დღეს 23 ნოემბერია, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი.

ჩემს წარმოდგენაში ეს დღე წარმოუდგენლის გარდაუვალად გადაქცევას უკავშირდება.

2003 წლის 23 ნოემბრამდე წარმოუდგენელი იყო, რომ საქართველოში გაქრებოდა კორუფცია და ქრთამის გადახდა აღარ დაგჭირდებოდა სახელმწიფო სერვისის მისაღებად, საგზაო ინსპექტორებთან გასამკლავებლად, უმაღლეს სასწავლებელში მოსაწყობად, თუ ბიზნესის დასაწყებად.

  • წარმოუდგენელი იყო უწყვეტი ელექტროენერგია.
  • წარმოუდგენელი იყო კრიმინალის შიშის გარეშე ცხოვრება.
  • წარმოუდგენელი იყო რწმენის თავისუფლება.

და, აი, ოცი წლის წინ, გიორგობას გაცხადდა, რომ თუ პრინციპებსა და მიზნის რწმენას უერთგულებ, თანმიმდევრულობას არ უღალატებ და შინაარსი გეცოდინება, როგორ უმცირესობაშიც უნდა იყო, ბორბალზეც რომ გაწამონ, კრიტიკული მომენტუმით სარგებლობა და წარმოუდგენლის ნორმად ქცევა შესაძლებელია.

თუმცა, ასეთი გარდატეხის მიუხედავად, პასუხი კითხვაზე, რამდენად რევოლუციურია ვარდების რევოლუცია, არც 20 წლის შემდეგ გვაქვს. ამის მიზეზი მარტივია და ისევ ვარდების რევოლუციის მიზნებიდან გამომდინარეობს:

ეშლება ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ვარდების რევოლუცია 23 ნოემბერს მოხდა.

რეალურად, ის ამ დღეს მხოლოდ დაიწყო და საბოლოო მიზნად ლიბერალურ-დემოკრატიულ წესრიგზე დაფუძნებული, უსაფრთხო და თავისუფალი რესპუბლიკის შექმნას ისახავს.

ეს ამოცანა პოსტ-ტოტალიტარული საზოგადოების სოციალურ ტრანსფორმაციას და ნახევრად აგრარული ქვეყნის მოდერნიზაციას მოითხოვს, რაც გარდაუვალად იწვევს მწვავე რეაქციას და რეაქციონერთა ელექტორალურ წარმატებებს, რადგან დრომოჭმული ფასეულობები ადვილად და სწრაფად არ იცვლება — მათ მავნე რეგულაციებივით ვერ გააუქმებ. ამასთან, ამავე ფასეულობებს ეჭიდება მტერი და საკუთარ პროპაგანდას მოდერნიზატორების ეროვნული იდენტობის მტრებად გამოცხადებაზე აგებს იმისათვის, რომ მოდერნიზაციის პროცესის მიმართ საზოგადოებას უნდობლობა გაუღვივოს და ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაცია შეაფერხოს.

ეს გარემოებები გარდაუვალს ხდის იმ ზიგზაგებს, რაც ამ მიზანთან მისასვლელ გზას ახლავს და კანონზომიერად აქცევს ფაქტს, რომ ამ ამოცანის შესასრულებლად ერთი რეჟიმის ცვლილება საკმარისი არ არის.

...

რამდენიმე დღის წინ პროფესია შევიცვალე და აქტივისტიდან თვითგამოცხადებულ პოლიტიკოსად ვიქეცი. თვითგამოცხადებულად იქამდე, ვიდრე ერთხელ მაინც მოვიპოვებ ამომრჩევლის მანდატს არჩევნებში.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მანდატის მიღების შანსი მექნება თუ არა, დამოკიდებულია ევროპული საქართველოს ამომრჩეველზე, რომელმაც პრაიმერიზის გზით უნდა შეადგინოს ევროპული საქართველოს საპარლამენტო სია.

პრაიმერიზის ამოცანაა, ისეთი შემადგენლობა შეირჩეს, რომელიც ევროპული საქართველოს ამომრჩევლის აზრით, უკეთ დაიცავს მათ ინტერესებს პარლამენტში და, შესაბამისად, უკეთ შეძლებს პარტიის ამომრჩევლის მობილიზაციას 2024 წლის არჩევნებში.

ჩემი გადაწყვეტილება სპონტანური არ ყოფილა და იმ მიზნიდან გამომდინარეობს, რაც ათეული წლებია მამოძრავებს.

საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის დაძლევის, ქართული საზოგადოების მოდერნიზაციისა და ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური წესრიგის კონსოლიდაციის ინტერესი 90-იანი წლებიდან მომყვება და მცირე პაუზებით, ამ საქმეს 26 წელია ვემსახურები.

თავდაპირველად, წლების განმავლობაში, დასავლური ორგანიზაციების წარმომადგენლის სტატუსით ვცდილობდი იმ დემოკრატიული რეფორმების ლობირებას, რაც ეროვნულ ამოცანებს დაგვაახლოებდა. ასე გავიცანი ქართული პოლიტიკა, მისი ანატომია და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი. ვარდების რევოლუციის ხელისუფლების მეორე ვადაში, როდესაც აშკარა გახდა, რომ ძალაუფლების შენარჩუნების იმედით მიშა სააკაშვილი რეაქციულ ძალებთან გაუმართლებელ კომპრომისებზე წავიდა, რევოლუციის მთავარ მიზანზე - ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციაზე ხელი ჩაიქნია და მამლის ყივილამდე, სამჯერ გამოგვაცხადა „ერთ მუჭა ლიბერალებად“, თანამოაზრეებთან ერთად გადავწყვიტე, რომ ლიბერალური მუჭი მუშტად გვექცია და დამოუკიდებელი სიმძიმის ცენტრი შეგვექმნა.

ასე დაიბადა ტაბულა — დასავლური ორიენტაციის, სეკულარიზმის, ბუნებითი სამართლის, კანონის წინაშე თანასწორობის, მცირე მთავრობის, თავისუფალი ბაზრისა და სამოქალაქო ერი-სახელმწიფოს პრინციპების გამავრცელებელი გამოცემა, რომელსაც დღეს მილიონზე მეტი ერთგული მკითხველი ჰყავს და განუხრელად იზრდება.

პროფესიის შეცვლის გადაწყვეტილება 2020 წელს, გიგა ბოკერიას მაჟორიტარული კამპანიის დროს, ფოთში, ხობსა და სენაკში კარდაკარ სიარულისას მივიღე, როცა გავიაზრე, რომ პოლიტიკურ პროცესსა და ხალხის ინტერესებს შორის უფსკრულია და იმისთვის, რომ რეაქციულ სტატუს-კვოს მოვერიოთ და ვარდების რევოლუციის ამოცანები ბოლომდე მივიყვანოთ, პირველ რიგში, ეს უფსკრული უნდა ამოვავსოთ. ეს კი ვერ მოხდება, თუ ქართული პოლიტიკა სისტემურად არ გადაიტვირთა.

ასე რომ, თუკი ტაბულას დაფუძნებისას მყისიერი ამოცანა ვარდების რევოლუციის შინაარსის დაცვა და ლიბერალური დემოკრატიის იდეების გამავრცელებელი სიმძიმის ცენტრის შექმნა იყო, პოლიტიკოსის რანგში ჩემი ამოცანა ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვაა, იმისათვის, რომ ვარდების რევოლუციის ამოცანები ბოლომდე მივიდეს, ისტორიული მისია შესრულდეს და საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული რესპუბლიკა მის ბუნებრივ, ევროპულ წიაღში დაბრუნდეს.

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, შეიქმნას ახალი პოლიტიკური ელიტა, რომელიც, ერთი მხრივ, არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურას არათუ გაურიგდება, არამედ დაუპირისპირდება და ამხელს სისტემას, რომლის ძრავიც ეგომანიაკი ბელადებისა და ჩრდილოვანი მოთამაშეების ახირებებია და არა ამომრჩევლის ინტერესები. მეორე მხრივ, შექმნის ამომრჩევლის ცხოვრების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ, ამომრჩევლისთვის გასაგებ შინაარსს და ამ შინაარსის გარშემო მოახდენს ამომრჩევლის მობილიზაციას თანმიმდევრული და მიზანმიმართული მუშაობით.

ევროპულმა საქართველომ ახალი პოლიტიკური ელიტის ჩანასახი უკვე წარმოადგინა. პარტიის პრაიმერიზი, რომელიც უკვე დაიწყო და მაისამდე გასტანს გაცილებით უფრო ახლოს მიიყვანს ახალ პოლიტიკურ ლიდერებს ამომრჩეველთან და უკეთ დაანახებს ქართულ საზოგადოებას განსხვავებას არსებულ კორუმპირებულ, ეგომანიაკ, გადამგდებ, უმეცარ პოლიტიკურ სპექტრსა და გამჭვირვალე, თანმიმდევრულ, კვალიფიციურ, ამომრჩეველის ცხოვრების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ, პასუხისმგებლიან, დიდი გამოცდილების და ამავდროულად, ახალი ენერგიის მატარებელ პოლიტიკურ ძალას შორის.

მესმის, რომ მხოლოდ მიმზიდველი შინაარსი არ კმარა და ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე ისიც ახდენს გავლენას, რამდენად შეგწევს ამ შინაარსის განხორციელების ძალა. ეს უფრო რთული ამოცანაა, რადგან თუ შინაარსის შესაქმნელად ჩვენი და ჩვენი თანამოაზრეების ინტელექტუალური რესურსიც გვყოფნის, გასავრცელებლად მხოლოდ ჩვენი რესურსი არ არის საკმარისი და ისეთი ინსტიტუტებიც გვჭირდება როგორიცაა ტელემედია, რომელიც ამომრჩევლის ინფორმირებაზე უნდა ზრუნავდეს.

სამწუხაროდ, ქართული ტელემედიის უდიდესი ნაწილი პოსტსაბჭოთა ოლიგარქიულ მარწუხებშია, სადაც თავისუფალი კონკურენცია დონორის მარიონეტების სასარგებლოდ იზღუდება და დონორის სასურველ რეალობას ხატავს, რაც პოლიტიკური პლურალიზმის, თავისუფალი კონკურენციის, პოლიტიკური დისკუსიის ხარისხის გაუმჯობესებას აფერხებს, ამომრჩეველს აბნევს და სტატუს-კვოს ტყვეობაში გვტოვებს, მაგრამ ესეც ის მოცემულობაა, რომლის გვერდის ავლაც აუცილებელია იმისათვის, რომ გარდატეხა მოხდეს და ქართული პოლიტიკა სისტემურად გადაიტვირთოს.

ევროპული საქართველო ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მივიდეს სამიზნე აუდიტორიასთან და პირისპირ კონტაქტი დაამყაროს. იმედი გვაქვს, რომ ასეთი მეთოდით შევძლებთ 100 000 ამომრჩევლის დარწმუნებას, საარჩევნო ბარიერის გადალახვას და ამ მცირე გამარჯვებაზე ავაგებთ ძალას, რაც დომინოს პრინციპით ჩამოშლის კორუფციულ, არაანგარიშვალდებულ, ჩრდილოვან სისტემას.

სკეპტიკოსები მისაყვედურებენ, რომ ამ გზის გავლას დიდი დრო დასჭირდება, მე კი ვუპასუხებ რომ სხვა გზა არ არსებობს!

გზა მხოლოდ ესაა!

და რა დროც უნდა დასჭირდეს, ეს გზა არ შეიცვლება, რადგან ყველა სხვა გზა უფსკრულისკენ მიდის და ჩვენ ვიცით, რომ თუ თანმიმდევრულობას შევინარჩუნებთ, პრინციპებს ვუერთგულებთ და იდეები მზად გვექნება, დღეს წარმოუდგენელი, ხვალ გარდაუვალად გადაიქცევა.

გიორგობას გილოცავთ!