ციურ სხეულებს, მათ შორის დედამიწას, ძლიერი გრავიტაცია აქვს. ობიექტების ასეთი მიზიდულობა ე.წ. მოქცევით ძალებს ქმნის, რისი მაგალითიც ჩვენს პლანეტაზე წყლის მიქცევ-მოქცევაზე მთვარის გავლენაა. ამ ძალებს შეუძლია, გამანადგურებელი ეფექტიც იქონიოს, რაც, არაა გამორიცხული, დედამიწის თავდაცვის ბუნებრივი სისტემა აღმოჩნდეს.

ამგვარ მოვლენას მოქცევითი განადგურება ეწოდება. მსგავსი რამ კომეტა შუმეიკერ–ლევ 9-ს დაემართა, როცა 1992 წელს იუპიტერს მიუახლოვდა და ნაწილებად დაიშალა. ასტრონომები დიდი ხანია, ისეთი ობიექტების იდენტიფიცირებას ცდილობენ, რომლებიც დედამიწის ან სხვა ციური სხეულების გრავიტაციამ დაანაწევრა, თუმცა უშედეგოდ. დამატებითმა კვლევამ ცხადყო, რომ ასეთი ფრაგმენტების ჯგუფი ფონურ ობიექტებს ისე სწრაფად ერევა, რომ მათი მიკვლევა ძალიან ძნელია.

2016 წელს სპეციალისტებმა კომპიუტერული მოდელი შექმნეს, რომელიც სხვადასხვა ზომის ასტეროიდების ტრაექტორიებს ადგენს, რათა მზისგან ამა თუ იმ დისტანციაზე მათი რაოდენობა გამოავლინოს. დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდების ეს მონაცემები ახალი ნაშრომის ავტორებმა პროექტის Catalina Sky Survey-ის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას შეადარეს.

///

შედეგად, ამ ზოგიერთი კოსმოსური ობიექტის ნავარაუდები რაოდენობა ზედმეტად მცირე აღმოჩნდა. კერძოდ, სათვალავში არ მოხვდა ისეთი ასტეროიდები, რომლებიც შედარებით მცირე ზომისაა და მზის გარშემო თითქმის წრიულ ორბიტაზე გადაადგილდება. ასევე, მათი სიბრტყე დედამიწისას და ვენერასას, ასე თუ ისე, ემთხვევა.

ფოტო: NASA/ JPL-Caltech

ასტრონომები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა, ისინი სწორედ მოქცევითი ძალების გავლენით ფრაგმენტირებული ობიექტების ნარჩენები იყოს. ამ იდეის გამოსაცდელად მათ გაანალიზეს სცენარი, რომლის მიხედვითაც ასტეროიდებმა მყარ პლანეტებთან ურთიერთქმედებისას მასის 50-90% დაკარგა და ნაწილების ნაკადი წარმოქმნა.

ამ სცენარის გათვალისწინებით, კომპიუტერული მოდელი აქამდე ამოუხსნელ ასტეროიდებსაც მოიცავდა, რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, საქმე მართლაც მოქცევითი ძალების მიერ დანაწევრებულ სხეულებთან გვქონდეს.

"მართალია, კონკრეტული ჯგუფების აღმოჩენა ძნელია, მაგრამ სხვადასხვა ჯგუფის ერთობლიობა ქმნის კვალს, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია", — აცხადებენ ავტორები.

დამატებითმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ ამგვარი ფრაგმენტები წარმოქმნიდან საშუალოდ 9 მილიონი წლის განმავლობაში ნარჩუნდება. გამოდის, რომ დედამიწას ასტეროიდების განადგურების უნარი შესწევს, მაგრამ ასე უფრო მეტი ობიექტი ფორმირდება. კარგი ამბავი ისაა, რომ ისინი ნაკლებად საშიშია, რადგან დიდი ზიანის მოყენება არ შეუძლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.