედავს ევროკომისია ამ პრობლემის გადაჭრის გზას
იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ევროკომისიის მიერ მოცემული დათქმების შესრულება აუცილებელია, რომელთა შორის მართლმსაჯულების რეფორმაც არის.
ამას გარდა,
ევროკომისიამ, სისტემის გაჯანსაღებისთვის 2023 წლის 11 ნოემბრის ანგარიშში დაწერა, რომ:
"საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფრო საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა, რათა დაეხმაროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომ კონსოლიდაციას, გააუმჯობესოს საზოგადოების ნდობა და გადაჭრას საჯაროდ აღქმული კორპორატივიზმისა და კეთილსინდისიერების პრობლემები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ამ სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორც ვენეციის კომისიამაც აღნიშნა 2023 წლის ოქტომბრის დასკვნაში, საჭიროა, უფრო საფუძვლიანი და სისტემური კეთილსინდისიერების შემოწმება, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებით.
საქართველოს შეუძლია, ჩამოაყალიბოს ექსტრაორდინარული კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, სადაც ჩართული იქნებიან საერთაშორისო ექსპერტებიც, გადამწყვეტი როლით, კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე არიან დანიშნული, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და ასევე, სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის".
შესაძლოა თუ არა, ამ კომისიის მუშაობამ "დაასრულოს" კლანი
ანა დოლიძისთვის წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო ექსპერტებს ღრმა შემოწმების ბერკეტები მისცეს. ის ვარაუდობს, რომ თუ შემოთავაზებას დათანხმდებიან, ესეც ისეთივე ფორმალური იქნება, როგორც "ყველა სხვა ე.წ. რეფორმა".
"ამ სისტემას ძალიან კარგად ვიცნობ, შიგნიდანაც ვუყურებდი 2 წლის განმავლობაში. იუსტიციის საბჭოს წევრები მატერიალურ კეთილდღეობას იღებენ და ეს არ არის წმინდა წყლის მონობა, ეს არის არაფორმალური გარიგებები. ამის გამოვლენას კი ისინი არ დაუშვებენ", — თქვა დოლიძემ.
კომისიის ეფექტიანი მუშაობა რთულად წარმოუდგენია კახა წიქარიშვილსაც.
ის ამბობს, რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილებას ხელისუფლება სასამართლოსთან კონსულტაციების შემდეგ იღებდა, რადგან მათთვის ხელშეუხებლობის და უსაფრთხოების პირობა აქვს მიცემული. ხელისუფლება კი ასეთ კომისიასთან, რეალურად, არ იმუშავებს.
წიქარიშვილს სჯერა, რომ მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების პროცედურა მაშინ არის ეფექტიანი, როცა ცვლილებების სურვილი თავად ხელისუფლებას აქვს: "იმ ქვეყნებში, სადაც ეს მოხდა — ალბანეთში, მოლდოვაში, თუ უკრაინაში, პროცესის უკან ხელისუფლება იდგა. ხელისუფლებას აქვს ინფორმაციის ბევრი წყარო, მის ხელთ არის პოლიცია, უშიშროება, ინფორმაციის დახურული წყაროები და ა.შ.", — თქვა წიქარიშვილმა. ის განმარტავს, რომ ხელისუფლების რეალური განზრახვის გარეშე, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შესამოწმებლად საერთაშორისო ექსპერტებს წვდომა რჩებათ მხოლოდ ქონებრივ დეკლარაციებსა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის მასალებზე, რაც, თავისთავად, რეალური სურათის დასანახად საკმარისი არ არის.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტებსაც გაუჭირდებათ გაარჩიონ ერთმანეთისგან კორუმპირებული და არაკორუმპირებული მოსამართლეები. მაგალითად, ჩინჩალაძე თუ დაექვემდებარება ამ პროცესს, მაშინ ის ხელისუფლებასთან ერთად შეეცდება, დამალოს ქონება და შეფუთოს უკანონო შემოსავლები. ანუ, ერთად "იმუშავებენ" ჩინჩალაძე, უშიშროება და პროკურატურა, იმაზე, რომ "გააპრავონ" ჩინჩალაძის უკანონო ქონებები", — გვითხრა წიქარიშვილმა.
- ყველაფრის სათავედ კი, წიქარიშვილი თვითმმართველი ორგანოს ჩამოყალიბებას მიიჩნევს, რომელიც დახურულ სტრუქტურად იქცა და პირდაპირ გარიგებებშია საქართველოს ხელისუფლებასთან.
- წიქარიშვილის თქმით, თავად ვენეციის კომისიამ და ევროპულმა სტრუქტურებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში იუსტიციის საბჭოს მოდელების შექმნას დაუჭირეს მხარი, ყოველგვარი ადგილობრივი კონტექსტის შესწავლის გარეშე.
- მისი თქმით, ვენეციის კომისია და ევროსაბჭო ხელმძღვანელობდნენ დებულებით, რომ თუ მოსამართლეებს ექნებოდათ ავტონომია, სისტემა თავისთავად გაიწმინდებოდა. ეს კი, მისი შეფასებით, შეცდომა იყო, რადგან "ადეიშვილის სასამართლო" საკუთარ თავს ვერ გააჯანსაღებდა.
"ლუსტრაცია, სიღრმისეული შეფასება ახლა კი არ უნდა მოხდეს, 2013-ში უნდა მომხდარიყო. ვენეციის კომისიას უნდა ეთქვა, რომ თქვენ ძალიან დიდი პრობლემები გაქვთ სისტემაში და თვითმმართველობით ამას ვერ გამოასწორებთ, ამიტომ, ჯობია, ჯერ კარგად შევისწავლოთ სისტემაო", — თქვა წიქარიშვილმა.
რა როლი შეიძლება ჰქონდეს ანტიკორუფციულ ბიუროს
უწყება, რომელიც ევრორეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა, განსაზღვრავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას, ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას.
- ბიურო, ასევე, უზრუნველყოფს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებას, მონიტორინგსა და საჯაროობას.
2024 წლის განმავლობაში, უწყება შეისწავლის დამოუკიდებელი კომისიის მიერ გადაცემული პირების სიას, რომელშიც შედიან კორუფციის მაღალი რისკის მქონე პოლიტიკოსები, ასევე, მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.
- დამოუკიდებელი კომისია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ბრძანებით შეიქმნა და მასში შედიან საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
TI-ს უფროსი მკვლევარი ქეთევან შოშიაშვილი, რომელიც ამ კომისიის შემადგენლობაშია, ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დეკლარაციებს, ღია წყაროების საშუალებით, მთელი წლის განმავლობაში იკვლევენ.
"მაგრამ, კომისიის საქმიანობის მიღმაც, ანტიკორუფციულ ბიუროს განსაკუთრებული წვდომა აქვს სამთავრობო ბაზებზე, ისეთ ინფორმაციაზე, რაც ღია წყაროებში არ ჩანს, მაგალითად, ტრანზაქციებზე. ჩვენ მხოლოდ გარედან შეიძლება დავინახოთ რაღაცები და ეს, ხშირად, შეიძლება იყოს ძალიან მწირი.
სწორედ ამიტომ აქვს ამ კომისიას მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ კონკრეტულად მიუთითოს ბიუროს, რომ გადაამოწმოს სწორედ ის ადამიანები, ვის მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და კორუფციის მაღალი რისკებია", — თქვა ქეთევან შოშიაშვილმა.
ის ხაზს უსვამს ბიუროს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად მუშაობის მნიშვნელობას — განსაკუთრებით იმ ჭრილში, რომ უწყება ევრორეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა და წელს საქართველო ევროკომისიისგან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება.
გამოიყენებს თუ არა უწყება საჭირო ბერკეტებს ღრმა კვლევისთვის
ქეთევან შოშიაშვილს წინასწარ დასკვნის გაკეთება უჭირს. ამბობს, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს მაღალი კორუფციული რისკის მქონე პირების სია, რომელშიც მოსამართლეებიც შედიოდნენ, შარშანაც გადასცეს, თუმცა, ანგარიში იგვიანებს და გასული წლის დეკემბრის ნაცვლად, ანგარიშს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებენ. "ამავდროულად, ალბათ, სჯობს, შევინარჩუნოთ პრაგმატულობა და გვახსოვდეს, რომ მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში მოლოდინი მაინცდამაინც პოზიტიური არ უნდა გვქონდეს", — აცხადებს შოშიაშვილი.
შეუძლია თუ არა დამოუკიდებელ კომისიას, გადაამოწმოს, რამდენად რეალურია ბიუროს დასკვნა
ეს შესაძლებლობა კომისიისთვის ძალიან ლიმიტირებულია.
- შოშიაშვილი თქმით, მათთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ის ინფორმაცია, რაზე წვდომასაც მათ სახელმწიფო აძლევს.
"რასაც ვხედავთ, სახელმწიფოსგან მოწოდებული ინფორმაცია ნელ-ნელა უფრო ვიწროვდება, ლიმიტირებულია. ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო ღრმა და ყოვლისმომცველი მოკვლევა მათი მხრიდან, რისი დიდი მოლოდინიც, ალბათ, არ გვაქვს. მაგრამ მინდა, დაველოდოთ გაზაფხულს [შარშანდელი წლის დასკვნას] და ვნახოთ, კვლევის შემდეგ რა სურათი დადგება", — თქვა მკვლევარმა.
რა შეიძლება იყოს გამოსავალი
რამდენიმე თვეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. შესაძლებელია თუ არა, არჩევნების შედეგებზე იყოს დამოკიდებული სასამართლო კლანის ბედი — ანა დოლიძე ფიქრობს, რომ — კი.
"ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ შოკში იყო კლანი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს, როცა ახლოს იყო მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შედეგები ოპოზიციის კანდიდატის მიერ მიღებულ ხმებთან. მეორე დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომა გვქონდა, გავიდნენ ეზოში და სხდომას ვერ ატარებდნენ, რადგან ვერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდა ექნათ — გადასულიყვნენ ოპოზიციისკენ, თუ ჩვეულებრივ გაეგრძელებინათ. ამიტომ, მგონია, რომ როგორც კი მოხდება პოლიტიკური ცვლილება, მაშინვე დაიძვრება კლანის ცვლილების საკითხიც.
ეს მატერიალისტი ხალხია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფსიქოტიპის გაგება. ისინი იდეოლოგიური სამურაები კი არ არიან, მათთვის სამსახურები, გარანტიები და მატერიალური სარგებელია ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ როგორც კი დაინახავენ რომ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთან ასეთი უსაფრთხოება აღარ აქვთ, მაშინვე ჩამოიშლება მათი და ოცნების სიმბიოზი", — ამბობს ანა დოლიძე.
კახა წიქარიშვილი კი მიიჩნევს, რომ კლანური სასამართლო ნებისმიერ ხელისუფლებასთან შევა გარიგებაში, ანუ, თუ ქართული ოცნება არჩევნებს წააგებს, შესაძლოა, ჩინჩალაძე და მურუსიძე ვეღარ დარჩნენ სასამართლო სისტემაში, თუმცა "მათი შემცვლელების მეტი რა არის?" წიქარიშვილი, ერთ-ერთ გამოსავალს სახალხო დაკვეთაში ხედავს.
"ეს რომ საყოველთაო სახალხო დაკვეთა იყოს, კლანის შენარჩუნების პირობებში ქართული ოცნება ვერ მოახერხებდა ხელისუფლებაში დარჩენას. ამის საპირისპიროდ კი, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ მოახერხა, რომ კლანიც შეინარჩუნა და ხელისუფლებაც და ორივე კურდღელი დაიჭირა", — ამბობს ის.
თუმცა, ყველაზე ეფექტიანი გამოსავალი კი, ექსპერტის მოსაზრებით, იქნება საერთაშორისო კომისიის შექმნა, რომელიც სიღრმისეულად შეაფასებს სისტემას და "გვეტყვის, რა ეშველება ჩვენს სასამართლოს — შეიძლება, ეს იყოს სრული ვეტინგი, ნაწილობრივი ვეტინგი, ან მთელი სისტემის დაშლა და თავიდან აწყობა".
2024 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით იქნება დატვირთული. იმის გარდა, რომ მოსახლეობამ უნდა აირჩიოს, რომელი პოლიტიკური ძალებით დაკომპლექტდეს მომდევნო მოწვევის პარლამენტი, ქვეყანამ ევროკომისიის მიერ მოცემული 9 დათქმის შესასრულებლადაც უნდა იმუშაოს.
შესაძლო პოლიტიკურ ცვლილებებამდე კი, ევრორეკომენდაციების რეალიზების "ტვირთი" არსებულ მმართველ პოლიტიკურ გუნდს აკისრია. სტატიაზე მუშაობისას არაერთხელ მივმართეთ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და იმავე კომიტეტის საპარლამენტო უმრავლესობის სხვა დეპუტატებსაც, ისევე, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თუმცა, ისინი ამ პრობლემურ გამოწვევაზე საკუთარ ხედვებს არ გვიზიარებენ.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები