სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ წარმოადგენდეს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება DFRLab-თან პარტნიორობის ფარგლებში. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა. ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია ღია წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მთელი მსოფლიოს გარშემო.

DFRLab-მა საქართველოში ყველაზე პოპულარული აზერბაიჯანულენოვანი Facebook-გვერდების შესწავლით აღმოაჩინა, რომ ისინი, ძირითადად, პროდასავლურ განწყობებს ავრცელებენ. შესაბამისად, ისეთი თემების გაშუქებისას, როგორიცაა რუსეთის ომი უკრაინაში ან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, ეს გვერდები კრემლის პროპაგანდულ გზავნილებს არ იმეორებენ.

საქართველოს აუდიტორიის საკვლევად ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული 2023 წლის გამოკითხვის თანახმად, ნატოსა და ევროკავშირს მხარს ყველაზე ნაკლებად ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში უჭერენ. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობისადმი ყველაზე მეტად კეთილგანწყობილებიც ამ დასახლებებში არიან. გამოკითხვის ეს შედეგები განსაკუთრებით ნიშანდობლივია იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის (რასაც კრემლი დიდი ხანია, აგრესიული საინფორმაციო ომით უპირისპირდება). ამ კონტექსტის ნაწილია 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრა და კრემლის მცდელობები, გაამართლოს ომის დაწყება და შეამციროს უკრაინისადმი გლობალური მხარდაჭერა.

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. ონლაინგამოცემა პუბლიკას 2022 წლის დეკემბრის სტატიის თანახმად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ბოლო მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობები საქართველოს მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 13 პროცენტს შეადგენს. მათ შორის უმრავლესობას ეთნიკური აზერბაიჯანელები (ქვეყნის მოსახლეობის 6.3 პროცენტი) და ეთნიკური სომხები (ქვეყნის მოსახლეობის 4.5 პროცენტი) წარმოადგენენ.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი უმცირესობების წარმომადგენლები, როგორც წესი, ინფორმაციას თავთავიანთ მშობლიურ ენებზე ან რუსულად იღებენ. პუბლიკას თანახმად, "ეთნიკური უმცირესობების 63% ცუდად ან ძალიან ცუდად ცნობს ქართულ ასოებს და კითხულობს სიტყვებს". ამას გარდა, NDI-ის წინა, 2019 წლის გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ტელევიზორით გადმოცემულ ახალ ამბებს ქართულის გარდა სხვა ენებზე ყველაზე მეტად ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები ეცნობოდნენ. ქართულის გარდა სხვა ენებზე მომუშავე ტრადიციული მედიის ყველაზე პოპულარული მაუწყებლები კი კრემლის კუთვნილი და პროკრემლისტური პროპაგანდული არხები იყო — მათ შორის ენტევე, ოერტე, რასია 1 და ერტეერი.

აღნიშნული გამოკითხვებით არ გამოკვლეულა, რომელი ონლაინწყაროებიდან იღებენ ინფორმაციას გამოკითხულები. ამის გათვალისწინებით, DFRLab-მა ეთნიკური აზერბაიჯანელების ინფორმაციით მომარაგებაზე პასუხისმგებელი ონლაინსივრცე შეისწავლა.

Facebook-გვერდები და მათთან დაკავშირებული ვებსაიტები

რადგან საქართველოში სოციალური მედიის ყველაზე პოპულარული პლატფორმა Facebook არის, DFRLab-მა ის ათი Facebook-გვერდი შეისწავლა, რომელსაც საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისგან ყველაზე მეტი მოწონება აქვს.

ამისათვის მკვლევრებმა გამოიყენეს DFRLab-ის Facebook-გვერდის Meta Business Suite, რომელიც Facebook-გვერდების, Instagram-ანგარიშებისა და მათთან დაკავშირებული სარეკლამო აქტივობების სამართავი უფასო პლატფორმაა. მასზე წვდომა ყველა იმ ადამიანს აქვს, რომელიც საკუთარ Facebook-გვერდს ფლობს.

Meta Business Suite-ზე ხელმისაწვდომ ფუნქციებს შორისაა მონაცემები (Insights), რომელიც, Meta-ს თანახმად, საშუალებას გაძლევს, "ნახო მახასიათებლები, ტრენდები და ვიზუალური ანგარიშები, რომელიც დაგეხმარება, გაიგო Facebook-გვერდისა და Instagram-ის რომელი სტრატეგიები მუშაობს კარგად და რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი". მონაცემების ერთ-ერთი ქვესექცია აუდიტორიაა (Audience), რომელიც "გაწვდის შეჯამებულ ინფორმაციას ადამიანთა ორი ჯგუფის შესახებ — შენს გვერდთან დაკავშირებულ ადამიანებზე და Facebook-ზე მყოფ ადამიანებზე — რათა შეძლო რეზონანსული კონტენტის შექმნა და მარტივად იპოვო მეტი ისეთი ადამიანი, რომელიც შენი ახლანდელი აუდიტორიის წევრების მსგავსია". სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვერდის მფლობელს შეუძლია, არა მხოლოდ თავისი გვერდის მონაცემებს ადევნოს თვალი, არამედ ასევე ნახოს სხვა გვერდების სტატისტიკა და ის, თუ რა აინტერესებს სხვადასხვა ტიპის აუდიტორიებს. აუდიტორიის ქვესექციაში ასევე ხელმისაწვდომია "პოტენციური აუდიტორიის" მოძიების ფუნქცია შესაბამისი ფილტრებით.

იმის შესაფასებლად, თუ რა აინტერესებთ Facebook-ის ქართველ აზერბაიჯანელ მომხმარებლებს, DFRLab-ის მკვლევრებმა პოტენციური აუდიტორიის გასაფილტრად ტერიტორიად მონიშნეს საქართველო, ხოლო ენად — აზერბაიჯანული. იმისთვის, რომ ძებნისას არ გამორიცხულიყო რომელიმე ჯგუფი, მკვლევრებს არ გამოუყენებიათ ასაკისა და გენდერის დასაკონკრეტებელი ფილტრები.

Meta Business Suite-ზე "პოტენციური აუდიტორიის" მოსაძებნი ფილტრები, რომელთა დახმარებითაც DFRLab-მა Facebook-ის ის აუდიტორია დაავიწროვა, რომლის წევრებიც საქართველოში ცხოვრობენ და აზერბაიჯანულად საუბრობენ.

ფოტო: Eto Buziashvili/DFRLab via Meta Business Suite

ძებნის შედეგად გამოვლინდა იმ პოტენციური აუდიტორიის ოთხი მახასიათებელი, რომელიც Facebook-ზე მყოფი ქართველი აზერბაიჯანელებისგან შეიძლება შედგებოდეს. ეს მახასიათებლებია აუდიტორიის სიდიდე, ასაკი და გენდერი, მთავარი ქალაქები და ყველაზე პოპულარული გვერდები. Facebook-ის თანახმად, აღნიშნული მახასიათებლები მიახლოებითია და ისინი მუდმივად იცვლება, რადგან პლატფორმა "ხშირად ამატებს ახალ ფუნქციებსა და ახალ გზებს იმის გასაზომად, თუ როგორი წარმატებით მუშაობს ეს ფუნქციები". რაც შეეხება იმას, თუ როგორ გამოითვლება ეს მახასიათებლები, Facebook "უყურებს იმ მონაცემების ნაწილს, რომელიც მონაცემთა მთლიან ნაკრებში შემავალი უფრო მოზრდილი პოპულაციის წარმომადგენლობითი ნიმუშია" და მოდელებს, რომლებიც იყენებს "მონაცემებს რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან, რათა გაზომოს აქტივობა, რომლის პირდაპირ დაანგარიშება რთულია".

Meta Business Suite-ით მოძიებული "პოტენციური აუდიტორია", რომელიც ანახებს სავარაუდოდ ქართველი აზერბაიჯანელი მომხმარებლებისგან შემდგარი Facebook-აუდიტორიის დაახლოებით ზომას და ასაკობრივ და გენდერულ მაჩვენებლებს.

ფოტო: Eto Buziashvili/DFRLab via Meta Business Suite

მიღებული შედეგების თანახმად, პოტენციურ აუდიტორიაში კაცები ქალებს ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჭარბობენ. ამასთან, ორივე გენდერის შემთხვევაში, პროცენტულად ყველაზე მეტი მომხმარებელი 25-34 ასაკობრივი ჯგუფიდანაა.

Meta Business Suite-ით მოძიებული "პოტენციური აუდიტორია", რომელიც ანახებს, სად ცხოვრობენ სავარაუდოდ ქართველი აზერბაიჯანელი მომხმარებლებისგან შემდგარი Facebook-აუდიტორიის წევრები.

ფოტო: EtoBuziashvili / DFRLab via Meta Business Suite

პოტენციურად ქართველი აზერბაიჯანელი მომხმარებლებისგან შემდგარ Facebook-აუდიტორიაში ყველაზე პოპულარული ათი გვერდიდან ექვსი მედიად იდენტიფიცირდება. ეს გვერდებია: 24News.ge, Gündəlik – Gürcüstan (ყოველდღიური გამოცემა — საქართველო), InterPress.ge, Aktual.ge, Radio Marneuli 96.9 FM/ რადიო მარნეული 96.9 FM და Marneuli TV LTD. დანარჩენი ოთხი შემდეგი გვერდებია: მიხეილ სააკაშვილის გვერდი, აზერბაიჯანელი მუსიკოსის, ელნარე აბდულაიევას გვერდი, Ulu Borçalı ("დიდი ბორჩალო" — აღნიშნავს საქართველოს სამხრეთ რეგიონების ისტორიულ სახელს) და Gurcustanlilar (ქართველები).

Meta Business Suite-ით მოძიებული "პოტენციური აუდიტორიის" გრაფა, რომელიც სავარაუდოდ ქართველი აზერბაიჯანელი მომხმარებლების მიერ ყველაზე მეტად მოწონებულ Facebook-გვერდებს ანახებს.

ფოტო: Eto Buziashvili/DFRLab via Meta Business Suite

მიხეილ სააკაშვილის გვერდის გარდა, ყველა სხვა გვერდი აზერბაიჯანულ ენაზეა, თუმცა ზოგი ქართულადაც აქვეყნებს პოსტებს. DFRLab-მა კვლევისას გამორიცხა ის ორი გვერდი, რომლებიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და აზერბაიჯანელ მუსიკოსს ეკუთვნით.

ცხრილი, რომელიც საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანული თემის წევრებს შორის ყველაზე პოპულარულ Facebook-გვერდებს და მათთან დაკავშირებულ ვებსაიტებს ანახებს.

ფოტო: DFRLab via Facebook


Facebook-ის ანალიტიკური ინსტრუმენტის, CrowdTangle-ის დახმარებით, DFRLab-მა აღმოაჩინა, რომ დარჩენილ რვა გვერდზე 2022 წლის 1 თებერვლიდან 2023 წლის 2 მარტამდე 13-თვიან პერიოდში ინტერაქციების ერთიანი მაჩვენებელი 1.47 მილიონს უტოლდება. ამათგან ყველაზე მეტი ინტერაქცია 24news.ge-ის ჰქონდა. ამ გვერდების უმრავლესობა მიბმულია პლატფორმის გარეთ არსებულ და იდენტური სახელების მქონე ვებსაიტებთან. თუმცა კვლევის მომენტში ამ ვებსაიტებიდან ზოგი არ ფუნქციონირებდა. DFRLab-მა გამოიკვლია, თუ ან როგორ აშუქებდნენ ეს საინფორმაციო ვებსაიტები და მათი Facebook-გვერდები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და რუსეთის ომს უკრაინაში. ეს ის ორი თემაა, რომელიც NDI-ის 2023 წლის გამოკვლევის შედეგებს უკავშირდება.

ხაზოვანი დიაგრამა, რომელიც ანახებს, რამდენი ინტერაქცია ჰქონდა Facebook-ის რვა გვერდს 2022 წლის 1 თებერვლიდან 2023 წლის 2 მარტამდე პერიოდში. როგორც აღმოჩნდა, ამ დროის განმავლობაში ყველაზე მეტი ინტერაქცია 24News.ge-მ დააგროვა.

ფოტო: DFRlab via CrowdTangle

ცხრილი, რომელიც ანახებს რამდენი ინტერაქცია ჰქონდა Facebook-ის რვა გვერდს 2022 წლის 1 თებერვლიდან 2023 წლის 2 მარტამდე პერიოდში. აქაც ჩანს, რომ ამ დროის განმავლობაში ყველაზე მეტი ინტერაქცია 24News.ge-მ დააგროვა.

ფოტო: DFRlab via CrowdTangle

პოპულარული პლატფორმების მიერ ორი თემის გაშუქება

შემთხვევითობის პრინციპით არჩეული სტატიების ანალიზით, DFRLab-მა გამოიკვლია, თუ და როგორ აშუქებდნენ ზემოთ ნახსენები ონლაინპლატფორმები რუსეთის ომს უკრაინაში და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და დემოკრატიულ დაღმასვლას.

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გაშუქებისას, 24News.ge, Interpress.ge, Aktual.ge და Radio Marneuli ფრაზას, "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", ბრჭყალებში იყენებდნენ — ეს კრემლის პროპაგანდული ტერმინია, რომელიც უკრაინაში ომის მნიშვნელობის დასაკნინებლად გამოიყენება. იმ სტატიებში, რომელშიც ომის კონტექსტი იყო ახსნილი, Aktual.ge, InterPress.ge და Radio Marneuli წერდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა. გარდა ამისა, 24News.ge, Radio Marneuli, InterPress.ge და aktual.ge ბუჩას ხოცვა-ჟლეტას და რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების ფაქტებს აშუქებდნენ.

იგივე ოთხი პლატფორმა ასევე აშუქებდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან და დემოკრატიულ დაღმასვლასთან დაკავშირებულ თემებს. მაგალითად, 24news.ge-მ გამოაქვეყნა ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ევროპარლამენტის კრიტიკული შენიშვნები საქართველოს მმართველი პარტიისა და ქვეყნის დემოკრატიული დაღმასვლის თაობაზე. InterPress.ge-მ ევროკავშირისა და ნატოს შესახებ გავრცელებულ მითებსა და დეზინფორმაციას სტატია მიუძღვნა. Aktual.ge აქვეყნებდა სტატიებს, სადაც მიმოიხილავდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. ის ასევე წერდა ჩავარდნილი "უცხოელი აგენტების კანონზე" და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინაშე არსებულ ზოგად საფრთხეებზე. რადიო მარნეული აქვეყნებდა განცხადებებს, რომლებიც ევროკავშირის, აშშ-ის და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ევროკავშირის მხარდაჭერაზე გააკეთეს. ამ ოთხი მედიაგამოცემის გარდა, Facebook-გვერდმა, Gündəlik – Gürcüstan, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანულ უმცირესობასთან დაკავშირებულ თემებზე კონცენტრირდება, გააშუქა პროდასავლური "შინ, ევროპისკენ" გამოსვლები და გამოაქვეყნა რეპორტაჟი ენის ბარიერზე, რომელსაც საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელები აწყდებიან.

დანარჩენი სამი Facebook-გვერდიდან ერთი, Marneuli TV LTD, რომელიც აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე წერს, მარნეულში მიმდინარე მოვლენებზე კონცენტრირდება. ამასთან, მასთან დაკავშირებული ვებსაიტი მხოლოდ ქართულ ენაზე აქვეყნებს მასალას. ბოლო ორი გვერდი, Ulu Borçalı (დიდი ბორჩალო) და Gurcustanlilar (ქართველები), რომლებიც მედიად არ იდენტიფიცირდებიან, თუმცა აზერბაიჯანულენოვან თემში პოპულარობით სარგებლობენ, ძირითადად, საქართველოში არსებულ აზერბაიჯანულ დასახლებებთან დაკავშირებულ ფოტოებსა და ვიდეოებს აზიარებენ.


DFRLab-ს არ შეუფასებია ონლაინგამოცემების ხარისხი და ლეგიტიმურობა. სანაცვლოდ, მან გააანალიზა, თუ როგორ აშუქებდნენ ეს გვერდები კონკრეტულ თემებს. იმის გათვალისწინებით, რომ მათზე სხვა მრავალ თემაზეც იწერება, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ DFRLab-ს ამ კვლევის ფარგლებში არ შეუსწავლია და არ შეუფასებია მათი ყველა სტატია.

რადგან ქართველი აზერბაიჯანელები ინფორმაციას, ძირითადად, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე იღებენ და პოპულარული Facebook-გვერდები, როგორც ჩანს, კრემლის გზავნილებს არ იმეორებენ, მიზანშეწონილია დამატებითი კვლევების ჩატარება. DFRLab-მა ახლახან გამოიკვლია ირანთან დაკავშირებული ვებსაიტი, რომლის სამიზნე აუდიტორიაც საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანული თემია და რომელიც დასავლეთის საწინააღმდეგო და პროკრემლისტურ გზავნილებს ავრცელებს.