აცტეკების სამარხების კვლევისას არქეოლოგებს თავის ქალის ფორმის სასტვენები აქვთ აღმოჩენილი, რომლებიც 1250-1521 წლებიდანაა შემორჩენილი. მათში ჩაბერვისას შემაძრწუნებელი ხმა ისმის, რომელიც კივილს მოგვაგონებს. ამგვარი ჟღერადობის გამო მათ სიკვდილის სასტვენებს უწოდებენ.

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, აცტეკები სიკვდილის სასტვენს ქარის ღვთაება ეეკატლისთვის ადამიანთა მსხვერპლად შეწირვის რიტუალისას იყენებდნენ. სხვა ჰიპოთეზების მიხედვით, სასტვენის ჟღერადობა მსხვერპლების მიერ გამოცემული ხმის გადასაფარად, ბოროტი სულების ან მტრის შესაშინებლად იყო მიმართული.

მსგავსი არტეფაქტები მეტწილად საფლავებშია მიკვლეული. ეს შესაძლოა, იმაზე მიანიშნებდეს, რომ ისინი კონკრეტული რიტუალისას გამოიყენებოდა. აი, როგორ ხმას გამოსცემს სიკვდილის სასტვენი:

მისი მოსმენისას ადამიანთა უმეტესობას უცნაური და შემზარავი განცდა ეუფლება, მაგრამ რა ხდება ამ დროს ჩვენს ტვინში?

ამის გასაგებად მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. ფსიქოაკუსტიკური ექსპერიმენტებით დაადგინეს, რომ სიკვდილის სასტვენის ჟღერადობის მოსმენისას ჩვენი ტვინის ქერქის სმენით რეგიონში ძალიან სპეციფიკური აქტიურობა ფიქსირდება. მას უკავშირდება მსმენელთა განცდებიც. ასევე, გონებას ხმის იდენტიფიცირება უჭირს, რადგან ის ხელოვნურისა და ბუნებრივის ნაზავად აღიქმება.

"ჩვენს ექსპერიმენტებში ადამიანებმა თავის ქალის ფორმის სასტვენის ხმა შეაფასეს, როგორც ძალზე უარყოფითი, საშიში და უსიამოვნო. ამას, პოტენციურად, განგაშის რეაქციების გამოწვევა და მიმდინარე მენტალური პროცესებისთვის ხელის შეშლა შეუძლია", — აცხადებენ ავტორები.

მათი თქმით, სიკვდილის სასტვენის ჟღერადობა ბუნებასთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვა შემაწუხებელ ხმებს მოგვაგონებს. მნიშვნელოვანია, რომ ის ტვინის ე.წ. კუნძულოვან რეგიონებში სიმბოლურ აღქმებს ააქტიურებს. აქედან ასკვნიან, რომ, სავარაუდოდ, ამ სასტვენებს მართლაც საკრალურ რიტუალებში იყენებდნენ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Communications Psychology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.