უცხოენოვან ადამიანებთან კომუნიკაციას თავისი სირთულეები აქვს. ამის მიუხედავად, არის ერთი სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში, შეიძლება ითქვას, უნივერსალურია. ეს ნიშნავს, რომ მისი გამოყენებით თითქმის ყველას გააგებინებთ, რისი თქმა გსურთ.

ზოგიერთ ენაში ერთნაირი სიტყვები გვხვდება, მაგრამ უმეტესწილად ისინი განსხვავებულია. მაგალითად, ქართულად ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს "ძაღლის" სახელით მოვიხსენიებთ, ინგლისურად იგივე მნიშვნელობა "Dog-ს" აქვს, გერმანულად "Hund-ს", ფრანგულად კი — "Chien-ს". შესაბამისად, ის უნივერსალური არაა.

2013 წლის ე.წ. ანტინობელის პრემიის (ნობელის პრემიის სატირული ანალოგი) ლაურეატთა კვლევაში ფსიქოლინგვისტებმა გამოავლინეს სიტყვა, რომელიც ბევრ სხვადასხვა ენაში მეტ-ნაკლებად ერთნაირი ფორმითა და ფუნქციითაა წარმოდგენილი.

ესაა — "ჰა?". ამ შორისდებულს კითხვითი მნიშვნელობით მაშინ ვიყენებთ, როცა კარგად არ გვესმის, რას გვეუბნებიან ან ნათქვამით გაკვირვებულები ვართ.

ავტორებმა აღნიშნული სიტყვა 31 ენაში შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მისი მეტყველებითი და მნიშვნელობითი ასპექტები უნივერსალური იყო. საბოლოოდ, ისინი 5 კონტინენტზე არსებულ 10 ენაზე კონცენტრირდნენ და უფრო დეტალურად გამოიკვლიეს, როგორ იყენებენ ამ შორისდებულს საუბარში.

ყველა შესწავლილ ენაში ის ერთმარცვლიანია. თანხმოვანი გლოტალურად წარმოითქმის, რომელსაც შუა რიგის ხმოვანი მოჰყვება. ასევე, სიტყვას კითხვითი ინტონაცია აქვს. ესაა ის საერთო მახასიათებლები, რომლებიც სხვადასხვა ენაში გვხვდება.

ფსიქოლინგვისტების აზრით, შესაძლოა, ამ უნიკალურობის მიზეზი ის იყოს, რომ ეს სიტყვა ყველა ადამიანისთვის თანდაყოლილი "ხმიანობაა", რომელიც ენების ე.წ. კონვერგენტული ევოლუციის შედეგია. მათი თქმით, ის რომ ტირილის ან ტკივილის თანმხლები ბგერების მსგავსი იყოს, სხვა სიტყვების სწავლამდე გამოვიყენებდით, მაგრამ ასე არაა.

"ჰა?" მოკლედ წარმოსათქმელი მიმანიშნებელია იმაზე, რომ ვერ გავიგეთ, რას გვეუბნებიან და ეს გაურკვევლობა თავად უნივერსალური ფენომენია. შესაბამისად, ენებში ასეთივე უნივერსალური სიტყვა ჩამოყალიბდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.