რა არის პოლარული ციალი და ვიხილეთ თუ არა ის საქართველოშიც?
პოლარული ციალი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ატმოსფერული მოვლენაა, რომელიც ჩვენს პლანეტაზე იჩენს თავს. მისი დამახასიათებელი ფერადი ნათება, იგივე ავრორა, ძირითადად, დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების მიმდებარედაა დაკვირვებადი, ამიტომ განასხვავებენ ავრორა ბორეალისსა (ჩრდილოეთის) და ავრორა ავსტრალისს (სამხრეთის).
ციალის სანახავად პოლარულ რეგიონებს ყოველწლიურად საკმაოდ ბევრი ადამიანი სტუმრობს, მაგრამ იშვიათად ისეც ხდება, რომ თავად ნათება ჩნდება მოულოდნელ ადგილებში. სწორედ მსგავსი რამ ვიხილეთ 5 ნოემბერს, როცა პოლარულმა ნათებამ სამხრეთ ევროპის ცაც შეფერა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული სურათებიდან ვიგებთ, უჩვეულო მოწითალო ელვარება შეინიშნებოდა საქართველოს თავზეც, კერძოდ რაჭაში, სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
ამ გასაოცარმა მოვლენამ, რა თქმა უნდა, საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია და მრავალი კითხვაც გააჩინა. მაინც რა არის პოლარული ციალი, რა იწვევს მას და რა განაპირობებს ნათების სხვადასხვა შეფერილობას? ან შეიძლება თუ არა, რომ ის საქართველოშიც გამოჩენილიყო?
მართალია, პოლარული ციალი დედამიწის ატმოსფეროში ვლინდება, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზი მზეა. ჩვენი სისტემის ცენტრში არსებული ეს ვარსკვლავი პლაზმის ერთგვარი მძვინვარე სფეროა, რომლის ატმოსფეროს ზედა ფენაში, გვირგვინში, ხშირად ამოფრქვევები ხდება.
მსგავსი მოვლენების შედეგად, რომელთაც კორონული მასის ამოფრქვევები ეწოდება, დედამიწის კოსმოსურ სამეზობლოში ენერგიული ნაწილაკები გამოიყოფა, ძირითადად ელექტრონები და პროტონები. ამგვარი ნაკადი სივრცეში ძალიან სწრაფად გადაადგილდება და ჩვენს მშობლიურ ციურ სხეულამდეც აღწევს.
კოსმოსური რადიაციისგან დედამიწას მაგნიტური ველი იცავს, რომლის ე.წ. ხაზებიც პოლუსებიდან მრუდე ფორმით ამოიზრდება და მთელ პლანეტას აკრავს გარს. როდესაც მზის ქარის შემადგენელი ნაწილაკები ჩვენამდე მოდის, ისინი სწორედ მაგნიტური ველის ხაზებში კონცენტრირდება, მათთან ურთიერთქმედებით მოძრაობას აჩქარებს და პოლუსებისკენ ჩაედინება.
ფოტო: ESA
მსგავსი ნაკადები ამ გზით დედამიწის ატმოსფეროში ხვდება, სადაც ახალი რეაქციები იწყება. ეს პროცესები იონოსფეროში მიმდინარეობს, რომელიც ჩვენი პლანეტის აირადი გარსის ზედა შრეა. იქ მზის ამოფრქვევის შედეგად გამოთავისუფლებული ნაწილაკები ატმოსფეროს შემადგენელ აირებთან ურთიერთქმედებს და გასაოცარ სანახაობას წარმოქმნის, რომელიც ფერადოვნებით გამოირჩევა.
5 ნოემბერს ზუსტად მსგავსი რამ მოხდა. როგორც ცნობილია, ეს მზეზე ახლახან მომხდარმა კორონული მასის ამოფრქვევებმა განაპირობა, რომლის ნაკადებმაც დედამიწამდე 4 და 5 ნოემბერს მოაღწია. ეს G3 დონის გეომაგნიტურ შტორმს დაედო საფუძვლად.
ამ მოვლენებმა პოლარული ციალი ისეთ არეალებშიც წარმოშვა, სადაც, როგორც წესი, არაა ხოლმე. მძლავრი შტორმებისას ასეთი რამ გამორიცხული არაა, რადგან ამ დროს მზისგან წამოსული ნაწილაკები შედარებით ქვედა განედებზეც გადადის და პოლუსებისგან მოშორებით ფიქსირდება.
ჩვეულებრივ, ჩრდილოეთის ციალი პოლუსიდან 2 500 კილომეტრი რადიუსის ფარგლებში ჩნდება. ამ არეალში ექცევა სკანდინავიის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილი, ისლანდია, გრენლანდიის სამხრეთ კიდე, ჩრდილოეთ კანადა, ალასკა, ციმბირი და ა.შ. ყველაზე ხშირი ის ნორვეგიაშია, ხოლო რაც უფრო შორსაა ამ ზონიდან ქვეყანა, მით ნაკლებია შანსი, იქ ნათება იყოს.
ამის მიუხედავად, ციალი დაფიქსირდა ბულგარეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, უკრაინასა და რუმინეთში.
აღმოჩნდა, რომ საქართველოშიც გაგვიმართლა და გასაოცარი ციალი ვიხილეთ. მოწითალო შეფერილობა ატმოსფერულ აზოტს მიეწერება, სწორედ მისი დამსახურებაა შთამბეჭდავი წითელი ელვარება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გამოჩნდა. მომწვანო ციალები, რომლებიც ფოტოებზე მაინც, ალბათ, ყველას გვინახავს, ჟანგბადის მოლეკულებს უკავშირდება.
სინათლეს ისინი გამოყოფს ენერგიის გავლენით, რომელიც ფოტონებს, ანუ სინათლის ელემენტარულ ნაწილაკებს წარმოქმნის. იმის მიხედვით, თუ რომელი აირი აქტიურდება, განსხვავებულია სპექტრული შეფერილობა, რადგან ამ მოლეკულებს სხვადასხვა ტალღური სიგრძე აქვს. როგორც წესი, მოწითალო ციალები 90-100 კილომეტრამდე სიმაღლეზე ფორმირდება, იისფერი და ლურჯი 120-ზე, მწვანე კი — 180-მდე კილომეტრზე.
იქიდან გამომდინარე, რომ მზე ახლა 11-წლიანი ციკლის ყველაზე აქტიურ ფაზას უახლოვდება, მასზე ამოფრქვევებს უფრო ხშირად უნდა ველოდოთ. არაა გამორიცხული ისიც, რომ მომავალში ჩრდილოეთის ნათება საქართველოში კიდევ გამოჩნდეს, მაგრამ ის, რაც 5 ნოემბერს მოხდა, ძალიან იშვიათია.
უნდა ითქვას ისიც, რომ თვალწარმტაცი სანახაობის გარდა პოლარული ციალი გარკვეულ საფრთხესთანაცაა დაკავშირებული. გეომაგნიტური შტორმები ზოგჯერ საკომუნიკაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლას იწვევს და რისკის ქვეშ აყენებს როგორც დედამიწის ორბიტაზე მოძრავ ხელოვნურ თანამგზავრებს, ასევე ასტრონავტებს. ამჟამინდელი ინფორმაციით, უკანასკნელ შტორმს რაიმე სერიოზული ზიანი არ მოუყენებია.
კომენტარები