მკვლევრებმა გასაოცარ შედეგებს მიაღწიეს: შექმნეს თაგვის ფუნქციური ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც ცოცხალ თაგვად გარდაქმნა შეუძლია. ეს ყველაფერი Choanoflagellate-ების, ერთუჯრედიანი ორგანიზმების გენეტიკური მასალის ხარჯზე.

მიღწევა ახალ პასუხებს იძლევა ღეროვანი უჯრედების წარმოშობის შესახებ და ხაზს უსვამს ღრმა ევოლუციურ კავშირებს ცხოველებსა და მათ უჯრედულ ნათესავებს შორის.

"ჩვენი ერთუჯრედიანი წინაპრების ბიოლოგიური მასალისგან თაგვის შექმნა გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად უწყვეტი და დაკავშირებულია მილიარდ წლიანი ევოლუციური ციკლი", — თქვა მკვლევარმა ალექს დე მენდოზამ.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ღეროვანი უჯრედების ფორმირებაში ჩართული ძირითადი გენები, შესაძლოა, წარმოშობილიყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე თავად ღეროვანი უჯრედები. დასაშვებია, რომ სწორედ ამან გაუხსნა გზა მრავალუჯრედიან სიცოცხლეს, რომელსაც დღეს ვხედავთ.

უძველესი გენების გამოყენება

დე მენდოზამ აღმოაჩინა, რომ Choanoflagellate-იებს აქვთ ისეთი გენები, რომლებიც ღეროვან უჯრედებს ნებისმიერ უჯრედად დიფერენცირების საშუალებას აძლევს.

ითვლებოდა, რომ ეს გენები ცხოველებში განვითარდა. თუმცა, ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ ისინი არსებობდა მრავალუჯრედიანი სიცოცხლის გაჩენამდე დიდი ხნით ადრეც.

2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი შინია იამანაკას ნაშრომმა აჩვენა, რომ დიფერენცირებული უჯრედების ღეროვან უჯრედებად გადაპროგრამირებას ოთხი ფაქტორი დასჭირდა, მათ შორის Sox2 და Oct4 გენები.

Choanoflagellate-იებს, რომლებსაც ხშირად უწოდებენ ცხოველთა უახლოეს ცოცხალ ნათესავს, აკლიათ ღეროვანი უჯრედები. ამის ნაცვლად, Sox2-ისა და POU გენების მათი ვერსიები, სავარაუდოდ, არეგულირებდნენ უჯრედულ ძირითად ფუნქციებს. ეს უძველესი როლები მოგვიანებით მრავალუჯრედიანმა ორგანიზმებმა აირჩიეს ღეროვანი უჯრედების ფორმირებისა და ქსოვილების სპეციალიზაციისთვის.

კვლევას შეუძლია რევოლუცია მოახდინოს რეგენერაციულ მედიცინაში. ეს ღეროვანი უჯრედების თერაპიის დახვეწისა და უჯრედების რეპროგრამირების ახალ გზებს გვთავაზობს.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.