ვების ტელესკოპმა აფეთქებული ვარსკვლავის გასაოცარი სურათი გადაიღო
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისგან კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოსახულება მივიღეთ. ამჯერად მან აფეთქებული ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი გადაიღო, რომელიც კასიოპეა A-ს სახელითაა ცნობილი.
ის ჩვენგან თითქმის 11 000 სინათლის წლითაა დაშორებული და ასტრონომების მიერ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მსგავსი ობიექტია. მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ ის სხვადასხვა სპექტრში აღბეჭდა. გამოსახულება აშშ-ის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა, თეთრი სახლის საახალწლო კალენდრისთვის ახლახან წარადგინა.
ვების ახლო ინფრაწითელმა კამერამ კასიოპეა A-ს შემადგენელი მატერიის შრეები დააფიქსირა, რომლებიც აირთან ურთიერთქმედებისას გარემოში ვრცელდება. საინტერესოა, რომ უკანასკნელ სურათში არ ჩანს აქამდე უცნობი ის სტრუქტურები, რომლებიც შუა ინფრაწითელმა კამერამ აპრილში გადაიღო. ამის მიზეზის დადგენას მეცნიერები ცდილობენ.
კერძოდ, მან ობიექტის შიდა ნაწილში არსებული, მომწვანო შეფერილობის წარმონაქმნი აღბეჭდა, რომელსაც "მწვანე ურჩხული" უწოდეს. ახალ გამოსახულებაში მისი მხოლოდ ძალიან მკრთალი კვალი შეიმჩნევა, რაც ასტრონომების ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს.
უკანასკნელ ფოტოზე ვხედავთ მტვრის ნაკადებსაც, რომლებიც ახალი ვარსკვლავებისა და პლანეტების წარმოსაქმნელად საჭირო მატერიას ქმნის. კადრში მოხვედრილი ზოგიერთი ძაფისებრი სტრუქტურა, იგივე ფილამენტი, 16 მილიარდ კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული. ეს კასიოპეა A-ს გასაოცარ მასშტაბებზე მიანიშნებს, რომელიც 10 სინათლის წელს უტოლდება.
"კასიოპეა A-ს ამდენწლიანი შესწავლის შემდეგ მართლაც დაუჯერებელია, რომ ასეთი დეტალები გამოვლინდა, რომლებიც ამ ვარსკვლავის აფეთქების შესახებ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდის", — აცხადებენ NASA-ში.
კომენტარები