დეტალები სააკაშვილის საცხოვრებელ პირობებზე ვივამედში — რა გავიგეთ ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტისგან
მოკლედ: ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში კლინიკა ვივამედის დაცული პალატების შესახებ, სადაც პატიმრები სტაციონარულ მომსახურებას იღებენ.
დეტალები: კომიტეტის დელეგაცია საქართველოში 2023 წლის 25-27 მარტს იმყოფებოდა. ეს იყო მათი მეათე ვიზიტი საქართველოში.
- დელეგაციამ საქართველოში კონსულტაციები გამართა იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესა და მის მოადგილესთან, ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორთან, ნიკა ცხვარაშვილთან.
- გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდა სახალხო დამცველის მაშინდელ მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძესა და ომბუდსმენის აპარატის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებს.
რა წერია ანგარიშში: როგორც ვკითხულობთ, კლინიკაში ვიზიტისას დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია თანამშრომლების მხრიდან პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ.
- ზოგიერთმა პაციენტმა დადებითად შეაფასა სამედიცინო მომსახურება და კლინიკის თანამშრომლები.
- თუმცა, სახალხო დამცველის აპარატმა დელეგაციას აცნობა ორი პატიმრის შესახებ, რომლებმაც საჩივრით მიმართეს ომბუდსმენს. საჩივარში საუბარი იყო ვივამედის თანამშრომლების მიერ მათ მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.
- ანგარიშში საუბარია მიხეილ სააკაშვილზეც, რომელიც მოხსენიებულია, როგორც პაციენტი C.
საცხოვრებელი პირობები: დელეგაციის შეფასებით, ვივამედში საცხოვრებელი პირობები სრულიად ადეკვატურია.
- მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა წვდომა ტელევიზორზე, ბეჭდვურ და ონლაინ მედიაზე. სხვა პაციენტებს შეეძლოთ მხოლოდ წიგნების აღება "ძალიან პატარა ბიბლიოთეკიდან", ან ჰქონდათ საშუალება, მიეღოთ წიგნები ოჯახისწევრებისგან; მაგრამ მათ არ ჰქონდათ წვდომა ტელევიზორზე, რადიოსა და პრესაზე.
- მათი თქმით, კლინიკის დაცული პალატები საკმაოდ დიდი ზომისაა, სისუფთავე შენარჩუნებულია და განათებაც კარგია, ასევე, არ არსებობს პრობლემა საკვებთან და ტანსაცმელთან დაკავშირებით.
- ანგარიშში აღნიშნულია, რომ თითქმის ყველა ოთახს აქვს დიდი ფანჯრები, რითიც ოთახი უზუნველყოფილია ბუნებრივი განათებით და ლამაზი ხედით.
- ამ შემთხვევაში, დელეგაცია ხაზს უსვამს, რომ იგივე მდგომარეობა არ ყოფილა პაციენტი C-ის ოთახში, სადაც მათი თქმით, ფანჯრებიც კი ძლივს იღებოდა. თუმცა, 2023 წლის 12 აპრილს ხელისუფლებამ კომიტეტს აცნობა, რომ ფანჯრის შუშები შეცვალეს. კომიტეტის შეფასებით, ეს პოზიტიური ნაბიჯია.
- ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პაციენტი C-ის ოთახი საჭირო ავეჯით არის უზრუნველყოფილი, მათ შორის, დივნით, მაცივრით, მაგიდითა და სკამებით, "რასაც ვერ ვიტყვით მეოთხე და მეექვსე სართულების ოთახებზე, რომლებშიც, ძირითადად, მხოლოდ საწოლია განთავსებული."
- კომიტეტი გასცემს რეკომენდაციას, უზრუნველყონ მეოთხე და მეექსვე სართულები საჭირო ავეჯით.
მედპერსონალი: დელეგაციისთვის შემაშფოთებელი იყო სამედიცინო ჩანაწერების ხარისხი.
- მათი შეფასებით, ყველა ექიმს ჰქონდა პირადი ჩანაწერები და კონკრეტული პაციენტების სამედიცინო ისტორის ნახვა ყველა ექიმთან ინდივიდუალური შეხვედრის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.
- დელეგაციამ კიდევ ერთ პრობლემად მიიჩნია ის, რომ კლინიკაში არ არიან დასაქმებულები ფსიქოლოგები და ფსიქიატრები.
- კომიტეტი გასცემს რეკომენდაციას, გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
უსაფრთხოება: ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ვივამედის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულებზე უსაფრთხოების ზომები გადაჭარბებული იყო.
- მათი ცნობით, მეხუთე სართულზე, სადაც პაციენტი C-ის ოთახი იყო განთავსებული, განსაკუთრებით ბევრი კამერა იყო დამონტაჟებული.
- "ეს არა მხოლოდ უარყოფს პაციენტის კონფიდენციალურობას, არამედ ეს არის ადამიანის ღირსების უპატივცემულობა", — აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა საკითხები: დელეგაცია შეშფოთებას გამოხატავს, რადგან ვივამედის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულებზე განთავსებულ პატიმრებს უკიდურესად შეზღუდული ჰქონდათ გარე სამყაროსთან კონტაქტის შესაძლებლობა.
- დელეგაცია აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ პატიმრებისთვის, რომლებიც დიდხანს იმყოფებიან კლინიკაში, ასევე, პატიმრებთან ვიზიტის და სატელეფონო საუბრების შემზღუდავი ფაქტი ეწინააღმდეგება პატიმრობის კოდექსის დებულებებს.
- დელეგაცია ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გასცემს, კონკრეტულად, რამდენად შეუძლია პაციენტს ვიზიტორის მიღება და სატელეფონო ზარის განხორციელება, ეს, ყოველ ჯერზე, ექიმების მიერ უნდა შეფასდეს.
- დელეგაცია აღნიშნავს, რომ პაციენტებს არ ჰქონდათ წერილობითი ინფორმაცია მათი უფლებების და შიდა წესების შესახებ. გარდა ამისა,
- "სამედიცინო დირექტორმა დელეგაციას უთხრა, რომ პაციენტებს არ აქვთ შესაძლებლობა კონფიდენციალურად, წერილობითი სახით, განაცხადონ მათი საჩივრების/პრეტენზიების შესახებ და ეს გარე ორგანოებს მიაწოდონ. საჩივრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ სიტყვიერი კომუნიკაციით ხდება", — წერია ანგარიშში.
დასკვნითი შენიშვნები და რეკომენდაციები: ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი მიიჩნევს, რომ ვივამედში განთავსებული სამი უსაფრთხო პალატა ვერ გვთავაზობს პაციენტისთვის სათანადო თერაპიულ გარემოს. კომიტეტი აღნიშნავს, რომ
- პაციენტ C-ს სამედიცინო სპეციალისტებთან და მკურნალობასთან წვდომა აქვს, თუმცა, მრავალი თვის განმავლობაში მარტო ყოფნა, გარეთ ვარჯიშის უუფლებობა და მუდმივი მონიტორინგი, პაციენტს დამთრგუნველ, დამამცირებელ და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის არახელსაყრელ გარემოს უქმნის.
- კომიტეტი აღნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ კლინიკაში გარე პირების დაშვების საკითხის კონტროლი ლეგიტიმურია, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაქცევა ან აკრძალული ნივთების შემოტანა. ვივამედის სართულებს შორის გადაადგილების შეზღუდვა კი ექიმის ნებართვით უნდა მოხდეს.
- გარდა ამისა, კომიტეტი აღნიშნავს, რომ არასამედიცინო პერსონალს არ უნდა ჰქონდეს წვდომა პაციენტის სამედიცინო ინფორმაციაზე (გარდა ძირითადი ინფორმაციისა).
- კომიტეტი მიიჩნევს, რომ უნიფორმიანი და შეიარაღებული ოფიცრების დაცულ პალატებთან მუდმი ყოფნა არ არის რეკომენდირებული: "ეს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებშია გამართლებული, მაგალითად თუ პერსონალის მიმართ ძალადობის რისკია ან პაციენტი თვითდაზიანებისკენ არის მიდრეკილი", — წერია ანგარიშში.
- რაც შეეხება სათვალთვალო კამერების არსებობას, განსაკუთრებით, პაციენტი C-ს შემთხვევაში, რომელსაც პერსონალთან რთული ისტორია აქვს (არაძალადობრივი), ჩანაწერებში წერია, რომ იყო შემთხვევები, როდესაც უარს ამბობდა კლინიკის მიერ შემოთავაზებულ საკვებზე და მკურნალობაზე. დელეგაცია აღნიშნავს, რომ მათი ვიზიტის დროს, გამოყენებული იყო ზომები, რომელიც პაციენტის კონფიდენციალურობაში უხეში შეჭრაა.
- კომიტეტის რეკომენდაციით, უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ პაციენტის თანხმობის გარეშე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემა არასამედიცინო პერსონალზე არ მოხდეს, განსაკუთრებით, მედიის წარმომადგენლებზე.
- "მსგავსი კონფიდენციალური მონაცემები შეიძლება მხოლოდ გადაეცეს საგამოძიებო ორგანოებს (პროკურორებსა და გამომძიებლებს) და ეროვნულ და საერთაშორისო მონიტორინგის სამსახურებს.
ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი წერს, რომ დაელოდება როდის მიიღებს საქართველოს ხელისუფლებისგან დეტალურ მონახაზს სამომავლო ნაბიჯებზე.
კომენტარები