ილიაუნის პროფესორ ბიძინა კაპანაძის ნაშრომი ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების გამოცემაში გამოქვეყნდა
ბიძინა კაპანაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის ასტრონომია-ასტროფიზიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. ახლახან მისი სამეცნიერო ნაშრომი ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების მაღალრეიტინგულ გამოცემაში The Astrophysical Journal Supplement Series გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ილიუნი ავრცელებს.
სტატიის სათაურია: "თანამგზავრ სვიფტით Mrk421-ზე დაკვირვებები შერჩეულ პერიოდებში. IV. 2018 წლის აპრილის-2023 წლის დეკემბრის განმავლობაში მიმდინარე რენტგენული ანთებების ფიზიკური საფუძვლები და რელატივისტური მაგნიტური გადაერთების ნიშან-თვისებები" (Swift Observations of Mrk 421 in Selected Epochs. IV. Physical Implications of X-Ray Flaring Activity and Features of Relativistic Magnetic Reconnection in 2018 April – 2023 December). პუბლიკაციის ერთ-ერთი თანაავტორი მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, მარგო ალერია.
ნაშრომში დიდი დათვის თანავარსკვლავედში მდებარე ბლაზარის, ანუ რელატივისტური ნაკადების მქონე აქტიური გალაქტიკური ბირთვის, მარკარიან 421-ის მახასიათებლებზეა საუბარი. ის კოსმოსში ერთ-ერთ ყველაზე მაღალენერგიულ ფოტონთა გამომსხივებელი ობიექტია.
მეცნიერებმა მისი მძლავრი რენტგენული ანთებები შეისწავლეს, რისთვისაც კოსმოსურ ობსერვატორია სვიფტის მონაცემები გამოიყენეს. ეს ინფორმაცია მისმა რენტგენულმა ტელესკოპმა 2018 წლის აპრილიდან 2023 წლის დეკემბრამდე პერიოდში შეაგროვა.
ასევე, დაეყრდნენ სვიფტის ობსერვატორიის სხვა ტელესკოპების ელექტრომაგნიტური სპექტრის ახლო-გამა და ოპტიკურ-ულტრაიისფერ დიაპაზონებში მოპოვებულ მონაცემებსაც. ილიაუნის პრესრელიზის თანახმად, ამ დაკვირვებების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ბიძინა კაპანაძე უძღვებოდა.
"წარმოდგენილი ექსპერიმენტული მასალა და მისი თეორიული ანალიზი მნიშვნელოვანია სამყაროს ექსტრემალური ობიექტების — ბლაზარების (გალაქტიკათა აქტიური "გულების" ერთ-ერთი კლასი) ფიზიკური ბუნების შეცნობის თვალსაზრისით", — ვკითხულობთ ილიაუნის პრესრელიზში.
კომენტარები