ისტორიაში პირველად, კოსმოსში თაგვის ემბრიონები გაზარდეს
იაპონიის კოსმოსურ სააგენტოში (JAXA) მომუშავე მეცნიერებმა დედამიწის ორბიტაზე განლაგებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში თაგვის ემბრიონები გაზარდეს. ეს პირველი მსგავსი პრეცედენტია და ამგვარ პირობებში ადამიანთა რეპროდუქციის შესაძლებლობის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
სპეციალისტებმა გაყინული ემბრიონები ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ კოსმოსურ ლაბორატორიაში რაკეტით 2021 წლის აგვისტოში გაგზავნეს. ასტრონავტებმა ისინი სათანადო მოწყობილობის მეშვეობით გაალღვეს და 4 დღის განმავლობაში ზრდიდნენ.
როგორც ისინი ამბობენ, თაგვის ემბრიონები მიკროგრავიტაციის პირობებში გაიზარდნენ და ბლასტოცისტებად ჩამოყალიბდნენ. ესაა უჯრედები, რომელთა მეშვეობითაც ჩანასახი და პლაცენტა ფორმირდება. მკვლევრების თქმით, ამ ექსპერიმენტმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ გრავიტაციას აღნიშნულ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს.
მეცნიერები აცხადებენ იმასაც, რომ კოსმოსში გაზრდილი ემბრიონების გენებსა და დნმ-ში რაიმე მასშტაბური ცვლილება არ დაფიქსირებულა. მათ ორბიტიდან ჩამოტანილი ბლასტოცისტები დედამიწაზე არსებულ ლაბორატორიებში შეისწავლეს.
"ეს პირველი კვლევაა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ძუძუმწოვრებს კოსმოსში გამრავლება და არსებობა შეუძლიათ.
მომავალში საჭირო იქნება, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიკროგრავიტაციაში გაზრდილი ბლასტოცისტები თაგვების ორგანიზმში გადავიტანოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ნაშიერებს გააჩენენ", — ამბობენ JAXA-ში.
ამგვარი ექსპერიმენტები მნიშვნელოვანია, რადგან კაცობრიობა სხვა ციურ სხეულებზე, მაგალითად, მარსსა და მთვარეზე, კოლონიებისა თუ მუდმივი ბაზები დაარსებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ იქ ადამიანებს ხანგრძლივი პერიოდის გატარება მოუწევთ, ამიტომ რეპროდუქციასთან დაკავშირებული გამოწვევები უნდა გამოვიკვლიოთ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში iScience გამოქვეყნდა.
კომენტარები