ნახეთ: მეცნიერებმა ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
1908 წელს კათოლიკე მღვდლების ჯგუფმა სამხრეთ-ცენტრალურ საფრანგეთში მდებარე გამოქვაბულში მამრობითი სქესის ადამიანის ჩონჩხის ნაწილებს მიაგნო. მას რამდენიმე კბილი აკლდა, ამიტომ "მოხუცი კაცი" შეარქვეს. მოგვიანებით მეცნიერთა სიღრმისეულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ჰომო საპიენსი სულაც არ იყო, არამედ დაახლოებით 40 000 წლის წინ გადაშენებული ნეანდერტალელთა სახეობის წარმომადგენელი.
ჩონჩხს მათთვის დამახასიათებელი რამდენიმე მახასიათებელი ჰქონდა, როგორიცაა წარბების მიმდებარე ზონის ჭარბი ამოზნექილობა, თავის ქალის ბრტყელი ბაზა და თვალების დიდი ფოსოები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მეცნიერებმა მისი სახე მიახლოებით აღადგინეს და წარმოგვიდგინეს 40 წლამდე ასაკის ნეანდერტალელი, რომელიც 47 000-56 000 წლებს შორის დროის გარკვეულ მონაკვეთში ცხოვრობდა.
ამისთვის სპეციალისტებმა ნეანდერტალელის თავის ქალის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სურათები გამოიყენეს. ასევე, მონაცემებში შეიყვანეს თანამედროვე ადამიანი დონორების სახის პროპორციების მაჩვენებლები, რომელთა დახმარებითაც სახის საჭირო ფორმა მიიღეს. შემდეგ ეტაპზე მათ ციფრულად აღადგინეს კუნთები და კანი, ბოლოს კი ისეთი დეტალები დაამატეს, როგორიცაა თმა და შეფერილობა.
მეცნიერებმა ორგვარი გამოსახულება შექმნეს. პირველი შეუფერადებელი, უთმო სახეა, რომელიც შედარებით ობიექტურია, ხოლო მეორე უფრო სპეკულაციურია და კანის ფერს, თმასა თუ წვერს ითვალისწინებს.
"ეს სურათი გვიჩვენებს, როგორ გვგავდნენ ნეანდერტალელები, მაგრამ, ამავდროულად, როგორ განსხვავდებოდნენ ჩვენგან მკაფიო სპეციფიკური ნიშნებით, მაგალითად, ნიკაპის არარსებობით. ამის მიუხედავად, შეუძლებელია მხოლოდ გამოსახულებაზე დაკვირვებით წარმოვიდგინოთ, როგორი იყო მათი ცხოვრება ათასობით წლის წინ", — აცხადებენ ავტორები.
ეს ნეანდერტალელის სახის მიახლოებითი აღდგენის პირველი მცდელობა არაა, თუმცა გამორჩეული იმითაა, რომ კომპიუტერულ-ტომოგრაფიულ მონაცემებზეა დაფუძნებული. წინა გამოსახულებები შედარებით არაზუსტი რეკონსტრუქციები იყო, რომლებიც მაიმუნებს ზედმეტად მოგვაგონებდა. ახალ კვლევაში მსგავსი უზუსტობები გამოსწორდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ადრეული და ახლანდელი მოდელების შედარება ცხადყოფს, როგორ იცვლებოდა ჩვენ მიერ ნეანდერტალელების აღქმა წლების განმავლობაში და როგორ ხდებოდა მათი გამოსახულება ნელ-ნელა უფრო "ადამიანური".
"აღქმის ეს ცვლილება შეგვიძლია, ნეანდერტალელთა კვლევაში წინსვლას მივაწეროთ, რამაც გვაჩვენა, რამდენად ახლოს იყვნენ ისინი ანატომიურად (და, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურადაც) ჩვენთან, ჰომო საპიენსებთან", — ამბობენ სპეციალისტები.
მათ ნაშრომი იტალიის კულტურის სამინისტროს მიერ ოქტომბერში გამართულ კონფერენციაზე წარადგინეს,
კომენტარები