დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი შესაძლოა, მთვარის ფრაგმენტი იყოს
ასტრონომების ახალი კვლევა ამყარებს მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ასტეროიდი Kamo'oalewa სინამდვილეში მთვარის ნატეხი იყოს. მისი სახელი ჰავაიურ ენაზე "რხევად ფრაგმენტს" ნიშნავს.
ესაა დაახლოებით 40–100 მეტრი დიამეტრის მქონე ასტეროიდი, რომელიც დედამიწას ყოველ აპრილს, 14.4 მილიონ კილომეტრ მანძილზე უახლოვდება. ის 2016 წელს აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მეცნიერები მის წარმომავლობაზე მსჯელობდნენ. 2021 წელს სპექტრული ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ის შემადგენლობით მთვარეს ჰგავს.
უკანასკნელ კვლევაში კი სპეციალისტებმა განიხილეს, როგორ შეეძლო მთვარესთან ასტეროიდის შეჯახებას ასეთი ფრაგმენტი ამ ტრაექტორიით გაეტყორცნა. მათი შედეგები ცხადყოფს, რომ არაა გამორიცხული, მზის სისტემაში კიდევ მრავალი ამგვარი ნატეხი გადაადგილდებოდეს.
"ვადასტურებთ, რომ Kamo'oalewa-ს წყარო, დიდი ალბათობით, სწორედ მთვარეა", — აცხადებენ ავტორები.
ამ ასტეროიდმა მეცნიერთა ყურადღება 2 უჩვეულო მახასიათებლის გამო მიიპყრო. პირველ რიგში, ის დედამიწასთან იმდენად ახლოს მოძრაობს, რომ, თითქოს, მას უვლის გარს. სინამდვილეში, ეს ობიექტი მზის გარშემო ორბიტაზე გადაადგილდება. მეორე ნიშანი ისაა, რომ Kamo'oalewa ჩვენი პლანეტის მიმდებარე არეალში კიდევ მილიონობით წელი დარჩება, როცა იმავე რეგიონში სხვა მსგავსი ასტეროიდების უმეტესობა მხოლოდ დეკადების განმავლობაში ნარჩუნდება.
მასზე მეტის გასაგებად, სპეციალისტებმა მთვარის ზედაპირზე კოსმოსური სხეულების შეჯახებისა და ფრაგმენტების გამტყორცნელი გრავიტაციული ძალების სიმულაციები შექმნეს. გამოთვლებამდე მიიჩნეოდა, რომ ასეთი მატერიის დიდი ნაწილი ან ისევ მთვარეზე დაბრუნდებოდა, ან დედამიწის ატმოსფეროში დაიწვებოდა. ამის მიუხედავად, კომპიუტერულმა მოდელმა აჩვენა, რომ შესაძლოა, ასეთი ფრაგმენტები ჩვენი პლანეტის მახლობელ ორბიტებზე გაფანტულიყო.
სამომავლოდ ავტორებს სურთ დაადგინონ, კონკრეტულად როდის მოხდა ის შეჯახება, რომელმაც Kamo'oalewa წარმოქმნა. მათი ნაშრომი გამოცემაში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა.
კომენტარები